Thumbnail

რომამ 61-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ევროპული ტიტული მოიგო, კონფერენსლიგის ისტორიული გათამაშების პირველი ჯილდო. იტალიურმა კლუბმა ფინალში ნიკოლო ძანიოლოს გოლით 1:0 დაამარცხა როტერდამის ფეიენოორდი. 

ჟოზე მოურინიო

რომას წარმატებაში პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს წვლილი დიდია, რომელმაც სამწვრთნელო კარიერაში უკვე მე-5 ევროთასი მოიგო (2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ევროპალიგა და ახლა კონფერენსლიგა). ბოლო იტალიური კლუბი, რომელმაც ევროთასი მოიგო მილანის ინტერი იყო - 12 წლის წინათ, სწორედ მოურინიომ მოუტანა ის წარმატება იტალიურ კლუბს და ახლაც მთავარი გმირი კვლავ ისაა, რომელიც გამარჯვების შემდეგ ბავშვივით გახარებული იყო:

ჟოზე მოურინიო (რომას მწვრთნელი): "ჩვენ ისტორია დავწერეთ. ტურნირის სტარტიდანვე გვჯეროდა, რომ კონფერენსლიგის მოგება შეგვძელო და მოვიგეთ კიდეც. ახლა თავში ბევრი რამ მიტრიალებს, თავს უკვე ნაღდ რომანისტად მივიჩნევ".

ნიკოლო ძანიოლო (რომა): "ჩემი ბავშვობის ოცნება ასრულდა, ეს ევროთასი ჩვენს ფანებს ეკუთვნის. ახლა ძალიან ბედნიერი და ემოციური ვარ. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ და ზეიმი მსურს".

კრის სმოლინგი (რომა): "როცა ამ კლუბში მოვედი, გავიგე, რომ დიდი ხნის წინათ გვქონდა მოგებული ბოლო ტიტული და რომ ფანებს ძალიან სურდათ ტიტულის მოგება. ჩვენ მაგარი ფანები გვყავს, კარგად ვიცი, დღევანდელი დღე რას ნიშნავს მათთვის. 

ჯანლუკა მანჩინი (რომნა): "როცა წინ გავედით, თავი კარგად დავიცავით, ეს უდიდესი ემოციაა. ტიტულის მოგება ფანტასტიკური გრძნობაა და ამ მომენტით ტკბობა გვსურს".

ლორენცო პელეგრინი (რომას კაპიტანი): "ახლა ზეიმის დროა, შემდეგ კი ამ მოგების წყალობით წინსვლის. ჩვენ რეალურად მაგარი გუნდი ვართ და დღეს ეს მოედანზე დავამტკიცეთ. ბავშვობაში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ევროთასის გამარჯვებული გავხდებოდი. ფანებს დიდი მადლობა ჩვენგან".  

კომენტარები

ბოლო ამბები