Thumbnail
  • ბელგია 3:0 პანამა | 1:0 მერტენსი (47), 2:0 ლუკაკუ (69), 3:0 ლუკაკუ (75)
  • უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ბელგიამ პანამა მაინც სოლიდური ანგარიშით დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბელგიის ნაკრებმა მუნდიალზე, როგორც მოსალოდნელი იყო, კარგი სტარტი აიღო. რობერტო მარტინესის შეგირდებმა ჯგუფის აუტსაიდერი პანამა უპრობლემოდ დაამარცხეს.

ბელგიის ნაკრებმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა

ბელგიის ნაკრებმა თამაში ისე დაიწყო, გულშემატკივრების უმრავლესობა იფიქრებდა, რომ "წითელი ეშმაკები" საქმეს პირველივე ტაიმში მოამთავრებდნენ, მაგრამ პანამელებმა რობერტო მარტინესის შეგირდების მასირებული და აგრესიული იერიშების მოგერიება მოახერხეს.

ამის შემდეგ, წყვილში აშკარა ფავორიტად შერაცხულმა ბელგიის ნაკრებმა პაუზა აიღო, მაგრამ ვინც იფიქრა, რომ აზარი და კომპანია პანამელებს რამდენიმე წუთში ისევ შტურმს მოუწყობდნენ, შეცდა - პირველი ტაიმი ისე ჩამთავრდა, მარტინესის გუნდი უპირატესობა ფლობდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები აღარ შეუქმნია.

მეორე ტაიმი ბელგიელთა გოლით დაიწყო. ესკობარისა და აზარის საჰაერო დუელის შემდეგ, ბურთი დრის მერტენსს მიუვიდა, რომელმაც ულამაზესი დარტყმით ბურთი პანამელთა კარში გადაგზავნა - პენედო უშანსოდ იყო.

1:0 მერტენსი (47)

დრის მერტენსის ულამაზესი გოლი პანამის ნაკრების კარში

69-ე წუთზე ბელგიელებმა მეორე გოლი გაიტანეს. დე ბრუინის ჩაწოდების შემდეგ, რომელუ ლუკაკუმ ბურთი კარში თავით გადაგზავნა.

2:0 ლუკაკუ (69)

რომელუ ლუკაკუს პირველი გოლი

ლუკაკუს გოლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. პანამელები საბოლოოდ დანებდნენ, ბელგიის ნაკრებმა კი მესამე ბურთიც გაიტანა, რომელიც ისევ ლუკაკუს ანგარიშზეა - "ეშმაკების" ცენტრფორვარდმა ამჯერად ედენ აზარის პასით გაიტანა. მისთვის ეს ბელგიის ნაკრებში 31-ე და 32-ე გოლები იყო.

3:0 ლუკაკუ (75)

მეორე ტურის შეხვედრაში ბელგიის ნაკრები ტუნისს დაუპირისპირდება (23 ივნისს), მესამე ტურში კი - ინგლისს.

საინტერესო ფაქტები

► პანამის ნაკრებისთვის ეს ისტორიაში პირველი მატჩი იყო მუნდიალზე. უკანასკნელი გუნდი, რომელმაც სადებიუტო მატჩი მოიგო, სენეგალი გახლდათ (2002 წელს, 1:0 საფრანგეთთან).

► ყოველთვის, როცა მერტენსს გააქვს, ბელგია იგებს (13 გამარჯვება)

► რომელუ ლუკაკუმ ბელგიის ნაკრების ბოლო 19 გოლიდან 13-ში უშუალო მონაწილეობა მიიღო (11 გოლი, 2 პასი)

► ედენ აზარი ბოლო 16 შეხვედრაში 16 გოლში მონაწილეობდა (8 გოლი, 8 პასი)

მატჩის გმირი: ედენ აზარი

ედენ აზარი ბელგიელთა მხრიდან, დრის მერტენსთან ერთად, ყველაზე აქტიური ფეხბურთელი იყო. მან 7 დარტყმაში მიიღო მონაწილეობა და რომელუ ლუკაკუმ მეორე გოლი სწორედ მისი შესანიშნავი პასით გაიტანა. გარდა ამისა, აზარმა თამაშში ყველაზე მეტ ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა (21) და უშეცდომო იყო.

იმედგაცრუება: ფიდელ ესკობარი

პანამის ნაკრების ცენტრალური მცველი თავის გუნდში ყველაზე სუსტი გახლდათ. ესკობარს ბელგიელთა წინახაზელებთან გამკლავება უჭირდა. სწორედ მისგან მიუვიდა ბურთი მერტენსს, რომელმაც ანგარიში გახსნა. ესკობარი ლუკაკუს პირველი გოლის მომენტშიც ცუდად გამოიყურებოდა.

ბელგია 3:0 პანამა | 1:0 მერტენსი (47), 2:0 ლუკაკუ (69), 3:0 ლუკაკუ (75)

ბელგია (3-4-3): კურტუა - ალდერვეირელდი, ბოიატა, ვერტონგენი - მონიე, ვიტსელი, დე ბრუინი, კარასკო - მერტენსი, ლუკაკუ, ე. აზარი.

პანამა (4-1-2-2-1): პენედო - მურილიო, რ. ტორესი, ესკობარი, დავისი - გომესი - კუპერი, გოფოი - როდრიგესი (63. დიასი), ბარკენასი (63. გ. ტორესი) - პერესი.

მაყურებელი: 40 000 (სოჭი)

 

კომენტარები

ბოლო ამბები