Thumbnail
  • 22 ივნისი / სანკტ პეტერბურგი / 16:00 / ბრაზილია V კოსტა რიკა
  • ოფიციალური ინფორმაციით, ნეიმარს სერიოზული არაფერი ჭირს

მუნდიალის მეორე მატჩში ტიტეს ბრაზილიამ უნდა დაამტკიცოს, რომ შვეიცარიასთან ფრე უსიამოვნო გამონაკლისი იყო, რომ "სელესაო" მუნდიალის ნამდვილი ფავორიტია. საამისოდ ბრაზილიის ნაკრებს შესაფერისი მეტოქე ჰყავს - კოსტა რიკის გუნდი.

კოსტარიკელებმა ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ყველა გააკვირვეს, მაგრამ მოულოდნელობის ეფექტი გასულია, ახლა უკვე ყველამ კარგად იცის, რომ მათაც ჰყავთ კარგი ფეხბურთელები. კიდევ ერთი რამ, რისი წყალობითაც ბრაზილია კოსტა რიკასთან აშკარა ფავორიტია, ისტორიაა - წარმოიდგინეთ "სელესაო" კოსტა რიკის ნაკრებს 10-ჯერ დაუპირისპირდა და 9-ჯერ მოუგო.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ფილიპე კოუტინიომ საოცარი გოლი გაუტანა შვეიცარიის ნაკრებს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ახლა ბრაზილიელებს 3 ქულა ჰაერივით ესაჭიროებათ. 

კოსტა რიკის ნაკრებმა პირველი მატჩი სერბეთის გუნდთან დათმო - 0:1. კონკაკაფის ზონაში მეორე ადგილზე გასული გუნდისთვის კიდევ ერთი წაგება მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენის ტოლფასი იქნება. ოსკარ რამირესის გუნდისთვის კი "სელესაოსთან" დადებითი შედეგის მოპოვება ძალიან რთული იქნება. 

ბრაზილიის ნაკრების ვარჯიში

ახლა მთავარზეც, ორიოდე დღის წინათ ნეიმარმა 15 წუთის დაწყებული ვარჯიში მიატოვა ტრავმის გამო. მისი თამაში კოსტა რიკასთან საეჭვოა. ტიტე, თუ ოდნავ მაინც შეეჭვდება მის მზადყოფნაში, ნეიმარს მოედანზე არ გაიყვანს, რადგან ბრაზილიას მის გარეშეც შეუძლია კოსტა რიკასთან წარმატებაზე ფიქრი. ნეიმარმა ვერც გუშინ მოახერხა ვარჯიშის ჩამთავრება. პსჟ-ს ფორვარდმა მარჯვენა ტერფის ტკივილი იგრძნო და მწვრთნელებმა ის მოედანს გაარიდეს. ბრაზილიის ნაკრების ექიმებმა განაცხადეს, რომ ნეიმარს სერიოზული არაფერი სჭირს, ბოლო ვარჯიშების ნაცვლად ის ინდივიდუალურად მოემზადება. ასევე საეჭვოა ფრედის თამაშიც "სელესაოს" რიგებში. 

ფილიპე კოუტინიო: "ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მისი გუნდში ყოლა დიდი პლუსია ჩვენთვის, ის ყოველთვის ცდილობს და ახერხებს სივრცეების შექმნას". 

კოსტარიკელთა შემადგებლობაში კრისტიან ბოლანიოსს სასტარტოში უნდა ველოდოთ, რადგან ის შეცვლაზე კარგად შემოვიდა სერბეთთან დაპირისპირებაში. 

საინტერესო ფაქტები

► ბრაზილიის ნაკრებმა მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირზე 41 გოლი გაიტანა

► ბრაზილია აქამდე 10-ჯერ შეხვდა კოსტა რიკას და 9-ჯერ მოუგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (გოლები 32:9). 

► როგორც წესი, ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში ბევრი გოლი გადის -10-დან  7 შემთხვევაში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

► აქედან ორი მატჩი მუნდიალებზე გაიმართა და ორივე ბრაზილიის გამარჯვებით დასრულდა.

► ბრაზილიის ნაკრებმა ბოლო 23 მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო (17 მოგება, 5 ფრე) და 15-ში სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.

► კოსტა რიკის ნაკრებმა ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ორში მოახერხა გამარჯვება. 

სავარაუდო შემადგენლობები

ბრაზილია (4-3-3): ალისონი - დანილო, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო - პაულინიო, კაზემირო, კოუტინიო - ვილიანი, გაბრიელ ჟეზუში, ნეიმარი

კოსტა რიკა (3-4-2-1): ნავასი - აკოსტა, გონსალესი, დუარტე - გამბოა, ბორხესი, გუზმანი, კალვო - რუისი, ბოლანიოსი - ურენია

მსაჯი: ბ. კუიპერსი (ჰოლანდია)

კომენტარები

ბოლო ამბები