Thumbnail
  • რუსეთი 3:1 ეგვიპტე
  • 1:0 ფათჰი (47 ავტოგოლი), 2:0 ჩერიშევი (59), 3:0 ძიუბა (62), 3:1 სალაჰი (73-პენ)

მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური დაიწყო და კიდევ ერთი იოლი გამარჯვებით რუსეთის ნაკრებმა პლეი ოფის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა. მუნდიალის მასპინძელმა ეგვიპტის ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც პირველად გამოჩნდა მოჰამედ სალაჰი, 3:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ცოცხალი თამაში გაიმართა. რუსი მცველები მოჰამედ სალაჰს მჭიდროდ მეურვეობდნენ, მან მხოლოდ ერთხელ შეძლო ხიფათის შექმნა, მაგრამ ააცილა.

მეორე ტაიმში კი რუსების უპირატესობა აშკარა გახდა და ეგვიპტელთა კარში ზედიზედ სამი გოლი ვიხილეთ. 

1:0 ფათჰი (ავტოგოლი) (47)

ეგვიპტელთა კაპიტანმა მუხლით უნებურად ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. დარტყმული საკმაოდ შორეული იყო, მაგრამ ეგვიპტელთა მეკარემ რეაგირება ვერ მოასწრო.

2:0 ჩერიშევი (59)

დენის ჩერიშევის წამოწყებული კომბინაცია მანვე დაასრულა, მარჯვნიდან ფერნანდეშმა ვილიარეალის ფეხბურთელი მოძებნა და მანაც მუნდიალზე მესამე გოლი გაიტანა.

3:0 ძიუბა (62)

არტიომ ძიუბამ კუტეპოვის პასი მიიღო, ბურთი მკერდით ჩამოიღო, მეტოქე მოატყუა და გაიტანა.

3:1 სალაჰი (73-პენ)

ზობნინმა თამაშის წესი დაარღვია, თავიდან მსაჯმა ჯარიმა დანიშნა, მაგრამ ვიდეორეფერის (VAR) რჩევით პენალტი დანიშნა. მოჰამედ სალაჰმა პენალტი გაიტანა. 

თამაში დაიძაბებოდა, რუსეთის კარში აშკარა პენალტი რომ დაედო მსაჯს, თუმცა მან ვერ გარისკა მასპინძელთა კარში ზედიზედ მეორე პენალტის დანიშვნა და არც ვიდეორეფერის უკარნახია რამე...

ანალიზი და საინტერესო ფაქტები

მოჰამედ სალაჰმა ითამაშა და რაც შეეძლო ყველაფერი გაიღო, მაგრამ ცხადი იყო, რომ ის საუკეთესო ფორმაში არ იყო და რუსი მცველებიც მჭიდროდ მეურვეობდნენ ეგვიპტელთა ლიდერს. რუსეთი ამ მუნდიალზე აღმაფრენით თამაშობს, თუმცა გადამწყვეტი მომენტი მაინც ეგვიპტელთა კაპიტნის, აჰმედ ფათჰის ლაფსუსი იყო მეორე ტაიმის დასაწყისშივე. ამან მოშალა ეგვიპტელთა გუნდი და სანამ ექტორ რაულ კუპერის შეგირდები გონს მოეგნენ, რუსეთის ნაკრებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხა.ეგვიპტეს მატჩში დაბრუნება კი უკვე მსაჯმა (თავის ვიდეორეფერიანად) აღარ დაანება.

► რუსეთის ნაკრები ძალიან ახლოსაა ისტორიაში პირველად მუნდიალის პლეი ოფში გასვლასთან. ამისთვის საკმარისია 20 ივნისს ურუგვაის ნაკრებმა საუდის არაბეთთან არ წააგოს. 

► ეგვიპტის ნაკრებს მუნდიალზე ევროპული ნაკრებებისთვის ჯერ არ მოუგია - 2 ფრე, 3 წაგება.

► რუსეთის ნაკრებს ორ მატჩში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი. 

მატჩის გმირი: არტიომ ძიუბა (რუსეთი)

არტიომ ძიუბა (მარცხნივ)

ორ ფეხბურთელს შორის უნდა შეგვერჩია, არტიომ ძიუბასა და დენის ჩერიშევს შორის. ორივემ თითო გოლი გაიტანა და შესანიშნავად ითამაშა. ფიფას საიტზე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჩერიშევი დასახელდა. ჩვენ კი ძიუბასკენ გადავიხრებით. ჩერჩესოვმა ძიუბა სმოლოვს არჩია და საუდის არაბეთთან მატჩში კარგად ჩართვისთვის სასტარტოში დააწინაურა, არც უნანია - არტიომმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა, უკვე მეორე მუნდიალზე. 

მატჩის იმედგაცრუება: აჰმედ ფათჰი (ეგვიპტე)

ეგვიპტის ნაკრების მარჯვენა მცველმა და კაპიტანმა მეორე ტაიმის დასაწყისში უპატიებელი შეცდომა დაუშვა. სწორედ მისი ავტოგოლის შემდეგ "დაიშალა" კუპერის გუნდი და გონს გვიანღა მოეგო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები