Thumbnail
  • გოლდენ სტეიტ უორიორსი 126:117 დალას მავერიკსი 
  • დასავლეთის ფინალურ სერიაში უორიორსი 2-0 დაწინაურდა
  • ლუკა დონჩიჩის 42 ქულა დალას მავერიკსს მოსაგებად არ ეყო

გოლდენ სტეიტმა NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში მეორე მატჩიც მოუგო დალას მავერიკსს და ანგარიში 2-0 გახადა. თუმცა, სან ფრანცისკოში გამართულ მეორე შეხვედრაში მასპინძლებს წარმატების მისაღწევად დიდი ბრძოლის გადატანა დასჭირდათ.

Chase Center-ში ბოლო მეოთხედამდე დალასელები დომინირებდნენ და ეს უმთავრესად მავერიკსის სლოვენიელი ვარსკვლავის ლუკა დონჩიჩის დამსახურება იყო, რომელმაც თამაში 42 ქულით, 5 პასითა და 8 მოხსნით დაასრულა. ლუკამ 10-იდან 5 საქმულიანი და 13-იდან 7 ორქულიანი ჩააგდო და შედეგიანობით ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

დონჩიჩი მოედანზე ყველაზე შედეგიანი იყო

მაგრამ მხოლოდ დონჩიჩის შედეგიანობა დალასს უპირატესობის ბოლომდე შესანარჩუნებლად არ ეყო. გოლდენ სტეიტი სამი მეოთხედის განმავლობაში მდევრის როლში იყო (ერთი ხანობა 19 ქულასაც აგებდა) და მხოლოდ დასკვნით პერიოდში გავიდა ანგარიშში წინ. 

"დაცვაში ცუდად ვითამაშეთ და მიზეზი ესაა. გოლდენ სტეიტის შეკავება ძნელია. დასანანია, როცა "+19"-ის შემდეგ მარცხდები, მაგრამ ჯობს ეს დავივიწყოთ და წინ ვიაროთ", - თქვა ლუკა დონჩიჩმა თამაშის შემდეგ.

გამარჯვებულებს სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 32 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. სწორედ გოლლდენ სტეიტის გამთამაშებელმა ჩააგდო თამაშის მიწურულს მატჩის ბედის გადამწყვეტი 3-ქულიანი. საფინალო სირენამდე წუთითა და 3 წამით ადრე, როდესაც ანგარიში 119:112 იყო,  კლეი ტომპსონის პასის შემდეგ, კარიმ ზუსტად ტყორცნა და ჟესტით "ძილი ნებისა" ყველას მიანიშნა, რომ გასარკვევი აღარაფერი იყო.

უორიორსის ვარსკვლავის 3-ქულიანმა ყველა შეკითხვას პასუხი გასცა

კიდევ 23 ქულით უორიორსს ჯორდან პული დაეხმარა, კევონ ლუნიმ კი ორმაგი დუბლი მიითვალა (21 ქულა, 12 მოხსნა) და შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა. გოლდენ სტეიტის ცენტრისთვის ეს კარიერაში მეორე ორმაგი დუბლია პლეი ოფის მატჩში. 

გოლდენ სტეიტ უორიორსისა და დალას მავერიკსის მესამე დაპირისპირება 23 მაისს გაიმართება და ამჯერად მასპინძელი დალასი იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები