Thumbnail

უმცროსი ბორჯღალოსნების ისტორიული გამარჯვება! შოტლანდიაც დამარცხებულია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო 39:31 შოტლანდია
  • უმაღლესი პოზიცია მსოფლიოს ჩემპიონატზე
  • საოცარი გამარჯვება და ხუთი ლელო შოტლანდიის ჩათვლის მოედანში

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეცხრე ადგილისთვის გამართულ ფინალურ შეხვედრაში, შოტლანდიას 39:31 მოუგო.

ანგარიში მე-2 წუთზე ლუკა ჯაფარიძის ლელოთი გაიხსნა. ქართველებმა აუტი მოაწოდეს, რის შემდეგაც მოლი ააგორეს და ჯაფარიძის გაჩერება ვერავინ მოახერხა. შოტლანდიამ ხუთ წუთში სმიტის ლელოთი გაათანაბრა. მე-13 წუთზე მსაჯმა ორი მორაგბე გაასინბინა - შოტლანდიელთა მხრიდან გრეჰემი, ხოლო ქართველთა მხრიდან აფრასიძე.

მე-14 წუთზე ტროტერმა ლელო დადო, რომელიც ჩეპმენმა გარდასახა. საქართველომ კოტე მარჯანიშვილის ბრწყინვალე ლელოთი გაათანაბრა - თედო აბჟანდაძემ კი ურთულესი სიტუაციიდან მოახერხა გარდასახვის გატანა.

ტაიმის ბოლოს ტროტერმა კიდევ ერთი ლელო დადო, ჩეპმენი გარდასახვის დროს ზუსტი იყო - შოტლანდიელებმა პირველი ნახევარი 19:12 მოიგეს.

უმცროსმა ''ბორჯღალოსნებმა'' მეორე ტაიმში საოცარად ითამაშეს. ქართველებმა შოტლანდიას სამი ლელო დაუდეს : თენგიზ გიგოლაშვილმა, გურამ გოგიჩაშვილმა და კოტე მარჯანიშვილმა შეძლეს თავის გამოჩენა. საოცარი იყო თედო აბჟანდაძე, რომელმაც 4 გარდასხვა და 2 ჯარიმა გაიტანა. აბჟანდაძემ ბოლო წუთზე ჯარიმა გაიტანა, რითიც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველომ 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის ისტორიაში უმაღლეს ადგილი დაიკავა. უმცროსი ''ბორჯღალოსნები'' მეცხრე ადგილზე გავიდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები