Thumbnail
  • დალასი გოლდენ სტეიტისთვის მემფისზე მოსახერხებელი მეტოქე ჩანს
  • მავერიკსის შესაძლებლობების ზღვარი ჯერ არ გვინახავს
  • ბრანსონსა და დინვიდიზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

აღმოსავლეთის შემდეგ, NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიაც იწყება - გოლდენ სტეიტი V დალასი. ტრავმების გამო ჩავარდნილი სეზონების შემდეგ გოლდენ სტეიტი საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნდა - ანუ იქ, სადაც ბევრი წელია მიჩვეულები ვართ, რომ კალიფორნიელები ვიხილოთ. მათი მეტოქე ის გუნდია, ვისაც ამ ეტაპზე ალბათ ბევრი არ ელოდა. დალასი ფავორიტი არც იუტას წინააღმდეგ იყო და, მით უმეტეს, არც ფინიქსის.

გოლდენ სტეიტი ფავორიტია, რადგან საჩემპიონო გამოცდილებასთან და წლობით დალაგებულ სათამაშო სისტემასთან ერთად, საკმაოდ გრძელი და ღრმა გუნდი ჰყავს. კარი, კლეი, ჯორდან პული და ენდრიუ უიგინსი სტაბილური ოპციებია შეტევაში. დალასს ძალიან გაუჭირდება კარის წინააღმდეგ შესაფერისი მცველის პოვნა. გაჭირდება ლუკა დონჩიჩის დაცვაში დამალვა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ გოლდენ სტეიტი ბურთს ძალიან სწრაფად ამოძრავებს და თავისუფალ მსროლელს იოლად პოულობს.

გოლდენ სტეიტმა მემფისი 4:2 დაამარცხა

ჯეისონ კიდმა გუნდური დაცვა ძალიან კარგად დააყენა, თუმცა არც დონჩიჩი და არც ჯეილენ ბრანსონი ინდივიდუალურ დონეზე კარგი მცველები არ არიან. დალასის საუკეთესო მცველი დორიან ფინი სმითი ალბათ კლეი ტომპსონის წინააღმდეგ ითამაშებს. დალასმა კრის პოლის მაგალითზე აჩვენა, რომ შეუძლია, მეტოქის გამთამაშებლებს დიდი პრობლემები შეუქმნას, თუმცა კარი პოლი არ არის - ბევრად მეტს მოძრაობს, მაღალ სისწრაფეზე თამაშობს და ზოგადად, დალასს ამდენი შემტევი ოპციის ერთდროულად დაკეტვა უნდა გაუჭირდეს.

ზოგადად, ორივე მსროლელი გუნდია, თუმცა გოლდენ სტეიტს უფრო მეტი მაღალი ხარისხის მსროლელი ჰყავს. ზოგადად, მემფისის სახით 'უორიორსმა' ძალიან მოუხერხებელი მეტოქე დაამარცხა - მემფისი კალიფორნიელებზე ბევრად ათლეტური და ფიზიკური იყო. ახლა დალასი თითქოს უფრო მოსახერხებელი მეტოქეა.

კიდის გუნდის შანსი ლუკა დონჩიჩია. ლუკამ ეს სერია პირადად უნდა მოიგოს. გოლდენ სტეიტი ალბათ მის წინააღმდეგ ძირითადად ენდრიუ უიგინსით ითამაშებს, რომელიც დონჩიჩს გაბარიტებში ჩამოუვარდება. თუმცა, სტივ კერის გუნდს რეგულარულში 100 პოზიციაზე 106.6 ქულით ბოსტონის მერე საუკეთესო დაცვა ჰყავდა და მარტო დონჩიჩით მოგება წარმოუდგენელია.

ლუკა დონჩიჩი, ჯეისონ კიდი და ჯეილენ ბრანსონი

დალასს შანსი რომ ჰქონდეს, შეტევაში მეორე და მესამე ოპციებმა - ჯეილენ ბრანსონმა და სპენსერ დინვიდიმ სტაბილურად უნდა ჩააგდონ. დალასის შანსიც ეს არის - თუკი ბრანსონი და დინვიდი ლუკას სტაბილურად დაეხმარებიან და დალასის დაცვა 'უორიორსს' ნაწილობრივ მაინც შეზღუდავს, ჯეისონ კიდის გუნდი უშანსოდ ნამდვილად არ იქნება. ეს არც არის გამორიცხული - ბრანსონს იუტასთან ჰქონდა ძალიან კარგი სერია, დინვიდის კი ფინიქსის წინააღმდეგ.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თამაშის ტემპზეც. დალასს ტემპის დაგდება აწყობს - დაბალ ტემპში და იზოლაციებში დონჩიჩი პარკეტზე ორივე გუნდში საუკეთესო მოთამაშე იქნება. თუ ტემპი მაღალი იქნება, გოლდენ სტეიტი უფრო კარგად იგრძნობს თავს - დალასის დაცვაში სუსტ წერტილებსაც უფრო იოლად იპოვის და თავის მსროლელებსაც სასროლ პოზიციებზე სტაბილურად გაიყვანს.

არის სხვა ფაქტორიც, ემოციური - დალასს 'მომენტუმი' აქვს. ფინიქსთან სენსაციური გამარჯვების შემდეგ ტექსასელები აუცილებლად ძალიან კარგად ხასიათზე და თავდაჯერებულები იქნებიან. კალათბურთში კი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. გოლდენ სტეიტი აშკარა ფავორიტია, დალასის შესაძლებლობების ზღვარი კი ჯერ არ გვინახავს.

კომენტარები

ბოლო ამბები