Thumbnail

საკალათბურთო კლუბ ბარსელონაში უკმაყოფილონი დარჩნენ იმ ფაქტით, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლა მიროტიჩი ესპანეთის ლიგა ენდესას პირველ სიმბოლურ ხუთეულში ვერ მოხვდა.

კატალონიელებისთვის გაუგებარი დარჩა როგორ შეიძლებოდა, მონტენეგროში დაბადებული ესპანელი კალათბურთელი შეეყვანათ ევროლიგის საუკეთესო კვინტეტში და ამ ფონზე რჩეულ ხუთეულს მიღმა აღმოჩენილიყო შიდა ასპარეზზე.

“მგონი, ის დროა, ლიგამ საუკეთესოთა დასახელების დროს კრიტერიუმების გადაფასებაზე იფიქროს. მიროტიჩმა საკმარისზე მეტი გააკეთა იმისთვის, რომ პირველი სიმბოლურ ხუთეულში ყოფილიყო, იქ კი, შერმადინი და მონეკე მოხვდნენ”, - განაცხადა ესპანური გრანდის აღმასრულებელმა დირექტორმა ხოსეპ კუბელსმა.

ცნობისთვის, რჩეულთა გამოვლენაში 4 სეგმენტი მონაწილეობდა, რომელთაც თანაბარი წილი (25%) ჰქონდათ. ფანების, მოთამაშეების, მწვრთნელებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ წინა ხაზის კალათბურთელებს შორის ყველაზე მეტი ქულა (80) შერმადინმა მიიღო, მეორე მანრესელი მონეკე (75) იყო, მიროტიჩმა კი 40 ქულით მხოლოდ მე-3 ადგილი დაიკავა.

შედეგად, ისე გამოვიდა, რომ ნიკოლა მე-2 სიმბოლურ კვინტეტში აღმოჩნდა შენონ ევანსთან (ბეტისი), აიზია ტეილორთან (მურსია), ჯო ტომასონთანა (მანრესა) და ვალტერ ტავარესთან (რეალი) ერთად, პირველ ხუთეულში კი, შერმადინისა და მონეკეს გარდა, მარსელინიო უერტასი (ტენერიფე), ნიკო ლაპროვიტოლა (ბარსელონა) და ძანან მუსა (ბრეოგანი) მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ როგორც შერმადინის ლენოვო ტენერიფე, ასევე მიროტიჩის ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფში არიან გასულნი და შესაძლოა, მათი გზები ნახევარფინალში გადაიკვეთოს. ამისთვის, ტენერიფელებმა ხუვენტუტს უნდა აჯობონ, ხოლო ბარსამ გრან კანარია დაამარცხოს. მეოთხედფინალური სერიები სტარტს 24 მაისიდან აიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები