Thumbnail
  • 19 ივნისი / სარანსკი / 16:00 / კოლუმბია V იაპონია
  • ხოსე პეკერმანის ბოლო მუნდიალი კოლუმბიასთან ერთად
  • ხამეს როდრიგესი ბოლო მუნდიალის ბომბარდირია

19 ივნისს H ჯგუფში მატჩები კოლუმბიისა და იაპონიის მატჩით იწყება. ხოსე პეკერმანის 6-წლიანი ზეობა კოლუმბიის ნაკრებში ამ მუნდიალზე სრულდება. 

პეკერმანი თავის მესამე მუნდიალს იწყებს (2006, 2014). კოლუმბიასთან ერთად მას ძალზე წარმატებული ტურნირი გამოუვიდა ბრაზილიაში. ბევრს ახსოვს, რა კარგი იყო კოლუმბია და მისი ახალგაზრდა ლიდერი ხამეს როდრიგესი ბრაზილიაში, სადაც ამ გუნდმა მეოთხედფინალს უწია. 

ხამესს მადრიდული კარიერა ისეთი ვერ გამოუვიდა, როგორსაც ელოდნენ, მაგრამ კოლუმბიის ნაკრების ფანებს მის მიმართ სასაყვედურო არაფერი აქვთ - ხამესი ნაკრებში მუდამ ბრწყინვალედ თამაშობს. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში იგი მუნდიალის ბომბარდირის სტატუსით ჩავიდა. მისი გოლი ურუგვაის ნაკრების კარში კოლუმბიური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნევა. 

კოლუმბია მორდოვიაში მიფრინავს

ხამესი კოლუმბიელთა მთავარი იმედი და დარდია - ბაიერნის ვარსკვლავს ტრავმა აწუხებს და მისი სტატუსი ბოლომდე გარკვეული არ არის. ასევე საეჭვოა ვილმარ ბარიოსის თამაშიც. 

უცნაურია, მაგრამ ფაქტია - კოლუმბიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რადამელ ფალკაო მუნდიალების დებიუტანტია - 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მან ტრავმის გამო გამოტოვა. 

იაპონია ასეთი შემართებით ვერ ჩავიდა მუნდიალზე. გუნდი ისეთ ცუდ ფორმაში იყო, რომ მუნდიალის დაწყებამდე 2 თვით ადრე იაპონელებმა მწვრთნელი გამოცვალეს. ახლა გუნდს იაპონელი აკირა ნიშინო წვრთნის. იაპონია მუნდიალებზე პირველად 1998 წელს გამოჩნდა, თუმცა მას მერე ამომავალი მზის ქვეყანა ყოველ ტურნირზე თამაშობს (ზედიზედ 6 მუნდიალი). 

ხოსე პეკერმანი (კოლუმბიის მწვრთნელი) "ჩვენ გვსურს, ქვეყანა ფეხბურთის მეშვეობით კარგად წარმოვადგინოთ მსოფლიოს წინაშე. 

საინტერესო ფაქტები

► კოლუმბიამ და იაპონიამ  ერთმანეთში 4-ჯერ ითამაშეს. სამხრეთამერიკელებმა 2 შეხვედრა მოიგეს, ორიც ფრედ დასრულდა.

► ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 2014 წელს ბრაზილიაში შედგა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიამ იოლად აჯობა მეტოქეს - 4:1. 

► იაპონიის ნაკრებმა ბოლო ამხანაგურ მატჩში უფრო მეტი გოლი (4) გაიტანა, ვიდრე წინა 5 შეხვედრაში ერთად.

► კოლუმბიის ნაკრების ორი მუნდიალისწინა გასახურებელი მატჩი 0:0 დასრულდა.

► ხოსე პეკერმანის გუნდებმა მუნდიალზე სულ 1 მატჩი წააგეს.

► კოლუმბიელთა ბოლო 6 მატჩიდან 5-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა. 

სავარაუდო შემადგენლობები

კოლუმბია (4-2-3-1): ოსპინა - არიასი, დ. სანჩესი, მინა, მოხიკა - კ. სანჩესი, ბარიოსი - კუადრადო, ხამეს როდრიგესი, ურიბე - ფალკაო  

იაპონია (4-2-3-1): კავაშიმა - საკაი, იოშიდა, მაკინო, ნაგატომო - ჰასებე, იამაგუჩი - ჰონდა, კაგავა, ინუი - ოკაზაკი

მსაჯი: დ. სკომინა (სლოვენია)

კომენტარები

ბოლო ამბები