Thumbnail
  • პორტუგალია 1:0 მაროკო
  • 1:0 რონალდო (4)

რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მეორე ტურის პირველი შეხვედრა B ჯგუფში ჩატარდა. ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა პორტუგალიამ, მორიგი გოლი გაიტანა კრიშტიანომ, ხოლო მაროკოს ნაკრებმა 1/8-ფინალში გასვლის შანსი დაკარგა.

"ლუჟნიკიზე" გამართულ შეხვედრაში ანგარიში დებიუტშივე, კრიშტიანოს გოლით გაიხსნა. სილვამ კუთხურიდან საჯარიმო მოედნის ცენტრში ჩააწოდა, მაროკოელმა მცველებმა კი ბურთი არცთუ შორს გაიტანეს. საჯარიმოს მისადგომებიდან გერეირომ კარისკენ დაარტყა, ბურთი და კოშტას მოხვდა და მოედანი დატოვა. სილვას შესრულებული განმეორებითი კუთხურისას რონალდომ ყველას დაასწრო და მუნდიალზე მეოთხე გოლი გაიტანა.

1:0 რონალდო (4)

პორტუგალიელთა კაპიტანს დუბლის შესრულება უკვე ხუთ წუთში შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი სანტიმეტრებით აცდა მაროკოელთა კარს.

ცუდი სტარტის შემდეგ, მაროკოელები გააქტიურდნენ, პორტუგალიის ნაკრებს კი მეტწილად კარის უსაფრთხოებაზე უწევდა ზრუნვა. ანგარიშის გათანაბრების ძალიან კარგი შანსი ჰქონდა მედჰი ბენატიას და გონსალო გედეშს. 

მეორე ტაიმში აფრიკელებმა კიდევ უფრო მოუმატეს, უბრალოდ, რიგ ეპიზოდებში ფატალურად არ უმართლებდათ, ზოგჯერ კი პორტუგალიელთა მეკარე რუი პატრისიო თამაშობდა ბრწყინვალედ.

მაროკოელებს არც არბიტრის გადაწყვეტილებებში უმართლებდათ - 81-ე წუთზე პენალტს ითხოვდნენ და სამართლიანად, პეპეს ბურთი აშკარად ხელზე მოხვდა.

პეტრისიუს კართან წნეხი ბოლო წამებამდე არ განელებულა. მაროკოელებმა იბრძოლეს, გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ ბენატიას, ზიეშს, მაგრამ ეს დღე არ იყო მათი. 

პორტუგალიამ გაიმარჯვა და ჯგუფში გალიდერდა, მაროკომ კი ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.

ანალიზი და საინტერესო ფაქტები

ერვე რენარის გუნდმა პორტუგალიელთა წინააღმდეგ საკმაოდ შთამბეჭდავად ითამაშა. მე-4 წუთზე მიღებული გოლის შემდეგ, პრაქტიკულად, ბოლო წამებამდე იბრძოდა და ქმნიდა პატრისიოს კართან მომენტებს, მაგრამ გატანა ვერაფრით მოახერხა. მეორე მარცხის შემდეგ, მაროკოს საკმაოდ სიმპათიურ, მაგრამ უიღბლო ნაკრებს ⅛-ფინალში გასვლის თეორიული შანსიც აღარ აქვს და რუსეთს ბოლო ტურში ესპანეთთან თამაშის შემდეგ ოფიციალურად დაემშვიდობება.  

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონს, ფერნანდო სანტუშის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება თავისი ლიდერის ბომბარდირული თვისებისა და მეკარის ბრწყინვალე გარჯის, ასევე - იღბლის წყალობით იზეიმა და დიდი ნაბიჯი გადადგა პლეი ოფისკენ. სხვა საკითხია, რომ პორტუგალიელთა თავკაცს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მისი გუნდის ნაჩვენები თამაშის მკაცრად განხილვა დასჭირდება, მაგრამ ვინაიდან გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, დასკვნების გამოსატანად დაველოდოთ პორტუგალიელთა მომავალ მატჩს (მატჩებს). 

► მაროკოს ნაკრები პირველი გუნდია, რომელმაც 2018 წლის მუნდიალის პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა. 

► გოლი მაროკოს კარში რონალდოსთვის სანაკრებო კარიერაში 85-ეა. ამით მან აჯობა ფერენც პუშკაშს, რომლის ანგარიშზე 84 გოლია. კრიშტიანოზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ირანელ ალი დაეის აქვს - 109 გოლი. 

► რონალდოს მუნდიალებზე 2006, 2010 და 2014 წლების მუნდიალებზე 3 გოლის გასატანად, 70 დარტყმა დასჭირდა... რუსეთში კი 5 დარტყმაში უკვე 4-ჯერ გაიტანა!

► პორტუგალიის ნაკრებმა შური იძია 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი მარცხითვის. მაშინ, მექსიკაში ჩატარებულ მუნდიალზე, მაროკომ პორტუგალიას 3:1 მოუგო და ჯგუფში ჩატოვა.

მატჩის გმირი: კრიშტიანო რონალდო

რა თქმა უნდა, პორტუგალიის ნაკრები მაროკოსთან წარმატებას მეკარე რუი პატრისიოსა და იღბალსაც უნდა უმადლოდეს, მაგრამ რომ არა მისი კაპიტნისა და მთავარი ბომბარდირის თავური, როგორ წარიმართებოდა და დასრულდებოდა თამაში, ძნელი სათქმელია. მართალია, კრიშტიანო მაროკოსთან უფრო ნაკლებად ეფექტური იყო, ვიდრე წინა მატჩში ესპანეთთან, მაგრამ მისმა ადრეულმა გოლმა დიდწილად განაპირობა მატჩის შედეგი და ჩვენი არჩევანიც მასზე, ვფიქრობთ, ლოგიკურია.

მატჩის იმედგაცრუება: მედჰი ბენატია

მაროკოელთა კაპიტანი ბევრჯერ აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში, რაც უდაოდ 31 წლის მცველის აქტიურობის შედეგია, მაგრამ მუნდიალი ნამდვილად არაა ის ადგილი, სადაც ამდენი მომენტის გამოუყენებლობას პატიობენ. იუვენტუსის ფეხბურთელი ოთხჯერ დაემუქრა პატრისიოს კარს, მაგრამ გულშემატკივრებს იმედები ვერცერთხელ გაუმართლა. 

კომენტარები

ბოლო ამბები