Thumbnail
  • საფრანგეთი 1:0 პერუ
  • 1:0 მბაპე (34)

"ეკატერინბურგ არენაზე" შეხვედრა მაღალ ტემპში წარიმართა. დიდიე დეშამის გუნდმა თავიდანვე აქტიურად შეუტია. პირველ 20 წუთში პერუელთა კარს ანტუან გრიზმანი, პოლ პოგბა და რაფაელ ვარანი დაემუქრნენ.

მიუხედავად იმისა, რომ თამაში დიდწილად პერუელთა ნახევარზე მიმდინარეობდა, ანგარიშის გახსნის ძალიან რეალური მომენტი რიკარდო გარეკას შეგირდებსაც ჰქონდათ. 31-ე წუთზე საფრანგეთი უგო ლორისმა იხსნა, როდესაც ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან პაოლო გერერო ურტყამდა. 

რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე პედრო გალიესე გადაურჩა გაშვებულ გოლს მას შემდეგ, რაც პოგბას გადაცემის შემდეგ, კილიან მბაპე ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას.

ფრანგთა 19 წლის 10 ნომერმა წადილის ასრულება ამ ეპიზოდიდან 30 წამში მოახერხა. პერუელთა მცველის შეცდომისა და პოგბას პასის შემდეგ, ოლივიე ჟირუ ურტყამდა. ბურთი გალისიეს მოხვდა და ცარიელი კარისკენ წავიდა. იქვე მყოფმა მბაპემ კი ფეხი მიაყოლა. 

1:0 მბაპე (34)

19 წლისა და 183 დღის კილიან მბაპე გახდა საფრანგეთის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც მუნდიალზე გაუტანია. 1998 წლიდან რეკორდი დავიდ ტრეზეგეს ეკუთვნოდა (20 წლის და 246 დღის).

ტაიმის მიწურულს იყო კიდევ ფრანგების ეფექტური კომბინაცია, მაგრამ ლუკა ერნანდესმა ორჯერ ვერ დაარტყა ხელსაყრელი პოზიციიდან. 

ისევე როგორც მთელი პირველი ტაიმი, მეორე ნახევარიც მაღალ ტემპში დაწყო. ხუთ წუთში კი, ჯეფერსონ ფარფანის გადაცემის შემდეგ, პედრო აკინომ დაახლოებით 30 მეტრიდან გაისროლა და ბურთი ფრანგთა კარის ძელისა და ხარიხის გადაბმას შეახეთქა. ლორისსა და მთელ საფრანგეთს ძალიან გაუმართლა.

აქედან მოყოლებული, ფრანგებმა საკუთარ ნახევარზე დაიხიეს, პერუმ კი შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. რიკარდო გარეკას ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებდნენ გასატანად, მაგრამ დიდიე დეშამის გუნდმა დაცვაში პრაქტიკულად უშეცდომოდ, მთლიანობაში კი პრაგმატულად ითამაშა და დასახულ მიზანს მიაღწია.

საფრანგეთის ნაკრებმა მუნდიალზე მეორე მატჩიც მოიგო, 6 ქულით C ჯგუფში გალიდერდა და 1/8-ფინალში თამაში გაინაღდა. პერუს ნაკრებმა კი, რომელიც ქულის გარეშეა, ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საფრანგეთი დანიას დაუპირისპირდება, პერუ კი - ავსტრალიას (ორივე 26 ივნისს).

► უგო ლორისმა საფრანგეთის ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა. ტოტენჰემის 31 წლის გოლკიპერი ეროვნული გუნდის ღირსებას 2008 წლიდან იცავს. ამ მხრივ რეკორდსმენი ლილიან ტურამია - 142 მატჩი.

► საფრანგეთის ნაკრები მესამე გუნდია მიმდინარე მუნდიალზე, რომელმაც პლეი ოფის საგზური გაინაღდა. მანამდე ეს რუსეთისა და ურუგვაის ნაკრებებმა შეძლეს.

► საფრანგეთის ნაკრებმა სამხრეთამერიკულ გუნდებთან მუნდიალებზე ზედიზედ მე-7 მატჩში შეინახა კარი მშრალად. ბოლოს ფრანგებმა გოლი 1986 წელს, ბრაზილიელებისგან გაუშვეს.

► საფრანგეთის ნაკრები სამხრეთამერიკულ გუნდებთან მუნდიალებზე ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში დაუმარცხებელია - 3 მოგება, 4 ფრე. ბოლოს ფრანგებმა 1978 წელს არგენტინასთან წააგეს.

მატჩის გმირი: კილიან მბაპე

სტატისტიკური მონაცემებით, მბაპე მოედანზე საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთის ნაკრებმა სწორედ მისი გოლის წყალობით მოიგო და თან, 19 წლის ფრანგი თავისი ეროვნული გუნდის ისტორიაში შევიდა, როგორც მუნდიალებზე გატანილი გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი, უსამართლობა იქნებოდა, არჩევანი სხვაზე შეგვეჩერებინა. 

მატჩის იმედგაცრუება: კრისტიან რამოსი

პერუელთა ცენტრალური მცველი ძალიან არადამაჯერებელი იყო. 7-იდან 7 წაგებული ორთაბრძოლა, 2 გაშვებული დრიბლინგი, არცერთი ბლოკირება, არცერთი მოგერიება… რამოსი ფრანგების წინააღმდეგ უბრალოდ უსუსურად გამოიყურებოდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები