Thumbnail

ქართველი ხარი მსოფლიოს უძლიერესებთან ერთად ტიტულისთვის იბრძოლებს

  • კონსტანტინე ჯანაშია World’s Strongest Man 2022-ისთვის ემზადება
  • ‘ქართველ ხარს’ მომავალ ტურნირზე და მიზნებზე ვესაუბრეთ

24-დან 29 მაისის ჩათვლით საკრამენტო (კალიფორნია) World’s Strongest Man 2022-ს უმასპინძლებს. მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცებთან ერთად საუკეთესოს ტიტულისთვის ქართველი სთრონგმენი, “ქართველი ხარის” მეტსახელით ცნობილი კონსტანტინე ჯანაშია იბრძოლებს.

წინა წლებთან შედარებით, მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია. 30 სპორტსმენი 5 ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფის საუკეთესო სთრონგმენი ფინალურ ეტაპზე გადავა, მეორე და მესამე ადგილზე გასულები კი დასკვნით ეტაპზე მოსახვედრად ერთმანეთს შეეჯიბრებიან.

ქართველი ხარი მსოფლიოს ჩემოიონობისთვის იბრძოლებს

როგორც თავად ამბობს, სეზონი მისი იქნება. მსოფლიოს თასზე წარმატებას გისურვებთ კოტე! 🧳🗽 Georgian BULL | #stronglikebull

Posted by popsport on Sunday, May 22, 2022


“ახალი თაობა წამოვიდა, ახალი სახეები გამოჩნდნენ. ვერ იტყვი, რომ ძლიერები არ არიან, ვინც ახალია, ცდილობს, თავი კარგად წარმოაჩინოს. ჩემთვის ამით არაფერი იცვლება. მთავარია, საკუთარ თავში ყოველთვის დარწმუნებული იყო. 5 კაცით მეტი ან 5 კაცით ნაკლები დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.” - გვითხრა ჯანაშიამ.

'კასრი 7 მეტრსა და 26 სანტიმეტრზე გადავაგდე, რაც რეკორდი ყოფილა. არც ვიცოდი'

ქართველმა ხარმა წელი წარმატებით დაიწყო: ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. ახალი სეზონისთვის იგი მაღალი სტანდარტით ემზადებოდა, რაც ევროპირველობაზე კარგად გამოჩნდა.

ჯანაშია: “პირველი სეზონია, როცა ექიმი მყავს. მიკონტროლებს ყველაფერს, სპორტული მედიცინიდან დაწყებული, რაც მჭირდებოდა და არ მქონდა, ყველა დეტალს. შედეგიც დავინახეთ ევროპის ჩემპიონატზე. მესამე ავიღე, მაგრამ ეგეც ჩემი შეცდომის გამო და არა მომზადების გამო. ახლა, მსოფლიოს წინ, კიდევ უფრო ძლიერად და კარგად ვარ, ვიდრე ევროპაზე. ვფიქრობ, რომ ფინალში მოვხვდები მილიონი პროცენტით. იმედები უნდა გავამართლო იმიტომ, რომ ზუსტად მივყვებით გეგმას, ისე, როგორც საჭიროა. ტრავმებიც იყო, მაგრამ მომიშუშდა და ახლა იდეალურად ვარ.” 

წაიკითხე | 'უკრაინელებისგან ბევრი მესიჯი მივიღე' - ქართველი ხარი ევროპის ჩემპიონატზე

“ქართველი ხარისთვის” ეს მსოფლიოს მე-6 ჩემპიონატია. 2019 წელს ამ ტურნირზე მიღებული უმძიმესი ტრავმის გამო 2020-ში პლანეტის უძლიერესი მამაკაცის ტიტულისთვის ბრძოლა ვერ შეძლო. 2021-ში დაბრუნდა და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ ჰქონდა, მეექვსე ადგილი დაიკავა, კასრის სროლაში კი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

“კასრი 7 მეტრსა და 26 სანტიმეტრზე გადავაგდე, რაც რეკორდი ყოფილა. არც ვიცოდი, - ამბობს ჯანაშია, - წელს რეკორდების მოძრაობები ნაკლებად იქნება, უფრო მეტად მათ გამეორებასა და გამძლეობაზე იქნება აქცენტები. მოლოდინი დიდია, რადგან საჩემო, კარგი მოძრაობებია. თითქმის ყველა მოძრაობა ჩემთვის მოსახერხებელია. არცერთი მოძრაობა არ არის ისეთი, რასაც ვერ ვაკეთებ. სადღაც 12 მოძრაობაა და ყველაში კარგად ვასპარეზობ.” - ამბობს ჯანაშია.

World’s Strongest Man 2022-ზე 24-26 მაისს საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება. ფინალები 28-29 მაისს შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები