Thumbnail
  • ბრაზილია 1:1 შვეიცარია
  • 1:0 კოუტინიო (20), 1:1 ცუბერი (50)

მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტი კიდევ ერთი ფავორიტისთვის არ გამოდგა ისეთი კაშკაშა, როგორსაც მისგან ელოდნენ. ბრაზილიამ შვეიცარიას ვერ მოუგო.

"როსტოვ არენაზე" პირველი სახიფათო მომენტი ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდებმა უკვე მე-3 წუთზე შექმნეს. შაქირმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოს ცენტრში ჩააწოდა, რის შემდეგაც ჯემაილიმ ეფექტურად დაარტყა. ბურთმა ხარიხას გადაუფრინა.

ბრაზილიელებმა ამას შვიდ წუთში უპასუხეს. ძალიან სახიფათოდ პაულინიო ურტყამდა, შვეიცარიელთა კარი კი  მეკარე ზომერმა იხსნა.

ბრაზილიის ნაკრებმა ანგარიში ფილიპე კოუტინიოს ბრწყინვალე გოლით გახსნა. მარსელომ მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოს ცენტრში ჩააწოდა, ცუბერმა კი თავით ზუსტად კოუტინიოსკენ მოიგერია. ბარსელონას ფეხბურთელმა საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი დარტყმით ბურთი შორეულ კუთხეში ჩასვა.

20’ კოუტინიო 1:0

გატანილი გოლის შემდეგ, ბრაზილიელები შედარებით დამშვიდდნენ, შვეიცარიელებმა კი ბურთი მოიპოვეს, მაგრამ რეალური საფრთხის შექმნას ვერ ახერხებდნენ. მთლიანობაში, პირველ ტაიმში თანაბარი თამაში გამოვიდა.

მეორე ტაიმის საწყისი ხუთი წუთი პირველის სცენარით წარიმართა, იყო მხოლოდ ტიაგო სილვას სახიფათო თავური. ამის შემდეგ კი სურათი შეიცვალა.

შვეიცარიის ნაკრებმა ანგარიში კუთხურის შემდეგ გაათანაბრა. შაქირიმ მეკარის მოედანში ჩაკიდა, ცუბერი კი ბრაზილიელ მცველებს დაუძვრა და ბურთი თავით კარში გადაგზავნა. ამ ეპიზოდში შვეიცარიელმა ზურგიდან მირანდას უბიძგა.

50' ცუბერი - 1:1

ტიტეს შეგირდებიდან გატანის ყველაზე რეალური შანსი ისევ კოუტინიოს ჰქონდა, თუმცა 70-ე წუთზე ახლო მანძილიდან მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. 

იყო კიდევ ეპიზოდი, როდესაც ბრაზილიელები ჟეზუშის წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანს ელოდნენ, მაგრამ არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა. 

მატჩის უკანასკნელი წუთები ბრაზილიელთა შეტევებში გაილია, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილია. შვეიცარია მუნდიალების ისტორიაში მეორედ დაუპირისპირდა ბრაზილიას და როგორც 1950 წელს, ამჯერადაც ფრედ დაასრულა მატჩი.

ანალიზი და საინტერესო ფაქტები

ბრაზილიის ნაკრებმა, მიუხედავად მრისხანე შემადგენლობისა და ფავორიტის სტატუსისა, ვერ მოუგო შვეიცარიას, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო, სწორად და მიზანმიმართულად გაწია და ქულა დამსახურებულად მოიპოვა. ვლადიმირ პეტკოვიჩს გუნდი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში აგრესიული და კომპაქტური თამაშით ახერხებდა ტიტეს გეგმების ჩაფუშვას, ხოლო როდესაც "სელესაო" მაინც გაბატონდა ბურთსა და მოედანზე, უკვე გვიანი იყო. იყო მხოლოდ მომენტები... 

ამ ყველაფერს მატჩის სტატისტიკაც ადასტურებს. ბრაზილიის ბურთის ფლობამ 54% შეადგინა, შვეიცარიის 46%-თან. სამხრეთამერიკელებმა კარის ჩარჩოში 4-ჯერ დაარტყეს, ევროპელებმა - 2-ჯერ. ერთი სეივი ჰქონდა ალისონს, ზომერს - სულ 3. ბრაზილიელებმა 510 პასი შეასრულეს, შვეიცარიელებმა - 407...  

ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის ფრემ ქომაგი მაინც არ უნდა დააბნიოს. ფავორიტს ძალების დაზოგვა და თანაბრად გადანაწილება ხომ მთელი თვის განმავლობაში სჭირდება და ტიტეც ალბათ იმას ფიქრობდა, რომ მის შეგირდებს პირველსავე მატჩში ბოლომდე დახარჯვა არ არგებდათ.

ბრაზილიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს, მაგრამ E ჯგუფის პირველი თამაშებით თუ ვიმსჯელებთ, სერბეთსა და კოსტა რიკას მათ წინააღდეგ შანსი ალბათ არც ექნებათ.  

► ფიფას გამოკითხვის მიხედვით (გულშემატკივრის ხმები) მატჩის საუკეთესო მოთამაშე ფილიპე კოუტინიო გახდა.

► ბრაზილიის ნაკრებმა ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად ვერ შეძლო მუნდიალის სადებიუტო მატჩში გამარჯვება. 1978 წელს ბრაზილიელებმა შვედეთს ვერ აჯობეს.

► შვეიცარიელები ნეიმართან 10-ჯერ დაჯარიმდნენ. მუნდიალებზე უფრო მეტჯერ წესები ბოლოს 1998 წელს, ალან შირერის წინააღმდეგ ტუნისელებმა დაარღვიეს.

► სტივენ ცუბერმა შვეიცარიის ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 6 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

► შტეფან ლიხტშტაინერი მსოფლიოს ჩემპიონატებზე შვეიცარიის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ლიდერ შარლ ანტენენს გაუტოლდა - 8!

მატჩის გმირი: იან ზომერი

შვეიცარიელთა მეკარეს უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ბრაზილიის ნაკრებმა მუნდიალი მოგებით ვერ დაიწყო. გლადბახის 29 წლის გოლკიპერმა, რომელიც არცთუ დიდი სიმაღლით გამოირჩევა (183 სმ), მაგრამ აქამდეც ხასიათდებოდა ხაზზე თამაშისას ბრწყინვალე რეაქციით, არც პაულინიოს გაატანინა მატჩის დასაწყისში და არც თამაშის მიწურულს - ფირმინოს. აი, კოუტინიოს სუპერგოლის ეპიზოდში კი მისი დადანაშაულება უსამართლობა იქნებოდა. 

იმედგაცრუება: ნეიმარი

"პენტაკამპეონების" ქომაგს თუ ვინმემ იმედები გაუცრუა, ეს უმთავრესად ბრაზილიელთა ლიდერია. ნეიმარი ბევრს ეცადა, მოეძებნა შვეიცარიელთა დაცვისთვის გასაღები, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. როგორც ჩანს, ტიტე არ ტყუოდა, როცა ფეხბურთელზე მატჩის წინ ამბობდა, 100%-ით ფორმაში არ არისო. პსჟ-ის ვარსკვლავმა თავი შვეიცარიელთა ნახევარმცველ ბეჰრამისთან ჭიდაობით, კოჭლობითა და მწუხარე სახით უფრო დაგვამახსოვრა.

კომენტარები

ბოლო ამბები