Thumbnail
  • კოსტა რიკა 0:1 სერბეთი
  • 0:1 კოლაროვი (56)

მსოფლიო თასის გათამაშებაში დღეს E ჯგუფის გუნდები ჩაერთვნენ, პირველი შეხვედრა სამარაში გაიმართა, კოსტარიკელთა მეტოქე სერბეთი იყო.

ჩრდილოეთ ამერიკულმა გუნდმა წინა მსოფლიო თასზე ფენომენალური შედეგი აჩვენა - გუნდი გავიდა ჯგუფიდან, რომელშიც მათ გარდა ურუგვაი, ინგლისი და იტალია თამაშობდნენ, შემდეგ გზიდან საბერძნეთიც წარმატებით ჩამოიშორა და საბოლოოდ გათამაშებას ჰოლანდიის ნაკრებთან, თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოეთიშა. 8 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა მუნდიალზე სერბეთი, მლადენ კრსტაიჩის ფეხბურთელებმა შესარჩევის D ჯგუფი ირლანდიას, უელსს, ავსტრიას, საქართველოს და მოლდოვას მოუგეს, ჩემპიონატის პირველ მატჩზე ისინი ფავორიტების რანგში გავიდნენ.

მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში სერბი ფეხბურთელები საგრძნობ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მათი შეტევები ქაოტური იყო, სახიფოთო ეპიზოდები მეტწილად კეილორ ნავასის კარის სიახლოვეს იქმნებოდა. რეალ მადრიდელს თამაშში ჩართვა რამდენიმე ჯერზე მოუხდა, მისი კარის დალაშქვრასთან ყველაზე ახლოს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი იყო. ლაციოს ფორვარდს ნავასმა კუთხე გამოუცნო.

მეორე ტაიმის სტარტზე კეილორ ნავასმა საკუთარი კარი მშრალად კიდევ ერთხელ შეინახა. მილინკოვიჩ-სავიჩი ამჯერად ასისტენტის როლში მოგვევლინა, შეტევის შედეგიანი დარტყმით დასრულების მცდელობა ალექსანდრ მიტროვიჩს ჰქონდა... კოსტარიკელთან პირისპირ დარჩენილმა ნიუკასლის ფორვარდმა დარტყმა მარჯვენა დაბალ კუთხეში გადაწყვიტა. უგულო ფრე ხელუხლებელი დარჩა.

რამდენიმე წუთში სერბეთმა წარმატებას სტანდარტული მდგომარეობის შედეგად მიაღწია. ალექსანდრ კოლაროვის მიერ საჯარიმოდან მარჯვენა მაღალ კუთხეში გაგზავნილი ბურთის მოგერიების შანსი კეილორს მინიმალური ჰქონდა. რომას მარცხენა მცველმა, რომელიც პარალელურად სერბების კაპიტანიც არის ტურნირზე თავისი გუნდის პირველი გოლი გაიტანა.

56' კოლაროვი - 0:1

სხვაობის გაზრდა სერბებს კიდევ შეეძლოთ, ანგარიშში უპირატესობის მიუხედავად ოსკარ რამირესის გუნდზე ზეწოლა მათ არ შეუმცირებიათ. რამდენიმე კარგი მომენტი მათ ჰქონდათ, საბოლოოდ 0:1 საფინალო სასტვენამდე შენარჩუნდა. ჯგუფში სადაც ამ ორი გუნდის გარდა ბრაზილია და შვეიცარიაც თამაშობენ სერბეთმა ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

► ალექსანდრ კოლაროვი ფიფას ვერსიით (გულშემატკივართა გამოკითხვა) მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

► ალექსანდ კოლაროვის სტანდარტიდან გოლი მიმდინარე მსოფლიო თასზე რიგით მესამე ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო.

► დრაგან სტოიკოვიჩის შემდეგ კოლაროვი სერბეთის ნაკრების პირველი კაპიტანია, რომელმაც მსოფლიო თასზე გოლის გატანა მოახერხა.

► სერბები მსოფლიო თასებზე პირველ მატჩებს მინიმალური სხვაობებით ასრულებენ:
1998: 1-0, 2006: 0-1, 2010: 0-1, 2018: 1-0

კომენტარები

ბოლო ამბები