Thumbnail

‘ამ ღიმილს სახიდან ვეღარ მომაშორებთ’ - დონჩიჩი გოლდენ სტეიტს ელოდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ლუკა დონჩიჩი და დალას მავერიკსი ფინიქს სანსთან ისტორიული მე-7 თამაშის გასაოცრად მარტივად მოგების შემდეგ NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში არიან, სადაც გოლდენ სტეიტთან ძალიან დამაინტრიგებელი მატჩები ელით. სტეფ კარი V ლუკა დონჩიჩი - როგორი ანონსია?

ფინიქსთან მატჩის შემდეგ დალასის სლოვენიელი სუპერვარსკვლავი (35 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი) თავისი გუნდის თამაშით აღფრთოვანებული იყო. 

“ამ ღიმილს სახიდან ვეღარ მომაშორებთ,” - თქვა 23 წლის დონჩიჩმა მატჩის შემდეგ, - უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. ძალიან მძიმე ბრძოლები გვქონდა, მეშვიდე თამაშში კი დიდი განაცხადი გავაკეთეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ გვჯეროდა ამ გამარჯვების.” 

დალასი ფინიქსთან სერიაში თავიდან 0:2 მარცხდებოდა და თუ ამ პოსტსეზონს არ ჩავთვლით, 2011 წლის შემდეგ პლეი ოფში არცერთი სერია არ ჰქონდა მოგებული. თუმცა მესამე თამაშიდან დალასმა ძალიან მოუმატა როგორც შეტევაში, ისე დაცვაშიც. მეშვიდე მატჩში ფინიქსმა მავერიკსს პირველ ტაიმში მხოლოდ 27 ქულა (!) ჩაუგდო. ამდენი ქულა პირველი ტაიმის შემდეგ დალასიდან მარტო დონჩიჩს ჰქონდა.

“უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. არასდროს არაფრის ეშინია,” - ეს სპენსერ დინვიდის სიტყვებია (30 ქულა) დონჩიჩზე.

“საქმე მხოლოდ მე არ მეხემა, მთელმა გუნდმა საოცრად ვითამაშეთ, - დასძინა დონჩიჩმა, - დაუჯერებელი დღე გვქონდა. პლეი ოფის მეშვიდე მატჩში ერთი გუნდის ასეთი თამაში არასდროს მინახავს. არ მახსენდება, რომ ვინმეს პლეი ოფში სტუმრად ასე ეთამაშოს. შესაბამისად, ძალიან ვამაყობ.”

მართლაც, ESPN Stats & Info-ს ცნობით, NBA-ს ისტორიაში მხოლოდ ერთი Game 7 იყო, რომელშიც სტუმარმა გუნდმა უფრო დიდი სხვაობით მოიგო - 1948 წელს ფილადელფია უორიორსმა სენტ ლუის ბომბერსი სტუმრად 39-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა. 

ახლა დალასს დასავლეთ კონფერენციის ფინალი ელოდება - გოლდენ სტეიტთან. ტექსასელებს ფავორიტებად ისევ არ მიიჩნევენ, მაგრამ დალასის მწვრთნელისთვის პრობლემა არ არის. აი, რას ამბობს ჯეისონ კიდი: “ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების. ვერ ვიტან ჩარჩოებსა და ლიმიტებს. არ ვიცით, სადამდე წავალთ. უბრალოდ უნდა ვითამაშოთ და მაქსიმუმი ვაკეთოთ. ასე იყო დღესაც. ამ სერიაში ყველა უშანსოდ მიგვიჩნევდა. ბევრი ამბობდა, დალასი ფინიქსთან განადგურდებაო.”

გოლდენ სტეიტისა და დალასის სერია ხუთშაბათს გამთენიისას იწყება. სუპერ-თამაშები გველის.

კომენტარები

ბოლო ამბები