Thumbnail
  • კოლუმბია 1:2 იაპონია | 0:1 კაგავა (6), 1:1 კინტერო (39), 1:2 ოსაკო (73)
  • იაპონიამ ისტორიაში პირველად შეძლო კოლუმბიის დამარცხება
  • მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე პირველი წითელი ბარათი დაფიქსირდა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის H ჯგუფის პირველი მატჩი გაიმართა. იაპონიის ნაკრებმა ისტორიაში პირველად შეძლო კოლუმბიის დამარცხება. 

კოლუმბიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა წინა მუნდიალის მთავარი ბომბარდირი ხამეს როდრიგესი. ბაიერნის ფეხბურთელს მცირე ტრავმა აწუხებდა და გუნდის თავკაცმა მისი თადარიგში დატოვება გადაწყვიტა. ხოსე პეკერმანისა და სრულიად კოლუმბიისთვის სარანსკში, "მორდოვია არენაზე" თამაში კი კოშმარულად დაიწყო - უკვე მესამე წუთზე იაპონელების სწრაფ კონტრშეტევას გოლი მოჰყვა.

მეკარესთან ერთი-ერთზე გასულ იუია ოსაკოს დარტყმული დავიდ ოსპინამ კი მოიგერია, მაგრამ შინჯი კაგავას დამატებულს კარლოს სანჩესმა ხელი შეაგება. 

სლოვენიელმა არბიტრმა დამირ სკომინამ კოლუმბიელს წითელი ბარათი უჩვენა და პენალტი დანიშნა. 11-მეტრიანიდან დარტყმა უნაკლოდ შეასრულა შინჯი კაგავამ, ოსპინა უძლური იყო.

0:1 კაგავა (6)

კაცნაკლულმა კოლუმბიამ იაპონელებს ბრძოლა მაინც გაუჩაღა, რამდენჯერმე რადამელ ფალკაო დაემუქრა იეძი კავაშიმას კარს. უქმად არც იაპონელები იყვნენ. პირველ ტაიმში ანგარიშის გაზრდასთან ორჯერ ძალიან ახლოს იყო იუია ოსაკო, მაგრამ ფეხბურთელმა მახვილი კუთხიდან მიზანი ვერცერთხელ გაასწორა. 

კოლუმბიელებს თავგანწირვა მაინც დაუფასდათ. 37-ე წუთზე იაპონელები საკუთარ საჯარიმოსთან ფალკაოსთან მაღალ ბურთზე ორთაბრძოლისას დაჯარიმდნენ. დარტყმა ხუან კინტერომ ეშმაკურად შეასრულა - "კედელი" ახტა, ბურთი კი მიწაზე გასრიალდა და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში შევიდა. კავაშიმამ ბურთი კი დაიჭირა, მაგრამ როგორც გოლის დადგენის ტექნოლოგიამ აჩვენა, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. 

1:1 კინტერო (39)

მეორე ტაიმი აზიელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა, პეკერმანმა მდგომარეობის გამოსწორება კი მოედანზე ბოლო ნახევარი საათით ხამეს როდრიგესის შეყვანით სცადა, მაგრამ ამან არაფერი შეცვალა.

იაპონელთა მორიგ სახიფათო იერიშს კუთხური მოყვა. კეისუკე ჰონდამ მოაწოდა, საჰაერო ორთაბრძოლა კი იუია ოსაკომ მოიგო და ბურთი ოსპინას კარის შორეულ კუთხეში გაგზავნა. 

1:2 ოსაკო (73)

პეკერმანის გუნდმა დიდი ძალებით შეუტია, გოლის გატანასთან ყველაზე ახლოს კი ხამეს როდრიგესი იყო, მაგრამ ახლო მანძილიდან მის დარტყმულს ოსაკო გადაეღობა.

თამაშის გადარჩენისთვის 10-კაციან კოლუმბიას ძალა უკვე აღარ ეყო, ენერგიულ აზიელებს კი სასურველი ანგარიშის შენარჩუნება არ გასჭირვებიათ.

ანალიზი და საინტერესო ფაქტები

კოლუმბიის ნაკრების გეგმები უკვე მესამე წუთზე გაძევებამ და მათ კარში დანიშნულმა 11-მეტრიანმა არია. გაშვებული გოლის შემდეგ პეკერმანის კაცნაკლულმა გუნდმა იბრძოლა და მიზანს პირველ ტაიმშივე მიაღწია - სტანდარტიდან გაათანაბრა, მაგრამ შესვენების შემდეგ უბრალოდ ძალა აღარ ეყო. 

მეორე ტაიმში უდიდეს სათამაშო უპირატესობას იაპონიის ნაკრები ფლობდა და აზიელების გამარჯვების გოლიც ლოგიკური იყო. პეკერმანმა თამაშის გადარჩენა ვერც ბოლო ნახევარ საათში განხორციელებული ცვლილებებით მოახერხა - ხამეს როდრიგესმა და კარლოს ბაკამ გუნდი მარცხისგან ვერ იხსნეს.

► იაპონიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამოსვლის ისტორიაში უსწრაფესი გოლი გაიტანა - მე-6 წუთი.

► 02:56-ს უჩვენებდა წამზომი, როდესაც სანჩესმა ხელით ითამაშა და გააძევეს. ეს მეორე ყველაზე სწრაფი წითელი ბარათია მუნდიალების ისტორიაში.

► მიმდინარე მუნდიალზე საჯარიმო დარტყმით უკვე 4 გოლი გავიდა - უფრო მეტი, ვიდრე 2014 წლის მუნდიალზე მთლიანად.

მატჩის გმირი: იუია ოსაკო

გერმანული კიოლნის 28 წლის თავდამსხმელმა პირველ ტაიმში ორი ძალიან ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ რაც ფეხით ვერ შეძლო, თავით გააკეთა. შესვენების შემდეგ ოსაკომ შეცდომა კუთხურის დროს გამოასწორა, როდესაც ჰონდას ჩაწოდებას თავი შეაგება და გამარჯვების გოლი გაიტანა. ამის შემდეგ იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც იაპონელი ფეხბურთელი გუნდს მხსნელად მოევლინა. ხამეს როდრიგესის ძალიან სახიფათო დარტყმას ოსაკო რომ არ გადაფარებოდა, საეჭვოა, იაპონელ მეკარეს კარი გადაერჩინა.

იმედგაცრუება: კარლოს სანჩესი

ესპანიოლის 32 წლის ნახევარმცველის გადაწყვეტილება, ხელით შეეჩერებინა კარისკენ გაფრენილი ბურთი, ალბათ უფრო ინსტიქტური იყო, ვიდრე გააზრებული. მაგრამ ფაქტია - მატჩის დებიუტშივე მიღებული გოლი და გაძევება კოლუმბიისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები