Thumbnail

'მინდა, ბავშვებს დავეხმარო' - ჯანო ანანიძე საფეხბურთო აკადემიის გახსნას აპირებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა განვლილი კარიერა შეაფასა
  • 29 წლის ჯანო ანანიძემ თავისი სამომავლო გეგმების შესახებ ილაპარაკა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ ამ გაზაფხულზე გამოაცხადა, რუსულ მედიასთან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში საფეხბურთო აკადემიის გახსნას აპირებს.

"ახლა საქართველოში ჯანო ანანიძის აკადემიის გახსნას ვაპირებ. აქ ძალიან ნიჭიერი ბავშვები იზრდებიან. მსურს მათ ფეხბურთში გარდამავალი ასაკის იოლად დაძლევაში დავეხმარო", - ამბობს 29 წლის ანანიძე, რომელსაც კარიერის დიდი ნაწილი რუსეთში, მოსკოვის სპარტაკში აქვს გატარებული და თავის დროზე მის მთავარ ტალანტად ითვლებოდა.

ჯანომ, რომელსაც თამაშის გაგრძელების საშუალება ტრავმებმა არ მისცა, თავის კარიერაზე, მიღებულ მძიმე გადაწყვეტილებასა და ადამიანების თანაგრძნობაზეც ისაუბრა.

ჯანოს ნიჭის სრულებით გამოვლენაში ხელი ხშირმა ტრავმება შეუშალა

"თუ შევაჯამებით, მთლიანობაში ღირსეული კარიერა მქონდა. საქართველოში თავაწეული დავდივარ. ყველა მადლობას მიხდის ფეხბურთის თამაშისთვის. ადრე დავიწყე, ადრე დავასრულე. ალბათ, ასე იყო საჭირო.

ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით, მაგრამ ადამიანებისგან პატივისცემა მყოფნის. პატარა ქართველი ბიჭუნას ოცნება ბოლომდე ვერ ახდა, მაგრამ როდესაც კარიერის დასრულების შემდეგ ამდენმა ადამიანმა მომწერა მადლიერების სიტყვები, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ამაო არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ ტყუილად არ მითამაშია", - აქვეყნებს ანანიძის სიტყვებს Сhampionat.com.

ჯანო ანანიძემ პროფესიონალური კარიერა მოსკოვის სპარტაკში დაიწყო და იქ 10 წელი გაატარა, საიდანაც იჯარით გამოდიოდა როსტოვსა და კრილია სოვეტოვშიც, შემდეგ ჯანომ ჯერ კვიპროსულ ანორთოსისში, ბოლოს კი დინამო თბილისსა და დინამო ბათუმში ითამაშა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მის ანგარიშზე 45 მატჩი, 7 გოლი და 6 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები