Thumbnail
  • 18 ივნისი / 19:00 / სოჭი / ბელგია V პანამა
  • პანამის ნაკრები მუნდიალის დებიუტანტია
  • ბელგიის ნაკრებს ვენსან კომპანი დააკლდება

ბელგიელი "წითელი ეშმაკები" მუნდიალს დებიუტანტ პანამასთან მატჩით იწყებენ. რობერტო მარტინესს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, რომელმაც მარშით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი. 

ამ გუნდმა საბრძოლო ნათლობა 2014 წლის მუნდიალზე მიიღო, სადაც მეოთხედფინალში დამარცხდა, გამოიარა ევრო 2016 და ახლა უკვე ფორმის პიკზეა. ბევრი სპეციალისტი "წითელი ეშმაკებისგან" მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც კი ელის. 

მაქსიმუმს ელის გუნდის ლიდერი ედენ აზარიც: "ნაკრები მზადაა, თავისი მაქსიმუმი აჩვენოს ამ მუნდიალზე", - აცხადებს იგი. 

აი, პანამას კი მუნდიალზე არავინ ელოდა. I ტურის წყვილებს შორის არცერთში არ არის ერთი შეხედვით, უზარმაზარი სხვაობა ნაკრებებს შორის, როგორც ბელგიასა და პანამას შორისაა. "წითელ ეშმაკებს" ისეთი მეტოქე ჰყავთ, მუნდიალის რიხით დაწყება არ უნდა გაუჭირდეთ. თანაც, შესამჩნევი განსხვავებაა საფეხბურთო სტილშიც. 

პანამის ნაკრების თავკაცმა ერნან დარიო გომესმა საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ გაუსწორდა ბელგია ამხანაგურ მატჩში პანამელთა მეზობლებს და მათზე ბევრად გამოცდილ კოსტარიკელებს. ბელგიამ ის ამხანაგური 4:1 მოიგო. ასე რომ, გომესს პირველ რიგში დაცვის გაძლიერებაზე ზრუნვა მოუწევს. 

კომპანის გარეშე

მარტინესის გუნდში ერთი საკადრო პრობლემაა - გუნდის დაცვის ლიდერი ვენსან კომპანი ტრავმირებულია და პანამასთან ვერ ითამაშებს. სამწუხაროდ, კომპანი ხშირად შავდება ხოლმე, ამიტომაც, ბელგიას მის გარეშე თამაშის გეგმაც მოფიქრებული აქვს და 3-კაციან დაცვის ტაქტიკას არ უღალატებს - კომპანის კი ბოიატა ჩაანაცვლებს. კომპანი ვერც მეორე ტურში იქნება. 

პანამელთა ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი რომან ტორესია, მან 88-ე წუთზე გაუტანა კოსტა რიკას, პანამამ 2:1 მოიგო და ისტორიაში პირველად გავიდა მუნდიალზე.

ერნან დარიო გომესი (პანამის მწვრთნელი): "ჩვენი ჯგუფის სამივე ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმესი გვეშინია. ჩვენ ვართ ახალბედები, ამბიციურები და გვსურს, პანამას ვემსახუროთ".

ბელგიელთა ვარჯიში სოჭში

საინტერესო ფაქტები

► ბელგიამ 1986 წელს "აცტეკაზე" დათმო მექსიკასთან, ამის შემდეგ მუნდიალებზე ბელგიის ნაკრებმა კონკაკაფის გუნდებთან 11 მატჩი ითამაშა და ერთიც არ წააგო.

► ბელგიის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ტურნირი შტურმით მოიგო - 9 მოგება და 1 ფრე, 43:6 ბურთები. მეორე ადგილზე გასულ საბერძნეთს ბელგიამ 9 ქულით გაუსწრო.

► პანამამ კონკაკაფის ფინალურ საკვალიფიკაციო ტურნირში მე-3 ადგილი დაიკავა. 

► ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს უთამაშიათ.

► ბელგიის ბოლო 13 მატჩიდან 9-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა. 

► პანამამ ბოლო 6 მატჩიდან 4-ში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

► ბელგიამ ბოლო 7 მატჩიდან 5-ში გოლი არ გაუშვა. 

► 2018 წელს ბელგიამ 11 გოლი გაიტანა და 1 გაუშვა, პანამამ 1 გაიტანა და 8 გაუშვა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბელგია (3-4-3): კურტუა - ალდერვეირელდი, ბოიატა, ვერტონგენი - მონიე, დე ბრუინი, ვიტსელი, კარასკო - მერტენსი, ლუკაკუ, ე. აზარი 

პანამა (5-4-1): პენედო - მურილიო, მაჩადო, რ. ტორესი, ესკობარი, ოვალიე - ავილა, გოდოი, გომესი, ბარსენასი - გ. ტორესი

მსაჯი: ჯ. სიკაზვე (ზამბია)

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები