Thumbnail
  • შვედეთი 1:0 სამხ. კორეა
  • 1:0 გრანკვისტი (65)

სათამაშო დღის პირველი შეხვედრა, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდის სტადიონზე გაიმართა, კორეელთა აქტიურობით დაიწყო, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე მოთამაშდე შვედები კი პირველი ათი წუთის განმავლობაში მეტწილად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. 

ამის შემდეგ კი უპირატესობა იანე ანდერსონის გუნდმა მოიპოვა და ტაიმის ბოლომდე აღარც დათმო. აზიელები საკუთარ ნახევარზე განლაგდნენ და ზოგჯერ წესების დაცვით, ზოგჯერ კი უხეშობით ცდილობდნენ მეტოქის შეჩერებას. 

21-ე წუთზე, ვიკტორ კლასონის პასის შემდეგ, მარკუს ბერგს ანგარიშის გახსნის პირველი და რეალური შანსი მიეცა, მაგრამ კორეელთა მეკარე ჩო ჰიუნ-ვუმ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა.

შვედების 31 წლის თავდამსხმელს ტაიმის დასრულებამდე კიდევ ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ მის დარტყმულს ჯერ კორეელთა მცველი გადაეღობა, შემდეგ კი ხელსაყრელი პოზიციიდან რატომღაც პასის გაკეთება სურდა. 

შესვენებამდე კორეელთა კარს ვიკტორ კლასონიც დაემუქრა, მაგრამ მისი სახიფათო თავურის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით გადასცდა კარს.

შესვენების შემდეგ სურათი დიდად არ შეცვლილა - ბურთს მეტწილად კვლავ სკანდინავიელები ფლობდნენ, მეორე ნომრად მოთამაშე აზიელები კი სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას.

56-ე წუთზე ჩო ჰიუნ-ვუმ მორიგი სეივი განახორციელა. შვედების სახიფათო სტანდარტის შემდეგ, ბურთი კარისკენ თავით ოლა ტაივონენმა გაგზავნა, მაგრამ მეკარემ რეაგირება ამჯერადაც მოასწრო.

შვედეთმა მიზანს მაინც მიაღწია. ყველაფერი კი 64-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსული კორეელთა ნახევარმცველის კიმ მინ ჰუს უხეშობას მოყვა კლასონთან. სალვადორელმა არბიტრმა ხოელ აგილარმა ეპიზოდი ჯერ უყურადღებოდ დატოვა და თამაში გააგრძელა, მაგრამ მოგვიანებით ვიდეოგამეორების გამოყენებით, პენალტი მაინც დანიშნა.

შვედთა კაპიტანმა ანდრეას გრანკვისტმა 11-მეტრიანი უნაკლოდ შეასრულა. კორეელთა მეკარემ ამჯერად ვეღარ იყოჩაღა - დარტყმის საპირისპირო კუთხეში გადახტა.

1:0' გრანკვისტი (65)

გაშვებული გოლის შემდეგ კორეელები წინ წავიდნენ, მაგრამ მათ თავგანწირვას, შვედეთის ნაკრების მეკარე რობინ ოლსენისთვის პრობლემები ბოლო წუთამდე არ შეუქმნია. აი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ჰუანგ ჰი-ჩანს რეალურად შეეძლო თავისი გუნდისთვის ქულის მოტანა, მაგრამ მისი თავურის შემდეგ ბურთმა კარს ჩაუარა.

შვედეთმა მოიგო და F ჯგუფს მექსიკასთან ერთად ლიდერობს, მომავალ მატჩს კი 23 ივნისს, გამწარებული გერმანიის წინააღდეგ ჩაატარებს. კორეამ თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა, გარდა ბევრი და არცთუ იშვიათი, ალოგიკური უხეშობისა.

ანალიზი და საინტერესო ფაქტები

შვედეთის ნაკრები აშკარად უკეთესი იყო მეტოქეზე და მართალია, VAP-ით დანიშნული 11-მეტრიანით, მაგრამ მაინც დამსახურებულად გაიმარჯვა. იანე ანდორსონის შეგირდებმა ყველა სათამაშო ასპექტში აჯობეს აზიელებს, რომლებმაც მონდომებისა და უხეშობის გარდა, ვერაფერი დაუპირისპირეს მეტოქეს.

შეხვედრა საკმაოდ უხეში გამოვიდა. არბიტრმა 20-ჯერ შვედები დააჯარიმა, 23-ჯერ კი - კორეელები. ამასთან, ყვითელი ბარათი სულ სამჯერ გამოიყენა - 2-ჯერ კორეელების წინააღმდეგ, ერთხელ - შვედების.  

ჩანს, რომ სამხრეთ კორეის ნაკრები არ არის ის გუნდი, F ჯგუფში მექსიკასა და გერმანიას თუნდაც პრობლემა შეუქმნას. აი, შვედეთს კი საბრძოლველად შანსი ნამდვილად აქვს.

► შვედეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო მატჩში გამარჯვება 60-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად იზეიმა.

► ანდრეას გრანკვისტის გოლამდე, შვედეთის ნაკრებმა მუნდიალზე პენალტიდან ბოლოს 2002 წელს იხეირა - მაშინ ნიგერიას ჰენრიკ ლარსონმა გაუტანა.

► 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აქამდე ჩატარებული 12 მატჩიდან 6-ში ანგარიში 1:0 დაფიქსირდა (50%). დასრულებულ მუნდიალებზე ასეთი ანგარიში ყველაზე ხშირად 1990 წელს, იტალიაში დაფიქსირდა - 29%.

მატჩის გმირი: იან გრანკვისტი

მიუხედავად იმისა, რომ შვედეთის ნაკრების თავდამსხმელებს გატანის რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ჰქონდათ, მატჩის ბედი მაინც მათი კაპიტნის ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა. ზოგადად, იან გრანკვისტს პენალტის ცივსისხლიანად შესრულება ეხერხება. ეროვნული გუნდის მაისურით ბოლო 4 გოლი 33 წლის მცველმა სწორედ 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა. 

გრანკვისტი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფას გამოკითხვაში გულშემატკივრებმაც დაასახელეს.

იმედგაცრუება: კიმ მინ ჰუ

28 წლის მარცხენა ნახევარმცველი თამაშში 28-ე წუთიდან ჩაერთო, მეორე ტაიმში კი ვიკტორ კლასონთან სწორედ მის ფოლს მოყვა 11-მეტრიანი, რაც საბოლოოდ კორეელებს წაგებად დაუჯდათ. ეპიზოდი ნამდვილად არ იყო ისეთი, კიმს საქმე ბოლო იმედის ჯარიმასთან ჰქონოდა და მისი ვარდნაც ბურთზე მეტისმეტად სარისკო და სრულიად გაუაზრებელი იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები