Thumbnail

კუპერს უმაქნისი მწვრთნელი უწოდეს - ეგვიპტელები ყველაფერს არგენტინელს აბრალებენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რუსეთთან მარცხის შემდეგ ეგვიპტელები კუპერს აკრიტიკებენ
  • არგენტინელი სპეციალისტი თანამდებობაზე ალბათ არ დარჩება

ეგვიპტეში იმედი ჰქონდათ, რომ მათი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპს გადალახავდა, მაგრამ “ფარაონებმა” პირველი ორი მატჩი წააგეს (ურუგვაისთან და რუსეთთან). მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის ნაკრებისთვის მუნდიალზე გასვლაც უდიდესი წარმატებაა, რუსეთთან მარცხის შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. არადა, შეგახსენებთ, რომ კუპერმა ეგვიპტე მსოფლიოს ჩემპიონატზე 28-წლიანი პაუზის (!) შემდეგ გაიყვანა.

“მისტერ კუპერ, გთხოვთ, წადით!” - ასე დაასათაურა რუსეთთან მარცხის შემდეგ გაზეთ ალ-მასრი-ალ-იუმის” მთავარმა რედაქტორმა თავისი სვეტი. მის მოთხოვნას ეგვიპტელ გულშემატკივართა უმრავლესობა იზიარებს. ეგვიპტელების აზრით, ნაკრების დამრიგებელი ეგვიპტელი უნდა იყოს. ხსენებული ჟურნალისტი საქართველოს ნაკრების ყოფილ დამრიგებელს “უმაქნის მწვრთნელს” უწოდებს.

მეორე სოლიდური ეგვიპტური გამოცემის, “ალ ვატანის” მიმომხილველი წერს, რომ ეგვიპტის ნაკრების ფეხბურთელებმა კონცენტრაცია დაკარგეს და ამაში დამნაშავე ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციაა. “მუნდიალის წინ ზედმეტად დიდი ყურადღება დაეთმო სარეკლამო რგოლებს, სპონსორებისთვის თავის მოწონებას და ა.შ. ფეხბურთელები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სარეკლამო კონტრაქტებს ეძებდნენ. მოკლედ, ეგვიპტის ნაკრები ყველამ ფულის საშოვნელად გამოიყენა - მხოლოდ ფანები ქომაგობენ გუნდს უსასყიდლოდ,” - წერს ჟურნალისტი.

კუპერი: "თუ ეგვიტეში ჩემი მუშაობით უკმაყოფილოები არიან, იმ წამსვე ჩემი ინიციატივით წავალ!"

რუსეთთან მატჩის შემდეგ, საკუთარ მომავალზე თავად კუპერმაც ისაუბრა: “რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ. ახლა მთავარია, მუნდიალი მაქსიმალურად კარგად დავასრულოთ, მერე კი ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ყველაფერი მხოლოდ ჩემზეც არაა დამოკიდებული - თუ ეგვიტეში ჩემი მუშაობით უკმაყოფილოები არიან, იმ წამსვე ჩემი ინიციატივით წავალ,” - განაცხადა 62 წლის არგენტინელმა, რომელიც საქართველოს ნაკრებს 2008-დან 2010 წლამდე წვრთნიდა.

კუპერს ეგვიპტელებთან კონტრაქტი მუნდიალის შემდეგ უმთავრდება.

კომენტარები

ბოლო ამბები