Thumbnail

პირველი დიდი სენსაცია მუნდიალზე - გერმანია მექსიკასთან დამარცხდა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გერმანია 0:1 მექსიკა | გოლი: 0:1 ლოსანო (35’ - ჩიჩარიტოს პასით)
  • მსოფლიოს ჩემპიონი, მოულოდნელად, მექსიკის ნაკრებთან დამარცხდა

გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ყველასათვის მოულოდნელად, წარუმატებელი სტარტი აიღო.

მექსიკელებმა თამაში ძალიან აქტიურად, მაღალ ტემპში დაიწყეს და პირველსავე წუთზე სახიფათო მომენტი შექმნეს.

ხუან კარლოს ოსორიოს გუნდი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს აქტიურ პრესინგს ეთამაშებოდა და კონტრშეტევებზე სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. გერმანიის ნაკრებს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს, რაც ამ შეხვედრამ გამოაჩინა. მექსიკელები გერმანელებს ტემპში აჰყვნენ და პირველივე ტაიმში, დამსახურებული გოლი გაიტანეს.

0:1 ლოსანო (35)

ასე გაიტანა ლოსანომ გოლი გერმანიის ნაკრების კარში

ყველაზე რეალური საგოლე მომენტი გერმანიის ნაკრებმა პირველი ტაიმის მიწურულს შექმნა, როცა ტონი კროოსის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.

როგორც ჩანს, შესვენებაზე იოახიმ ლიოვმა შეგირდებს უფრო აგრესიული ფეხბურთისკენ მოუწოდა, თუმცა გერმანელები რეალური სახიფათო მომენტების შექმნას დიდხანს ვერ ახერხებდნენ. ბუნდესგუნდის თამაში ვერც მარკო როისმა გამოაცოცხლა. მოგვიანებით, ლიოვმა მოედანზე იულიან ბრანდტი გამოიყვანა, რომელიც თამაშში ეფექტურად ჩაერთო.

ბრანდტის შორეული დარტყმა

ბოლო წუთებში გერმანელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლეს.

გერმანიის ნაკრებმა მუნდიალის პირველი მატჩი ბოლოს 36 წლის წინათ წააგო (ალჟირთან) და მას მერე, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრებში საშუალოდ 3,5 გოლი გაჰქონდა!

ამრიგად, მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი დიდი სენსაცია დაფიქსირდა - მოქმედი ჩემპიონი გერმანია დამარცხდა. მეორე ტურში ბუნდესგუნდი (23 ივნისს) შვედეთის ნაკრებს შეხვდება - ის მატჩი ლიოვის გუნდმა აუცილებლად უნდა მოუგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ჯგუფში ჩარჩება...

ანალიზი და საინტერესო ფაქტები

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა: იოგიმ დაცვის მარცხენა ფლანგზე იონას ჰექტორის ნაცვლად მარვინ პლატენჰარდტი ათამაშა. 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ცენტრფორვარდი ტიმო ვერნერის უკან თომას მიულერი, მესუთ იოზილი და იულიან დრაქსლერი ვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ ბუნდესგუნდის ძირითად შემადგენლობაში მსოფლიოს ექვსმა ჩემპიონმა ითამაშა, რომლებიც 2014 წლის მუნდიალის ფინალშიც მოედანზე იყვნენ.

ჩიჩარიტოს და ბოატენგის ორთაბრძოლა

მექსიკის ნაკრებმა გერმანიას პირველივე წუთზე "უკბინა" (იხილეთ ლოსანოს მომენტის გიფი) - ბუნდესგუნდისთვის ეს შოკისმომგვრელი ფაქტი აღმოჩნდა. მსოფლიოს ჩემპიონები საწყის წუთებში აშკარად ნერვიულობდნენ და თავდაჯერება აკლდათ. გერმანიის ნაკრები მოედნის ცენტრის დაუფლებას ცდილობდა, მცველები საკმაოდ წინ იყვნენ აწეულები, რითაც მექსიკელებმა არაერთხელ ისარგებლეს და სახიფათო კონტრშეტევებს ავითარებდნენ. სწორედ ასე გაიტანა ოსორიოს გუნდმა გამარჯვების გოლი.

მეორე ტაიმში მექსიკის ნაკრებმა მოედნის ცენტრი კი დათმო, მაგრამ გერმანელები რეალური საგოლე მომენტების შექმნას მაინც ვერ ახერხებდნენ. ბუნდესგუნდს ვერც როისმა და გომესმა უშველეს. ბრანდტი თამაშში მათზე გაცილებით აქტიურად ჩაერთო, მაგრამ ასევე უშედეგოდ.

გერმანელთა ცენტრფორვარდი ტიმო ვერნერი აქტიურობდა, მაგრამ გატანა ვერ შეძლო

ასე დამარცხდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - გერმანელებმა მექსიკელთა უკანა ხაზს ვერაფერი მოუხერხეს. მეტიც: კონტრშეტევებზე ჩიჩარიტოს უფრო ჭკვიანურად რომ ემოქმედა, მექსიკის ნაკრები უფრო უკეთესი ანგარიშითაც მოიგებდა. მექსიკის ნაკრების გამარჯვება სენსაციაა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოსორიოს გუნდმა ეს წარმატება 100 პროცენტით დაიმსახურა! შვედეთთან მატჩისთვის (23 ივნისს) ლიოვმა ბევრი რამ უნდა შეცვალოს...

► ფიფას გამოკითხვის მიხედვით (გულშემატკივრის ხმები) მატჩის საუკეთესო მომთამაშე ჰირვინგ ლოზანო გახდა.

► გერმანია გახდა პირველი ევროპული ნაკრები, რომელმაც მიმდინარე მსოფლიო თასზე მარცხი განიცადა.

► მექსიკის ნაკრებმა, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი ისტორიაში პირველად დაამარცხა.

► ყველაზე მეტი სეივი მიმდინარე მსოფლიო თასზე: გილერმო ოჩოა (9), ჰანეს ჰალდოურსონი (6), კასპერ შმეიხელი (6)

► რაფა მარკესმა მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. ვეტერანი მექსიკელი დღეს შეცვლაზე შევიდა, მან თანამემამულე ანტონიო კარბახალის და ლოთარ მათეუსის რეკორდი გაიმეორა.

მატჩის გმირი: ჰირვინგ ლოსანო

ახალგაზრდა ლოსანო მექსიკელთა მხრიდან ყველაზე სახიფათო იყო - მას პირველივე წუთზე შეეძლო გატანა. ლოსანო ყველაზე მეტად ანერვიულებდა გერმანელ მცველებს, კარგად იყენებდა ბუნდესგუნდის უკანა ხაზში დარჩენილ სივრცეებს და გამარჯვების გოლიც მის ანგარიშზეა.

იმედგაცრუება: სამი ხედირა

გამოცდილმა საყრდენმა ნახევარმცველმა ცუდად ითამაშა. ხედირამ ზედმეტად ბევრჯერ დაკარგა ბურთი და, რაც ყველაზე უჩვეულოა, ორთაბრძოლების მხოლოდ 20 პროცენტი მოიგო. ამიტომაც იყო ხედირა პირველი ფეხბურთელი, რომელიც ლიოვმა მოედნიდან გაიყვანა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები