Thumbnail
  • დანია 1:1 ავსტრალია
  • 1:0 ერიკსენი (7), 1:1 ედინაკი (38, პენალტი)

სათამაშო დღის პირველი მატჩი სამარაში გაიმართა. დანიელებმა ავსტრალიასთან ფრედ დაასრულეს მატჩი და 4 ქულით C ჯგუფში დროებით გალიდერდნენ. მოგვიანებით ამ ჯგუფში საფრანგეთი და პერუ ითამაშებენ...

აგე ჰარეიდეს გუნდმა "სამარა არენაზე" თამაში შედარებით აქტიურად დაიწყო და მიზანსაც მალევე მიაღწია - ნიკოლაი იერგენსენმა ბურთი ტექნიკურად დაუგდო კრისტიან ერიკსენს და ამ უკანასკნელმაც უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში.

1:0 ერიკსენი (7)

დანიელებს მეტოქეზე წნეხი ერთბაშად არ გაუნელებიათ და 24-ე წუთზე, ჰენრიკ დალსგორის პასის შემდეგ, იორგენსენს თავით ცოტა ზუსტად რომ ეთამაშა, უპირატესობა ორბურთიან000ი გახდებოდა.

მაგრამ ავსტრალიელებმა სათამაშო უპირატესობის მოპოვება ნელ-ნელა მაინც მოახერხეს, ვითარების გამოსწორება კი ნახევარი საათის გასვლის შემდეგ შეძლეს და ამაში არბიტრი და ვიდეოასისტენტი დაეხმარათ.

კუთხურის შემდეგ, მეტიუ ლეკი თავით ურტყამდა, ბურთი კი ხელზე იუსუფ პოულსენს მოხვდა. ესპანელ არბიტრ ანტონიო ლაოსს ეპიზოდი გამორჩა, თუმცა მოგვიანებით VAR-ს მიმართა, 11-მეტრიანი დანიშნა და პოულსენი კი ყვითელი ბარათით დასაჯა. ეს უკანასკნელი საფრანგეთთან მომდევნო მატჩს გამოტოვებს.

კასპერ შმეიხელმა ავსტრალიელთა კაპიტან მაილ ედინაკს დარტყმის მიმართულება ვერ გამოუცნო და ამით დანიელთა რეკორდული “მშრალი” სერია შეწყდა. 

1:1 ედინაკი (38)

შესვენებამდე ვითარება აღარ შეცვლილა. ტაიმის მიწურულს თავისი გუნდი კინაღამ ტრენტ სეინსბერიმ დააღალატა, რომლის მუხლიდან ასხლეტილი ბურთი ავსტრალიელთა მეკარე მეტიუ რაიანმა მაინც დააფიქსირა.

მეორე ნახევარიც დანიელთა დომინირებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ავსტრალიელებმა მოუმატეს. პიონე სისტოს დარტყმას მოგვიანებით აარონ მუიმ საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი გასროლით უპასუხა.

ერთ ეპიზოდში კი დანიელთა მეკარე კრისტიან შმეიხელმა შეარცხვინა ლეგენდარული მამა - პეტერი.

მეორე ტაიმში უფრო მეტად ავსტრალია უტევდა, დანიელები კი, რომლებისთვის ფრე უფრო მისაღები შედეგი იყო, კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და საბოლოოდ ამ მიზანს მიაღწიეს კიდეც.

აგე ჰეირედეს გუნდს 4 ქულა და პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს, მთლად უიმედოდ კი არც ავსტრალიელები (1 ქულა) არიან, თუმცა, უფრო მეტი კი ამ ჯგუფში მოგვიანებით გასამართი საფრანგეთი-პერუს მატჩის შემდეგ გვეცოდინება.

► დანია-ავსტრალიის მატჩში დანიშნული პენალტი რუსეთში მიმდინარე მუნდიალზე მეთერთმეტეა. ბრაზილიაში, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჯამში 10 11-მეტრიანი იყო. 

► დანიის ნაკრები წაუგებელ სერია აგრძელებს, რომელიც 2016 წლის 11 ნოემბრიდან იწყება (ყაზახეთთან 4:1) და 17 მატჩისგან შედგება. ბოლოს დანიელებმა მონტენეგროსთან წააგეს - 0:1.

► ფიფას მონაცემებით, ამ თამაშის შემდეგ რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მატჩებზე დამსწრეთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

 

მატჩის გმირი: კრისტიან ერიკსენი 

დანიის ნაკრების ლიდერმა მუნდიალის შესარჩევში ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, თავი ფინალურ ეტაპზეც გამოიჩინა. ტოტენჰემის 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა პირველ მატჩში პერუსთან საგოლე პასს ამჯერად უკვე გოლი მიუმატა. ერიკსენის ეფექტური დარტყმის წყალობით, დანიელებს ავსტრალიასთან შესანიშნავი დასაწყისი გამოუვიდათ, მაგრამ შემდეგ დაშვებული შეცდომის გამო, უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

მატჩის იმედგაცრუება: იუსუფ პოულსენი

დანიელმა თავდამსხმელმა წინა მატჩისგან განსხვავებით, რომელშიც ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, ავსტრალიასთან შეხვედრაში საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. პოულსენის შეცდომა VAR-მა დააფიქსირა, რასაც დანიის კარში პენალტი და გოლი მოჰყვა. ყველაფერთან ერტად, 24 წლის ფეხბურთელმა, რომელიც მწვრთნელმა მეორე ტაიმში გამოცვალა, იმ ეპიზოდში ყვითელი ბარათიც მიიღო და გუნდს მომდევნო შეხვედრაში საფრანგეთთან ვერ დაეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები