Thumbnail
  • 19 ივნისი / მოსკოვი / 19:00 / პოლონეთი V სენეგალი
  • რობერტ ლევანდოვსკი თუ სადიო მანე?

H ჯგუფის მატჩით პოლონეთისა და სენეგალის ნაკრებებს შორის, სრულდება მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური. ბოლო ნაკრებები, რომლებიც მუნდიალზე ჩაებმებიან, პოლონეთი და სენეგალი არიან. 

პოლონეთის ნაკრებს შესანიშნავი საკვალიფიკაციო ტურნირი გამოუვიდა და, როცა ბევრმა იფიქრა, რომ მათგან მუნდიალზეც ბევრს უნდა ველოდოთ, პოლონელებმა ზედიზედ 3 ამხანაგურ მატჩში ვერ გაიტანეს გოლი. თუმცა ამას ისევ გამონათება მოჰყვა - სამი შეხვედრაა, რაც პოლონეთის ნაკრები არ მარცხდება და თან ამ 3 მატჩში მან 9 გოლი გაიტანა. 

პოლონელთა ბანაკში კამილ გლიკის გამოკლების შემდეგ დაცვის ხაზზე დარდობენ. სენეგალი პირველად მუნდიალზე 2002 წელს მოხვდა. აფრიკულმა გუნდმა მაშინბე ყველა აალაპარაკა, რადგან პირველივე მატჩში მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი დაამარცხა. ახლა სენეგალელები მხოლოდ მეორე მუნდიალს იწყებენ. 

მინდორზე საინტერესო დუელს ველით - ვინ უკეთ ითამაშებს - ბაიერნის გოლების მანქანა რობერტ ლევანდოვსკი თუ ლივერპულის სუპერპროდუქტიული შემტევი სადიო მანე. 

რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი): "მართალია, რომ პოლონეთის ნაკრებისგან და პირადად ჩემგან უკვე ბევრს ელიან. პოლონელებს ძალიან უყვართ თავიანთი ნაკრები, მაგრამ მისგან ძალიან ბევრსაც ითხოვენ. ზეწოლა ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევისთვის. მინდა, ჩემი საუკეთესო თამაში ამ ტურნირზე ვითამაშო".

საინტერესო ფაქტები

► პოლონელებმა ბოლო 5 შეხვედრაში კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახეს.

► პოლონეთის ნაკრების ბოლო 12 მატჩიდან 9-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა. 

► პოლონეთის ნაკრებმა მუნდიალებზე ბოლო 6 მატჩი წააგო.

► სენეგალის ნაკრებმა ბოლო 5 ამხანაგური შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დათმო.

► სენეგალმა საკვალიფიკაციო ტურნირი დაუმარცხებლად გაიარა. 

► სენეგალის ნაკრებს მუნდიალზე მხოლოდ 1 მარცხი აქვს.

► სენეგალს ბოლო 3 ამხანაგურ თამაშში ფრე არ უთამაშია.

► ეს ორი ნაკრები ერთმანეთს პირველად ხვდება. 

სავარაუდო შემადგენლობები

პოლონეთი (4-2-3-1): შჩესნი - პიშჩეკი, ბედნარეკი, პაზდანი, რიბუსი - ლინეტი, კრიხოვიაკი - ბლაშჩიკოვსკი, ჟიელინსკი, გროსიცკი - ლევანდოვსკი 

სენეგალი (4-2-3-1): ნდიაე - გასამა, კულიბალი, სანე, საბალი - გიე, კუიატე - სარი, მანე, ნიანგი - საქო

მსაჯი: ნ. შუკრალა (ბაჰრეინი)

კომენტარები

ბოლო ამბები