Thumbnail

ATP-მ რუსების გამო ბრიტანული ტურნირების დასჯა ვერ გაბედა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საჩოგბურთო სამყარო რუსული სპორტის იზოლაციას განსხვავებულად ხედავს
  • თუმცა ქვინზისა და ისტბორნის ტურნირების დასჯა ATP-მ ვერ გარისკა

უკრაინაში ომის გამო რუსული სპორტი თითქმის სრულ იზოლაციაშია, რუსეთის ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებს ყველა სახეობაში ჩამოცილებული არიან, ბევრ სახეობაში კი არც რუსი (და ბელარუსი) სპორტსმენები არიან დაშვებულნი საერთაშორისო ასპარეზზე. ამ მხრივ, ჩოგბურთი გამონაკლისია. მეტიც, ATP და WTA აშკარად მტრულად შეხვდა უიმბლდონის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებას, რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელებისთვის წლევანდელ ტურნირზე მონაწილეობაზე უარისთვის. ბრიტანეთის წინააღმდეგ გაილაშქრეს ცნობილმა ჩოგბურთელებმა ნოვაკ ჯოკოვიჩის მეთაურობით. განიხილებოდა ბრიტანული ტურნირების დაჯარიმების საკითხიც, თუმცა ATP და WTA ამხელა დაპირისპირებაზე აღარ წავიდნენ.

ცნობილი გახდა, რომ ქვინზის და ისტბორნის ბრიტანული ტურნირები ჩვეულებრივ გაიმართება (მათზეც აკრძალულია რუსებისა და ბელარუსების თამაში), ტურნირებისთვის განკუთვნილი სარეიტინგო ქულებიც ჩვეულებრივად გაიცემა. დღეს ATP-მ დაადასტურა: "ქვინზისა და ისტბორნის ტურნირები გაიმართება და მოთამაშეებს დაერიცხებათ ATP-ის ქულები სრულად". 

ATP კვლავ გმობს LTA-ს გადაწყვეტილებას რუსებთან დაკავშირებით: "ბრიტანელების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჩვენს წესებსა და პრინციპებს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ეროვნების ჩოგბურთელს აქვს თამაშის უფლება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ეს ATP ტურის ფუნდამენტური პრინციპია, მთავარი მხოლოდ ჩოგბურთელების დამსახურებაა. ATP-ის პასუხი უიმბლდონის ტურნირთან დაკავშირებით განხილვის პროცესშია და თავის დროზე გამოცხადდება". 

კომენტარები

ბოლო ამბები