Thumbnail

'კაკას სტილში' - ხვიჩა კვარაცხელიას გოლს იტალიაში ისევ გამოეხმაურნენ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ გოლს იტალიური მედია ისევ გამოეხმაურა
  • ნეაპოლური გამოცემები ქართველი ფეხბურთელის თამაში მოხიბლული არიან

ნეაპოლური მედია ხვიჩა კვარაცხელიას თითოეულ თამაშს აქტიურად აკვირდება და თელავთან გატანილი გოლიც ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ. 21 წლის ქართველი შემტევის ეფექტურ გოლს რამდენიმე ნეაპოლური ვებ-გვერდი კვლავ გამოეხმაურა.

"ხვიჩა კვარაცხელია სამშობლოში, ფაქტობრივად, შეუჩერებელია. ნაპოლის ახალწვეულმა თელავის წინააღმდეგ ანგარიში მისთვის დამახასიათებელი შედევრით გახსნა. ეს გოლი ხვიჩას ფიზიკურ თვისებებს ხაზს კარგად უსვამს", - წერს calcionapoli1926.

"კვარაცხელიამ კაკას სტილში გაიტანა, მომავალი "აძურელის" ბრწყინვალე გოლი. ხვიჩა კვარაცხელიამ დინამო ბათუმისა და თელავის მატჩში შეაგდო. 30-ე წუთზე ქართველმა გარემარბმა სოლორეიდი მოედნის ცენტრიდან დაიწყო და გოლით დაასრულა, ისე როგორც ამას კაკა აკეთებდა", - წერს tuttonapoli.

"კვარაცხელია შეუჩერებელია, ნაპოლის ახალწვეულის კიდევ ერთი სუპერგოლი", - ასეთია Areanapoli-ს სათაური, სტატიაში კი წერია: "ნაპოლის ახალი ფეხბურთელი საქართველოში ლამაზი გოლების გატანას აგრძელებს. ეს იყო ნიჭიერი ფეხბურთელის კიდევ ერთი შედევრი, რომელიც ივლისიდან "აძურის" მაისურს მოირგებს. დინამო ბათუმმა თელავი 2:0 დაამარცხა, ნაპოლის მომავალმა გარემარბმა კი ინდივიდუალური მოქმედებით გაიტანა, აჯობა მცველებს და მეკარეს ლამაზი დარტყმით აჯობა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ დარჩენილი სიცარიელის შესავსებად აირჩიეს".

"ლურჯი მაისურის მორგების მოლოდინში ხვიჩა კვარაცხელია დინამო ბათუმის მაისურით ყველას გაოცებას აგრძელებს, კლუბში, რომელშიც ის ცოტა ხნის წინ ყაზანის რუბინიდან გადავიდა. ქართველმა ტორონტოში გადასული ლორენცო ინსინიე უნდა შეცვალოს. 21 წლის ფეხბურთელმა თელავთან მოგებულ (2:0) მატჩში ანგარიში გახსნა. კვარაცხელიამ თავი ინდივიდუალური მოქმედებების შედეგად გამოიჩინა, აჯობა მეტოქეებს და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა", - წერია spazionapoli-ს საიტზე.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დინამო ბათუმის რიგებში 10 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი ნაპოლის ზაფხულში შეუერთდება და იტალიურ კლუბთან კონტრაქტს 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს.

კომენტარები

ბოლო ამბები