Thumbnail

რაკუვი გაგნიძეს ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის შემცვლელად განიხილავს

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ქართველი ნახევარმცველი პოლონელთა რიგებში იჯარის წესით თამაშობს
  • ჩესტუკოველები ლუკას გუნდში ივი ლოპესის ნაცვლად ხედავენ

პოლონური გამოცემა sport.pl წერს, რომ რაკუვ ჩესტუკოვას ხელმძღვანელობა გუნდში ქართველი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძის დატოვებას ცდილობს და სურს, 19 წლის ნახევარმცველთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმოს. 

მოგეხსენებათ, ლუკა პოლონურ კლუბში მოსკოვის დინამოდან იჯარის წესითაა გაშვებული, რისი უფლებაც ფიფას რუსეთ-უკრაინის ომის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით მიეცა. საიტის მიხედვით, თეორიულად, გაგნიძე ოკუპანტი ქვეყნის გუნდს უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეს ნაკლებად მოსალოდნელია.

ქართველ ნახევარმცველს რაკუვში დარჩენა მხოლოდ ფიფას გადაწყვეტილებით შეეძლება, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ფედერაციამ უახლოეს პერიოდში უნდა მიიღოს. თუ ვლადიმირ პუტინის მოქმედებებით ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, რუსეთის მიმართ სპორტულ სფეროებში დაწესებული სანქციები არ უნდა შერბილდეს. 

აღსანიშნავია, რომ რაკუვი ლუკა გაგნიძეს ივი ლოპესის შემცვლელად განიხილავს. 28 წლის ესპანელი ნახევარმცველი, რომელიც წლების მანძილზე ხეტაფეში, ლევანტესა და სევილიას მეორე გუნდში თამაშობდა, პოლონეთის ეკსტრაკლასას საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელია. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ლოპესს, რომელსაც ლა ლიგაში 41 მატჩი აქვს ჩატარებული, ახლო აღმოსავლეთიდან ძალიან კარგი შეთავაზება მოუვიდა და დიდი შანსია, კარიერა არაბულ ქვეყანაში განაგრძოს. პოლონეთის ჩემპიონობისთვის მებრძოლ კლუბში მიიჩნევენ, რომ 19 წლის ქართველ ნახევარმცველს ივის ჩანაცვლება შეუძლია. 

კომენტარები

ბოლო ამბები