Thumbnail

როჯერის 98-ე თასი შტუტგარტში და რეიტინგის პირველი ადგილი

  • მიმდინარე სეზონში, ეს ლეგენდარული შვეიცარიელის მესამე ტიტულია
  • “მერსედესის თასის” მოგება როჯერმა მესამე ცდაზე შეძლო

როჯერ ფედერერმა შტუტგარტში “მერსედესის თასი” მოიგო. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ფინალში მილოშ რაონიჩი - 6:4, 7:6 დაამარცხა და დღეიდან, მსოფლიო რეიტინგს ჩაუდგა სათავეში. ბალახის საფარზე ეს ფედერერის მე-18 ტიტულია.

36 წლის შვეიცარიელისთვის ეს ბალახზე მოგებული მე-16 მატჩი იყო. მილოშ რაონიჩს კი, 14 შეხვედრიდან 11-ში სძლია.

“ძალიან გახარებული ვარ. ჩემი აზრით, კარგად ვითამაშე. უფრო სწორად, ვფიქრობ, რომ მთელი ტურნირი კარგად ვითამაშე; მითუმეტეს შესვენების შემდეგ. მშვენიერი დაბრუნება გამომივიდა. მნიშვნელოვან ქულებზე დღეს მე ცოტა უკეთ ვითამაშე, ვიდრე ჩემმა მეტოქემ. ბოლოსდაბოლოს, “მერსედესის თასიც” მოვიგე.

ამ ტურნირის ფინალში ორჯერ მაქვს წაგებული. თუმცა, ამჯერად ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ დამთავრდა. შეიძლება ითქვას, იღბლიანი კვირა მქონდა” - განაცხადა ფინალის შემდეგ როჯერმა.

დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული, წლევანდელ უიმბლდონს მსოფლიოს პირველი ჩოგნის პოზიციაზე იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ მომდევნო კვირაში ველლის ტურნირზე ტიტულს დაიცავს.  

 

კომენტარები

ბოლო ამბები