Thumbnail
  • პოლონეთი 1:2 სენეგალი | 0:1 ციონეკი (ავტოგოლი. 37), 0:2 ნიანგი (60), 1:2 კრიხოვიაკი (86)
  • ადამ ნავალკას გუნდს ორი შეცდომა ორ გაშვებულ გოლად და წაგებად დაუჯდა
  • მუნდიალზე ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის ბოლო მატჩი მოსკოვში, "ოტკრიტიე არენაზე" ჩატარდა და აფრიკული გუნდის დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა. ადამ ნავალკას შეგირდებმა, რობერტ ლევანდოვსკის მეთაურობით, ძალიან უფერული თამაში აჩვენეს. 

H ჯგუფის მეორე შეხვედრა ორმხრივი იერიშებით დაიწყო. პირველ ნახევარ საათში ევროპელთა კარის მიმართულებით დიუფი და ნიანგი ურტყამდნენ, საპირისპირო მხარეს კი გროსიცკი და ლევანდოვსკი, მაგრამ კარის ჩარჩოში ბურთი არცერთ შემთხვევაში წასულა.

და როდესაც წავიდა, გოლით დასრულდა. უფრო ზუსტად - ავტოგოლით. 37-ე წუთზე, სადიო მანემ დასარტყმელად იდრისა გეიეს უპასა. ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ ბურთი ტიაგო ციონეკის ფეხიდან პოლონელთა კარში აღმოჩნდა. 

0:1 ციონეკი (37)

მთლიანობაში, არცთუ შთამბეჭდავ პირველი ტაიმში აფრიკელებმა უკეთესად გამოიყურებოდნენ და შესვენებაზე უპირატობით დამსახურებულად გავიდნენ.

პოლელებმა კარში პირველად მეორე ტაიმის დასაწყისში, 50-ე წუთზე დაარტყეს. სენეგალელებმა საჯარიმოს მისადგომებთან რობერტ ლევანდოვსკი წესების დარღვევით შეაჩერეს. ამ უკანასკნელმა საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა, მაგრამ ხადიმ ნდაიემ კარი ეფექტური ნახტომით იხსნა.

61-ე წუთზე პოლონელებმა უხეში შეცდომა დაუშვეს, რის შემდეგაც ბურთი მბაიე ნიანგს დარჩა. კარისკენ დაძრულ სენეგალელს ხელი ვერც წინ გამოსულმა შჩესნიმ შეუშალა. მბაიემ ბურთი ცარიელ კარში შეაგორა, ნავალკას გუნდი კი ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.

0:2 ნიანგი (60)

მბაიე ნიანგს წარმატება თანაგუნდელებმა ასე მიულოცეს:

მატჩის გადარჩენის იმედი პოლონელებს მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე მიეცათ. გჟეგოჟ კრიხოვიაკმა კამილ გროსიცკის საჯარიმოს შემდეგ, თავით ყველას დაასწრო.

1:2 კრიხოვიაკი (86)

მაგრამ პოლონელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. ადამ ნავალკას გუნდმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.

► სენეგალის ნაკრები აფრიკის კონტინენტის ერთადერთი წარმომადგენელია ხუთიდან, რომელმაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის სტარტზე გამარჯვება შეძლო.

► მბაიე ნიანგმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეტოქის კარში პირველივე დარტყმით გაიტანა.

► პოლონეთი მუნდიალis პირველ მატჩში წაგების შემდეგ, ჯგუფიდან არასდროს გასულა: ასე იყო 2002 და 2006 წლებში.

მატჩის გმირი: მბაიე ნიანგი

23 წლის თავდამსხმელი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, მეორე ტაიმში მეტოქე ფეხბურთელების უხეში შეცდომის დროს კი მაღალი სისწრაფის ხარჯზე, ბურთზე თამაში პოლონელთა მცველსაც დაასწრო და მეკარესაც. ტორინოს ფორვარდის კურიოზული გოლი, რაც მთავარია, საბოლოოდ გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა აფრიკელებისთვის.

მბაიე ნიანგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად, ფიფამაც დაასახელა. 

იმედგაცრუება: რობერტ ლევანდოვსკი

მიუნხენის ბაიერნის 29 წლის თავდამსხმელი ყველაზე აქტიური იყო თავის გუნდში, მაგრამ პოლონეთის ნაკრების გულშემატკივარი თუ ვინმესგან ელოდა მეტს, უპირველესად სწორედ ლევანდოვსკისგან. არადა, პოლონელი ბომბარდირი ნაკრების ბოლო საკონტროლო მატჩებშიც ჩვეულად ბრწყინავდა - 3 მატჩში 4 გოლი, აი, სენეგალთან კი მხოლოდ ერთი სახიფათო დარტყმით დაგვამახსოვრა თავი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები