Thumbnail
  • ურუგვაი 1:0 საუდის არაბეთი | 1:0 სუარესი (23)
  • ურუგვაის ნაკრებმა მუნდიალის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდს მინიმალური ანგარიშით მოუგო
  • თუ ბოლო ტურში რუსეთი ურუგვაისთან ფრეს მიაღწევს, ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა პირველი მატჩის შემდეგ (ეგვიპტესთან 1:0), ძირითადი შემადგენლობიდან ორი ფეხბურთელი, ორივე გარემარბი შეცვალა: მარჯვენა ფლანგზე თამაში ნანდესის ნაცვლად სანჩესმა დაიწყო, ხოლო მარცხნივ დე არასკაეტას ნაცვლად, როდრიგესი ვიხილეთ.

მისმა ვიზავიმ, საუდელთა თავკაცმა ხუან ანტონიო პიციმ, რუსეთთან განადგურების (0:5) შემდეგ 4 ცვლილება განახორციელა: კარში ალ-მაიუფის ნაცვლად ალ-ოვაისი ჩააყენა, გარდა ამისა, სკამზე დასვა კაპიტანი ომარ ჰავსავი, ალ-შეჰრი და ალ-შაჰლავი, ძირითადში კი ალ-ბულაიჰი, ბეჰებრი და ალ-მუვალადი გაამწესა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ბრძოლაში ბევრი გოლის გატანა სჭირდებოდა, ურუგვაელებმა პირველივე წუთიდან უკანმოუხედავად არ შეუტიეს. ტაბარესის გუნდმა თამაში მძიმედ დაიწყო და პირველ წუთებში საუდის არაბეთი ბურთს უფრო დიდხანს ფლობდა. 

თუმცა კლასმა მაინც თავისი გაიტანა: 23-ე წუთზე ურუგვაელები ისევ სტანდარტული მდგომარეობის მეშვეობით დაწინაურდნენ. სანჩესის კუთხურის შემდეგ, საუდელთა მეკარე გამოსვლისას შეცდა, ლუის სუარესმა მას მადლობა გადაუხადა და ახლო დისტანციდან ანგარიში გახსნა.

სუარესისთვის ეს ურუგვაის ნაკრების ფორმით მე-100 მატჩში 52-ე გოლი იყო!

1:0 სუარესი (23)

ასე გახსნა ანგარიში ლუის სუარესმა

ტაბარესის გუნდმა პირველ ტაიმში მინიმალური მონდომებით ითამაშა და რომ არა საუდელთა მეკარის შეცდომა, შესვენებაზე ტაბლოზე 0:0 იქნებოდა დაფიქსირებული.

ვინც ფიქრობდა, რომ ურუგვაის ნაკრები მეორე ტაიმში მოუმატებდა, შეცდა. ტაბარესის გუნდმა ტემპს ოდნავადაც არ მოუმატა - უფრო პირიქით. ურუგვაის მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმა ჰყავს, მაგრამ არ ჰყავს ისეთი ნახევარმცველი (ან, უკეთეს შემთხვევაში, ნახევარმცველები), ვინც კავანიმდე და სუარესამდე ბურთს მიიტანს, ბოლო პასს გააკეთებს.

მეორე ტაიმის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი

სწორედ ამიტომ, ურუგვაიმ მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი მხოლოდ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ის ერთადერთი გოლიც კუთხურიდან, მეკარის შეცდომის წყალობით გაიტანა.

ამრიგად, ბოლო ტურის წინ რუსეთს და ურუგვაის 6-6 ქულა აქვთ და ჯგუფიდან გასულები არიან. გასარკვევი მხოლოდ ის არის, რომელი დაიკავებს პირველ ადგილს. რუსები და ურუგვაელები მესამე ტურში ერთმანეთს ხვდებიან - ურუგვაის ნაკრებს პირველი ადგილის დასაკავებლად მხოლოდ მოგება დასჭირდება. ფრე რუსეთის ნაკრებს აწყობს, რადგან ბურთების გაცილებით უკეთესი სხვაობა აქვს (+7).

გოლის გატანა ედინსონ კავანისაც შეეძლო

საინტერესო ფაქტები

► ლუის სუარესმა ეროვნულ ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა და გახდა მეექვსე ურუგვაელი, რომელმაც ამ ზღვარს მიაღწია.

► მსოფლიოს ჩემპიონატებზე ურუგვაის ნაკრების ბოლო 15 გოლიდან სუარესს 8 გოლში უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული - 6 გოლი, 2 საგოლე პასი.

► სუარესი პირველი ურუგვაელი ფეხბურთელია, რომელმაც სამ მუნდიალზე გაიტანა (2010, 2014 და 2018).

► ურუგვაის ნაკრებმა 1954 წლის შემდეგ, მუნდიალი ორი მოგებით პირველად დაიწყო.

მატჩის გმირი: დიეგო გოდინი

რაკი ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში წინახაზელებმა ვერ ივარგეს, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას უდავოდ დაცვის ბურჯი დიეგო გოდინი იმსახურებს. ამ უკანასკნელმა საუდელ ფეხბურთელებს არაფერი გააბედინა და შეტევებშიც შესანიშნავად ერთვებოდა. ამასთან, გოდინმა გოლშიც მიიღო მონაწილეობა - მეკარესთან ერთად მაღალ ბურთზე იბრძოლა და მას ბურთის დამორჩილებაში ხელი შეუშალა (უჯარიმოდ!).

იმედგაცრუება: მოჰამედ ალ-ოვაისი

როგორც ჩანს, საუდის არაბეთის პრინცი რუსეთთან 0:5 განადგურებით ძალიან გაბრაზებული იყო. არ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ მან უბრძალა მწვრთნელს რამდენიმე ფეხბურთელის შეცვლა. ერთ-ერთი ახალი სწორედ ალ-ოვაისი გახლდათ, რომელიც მეკარეა. მან უფრო უარესად ითამაშა, ვიდრე რუსეთთან გუნდის პირველმა მეკარემ. ურუგვაის ნაკრების ერთადერთი გოლი სწორედ მის სინდისზეა.

ბოლო ტურის წინ A ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა

კომენტარები

ბოლო ამბები