Thumbnail
  • 📅 14 მაისი | 🏟 უემბლი | ⌚ 19:45 | ⚽ ჩელსი V ლივერპული
  • ჩელსის შანსი აქვს, სეზონი ტიტულით დაასრულოს
  • ლივერპული FA თასის ფინალში დიდი ხანია, არ ყოფილა
  • ყველაფერი, რაც ფინალის შესახებ უნდა იცოდეთ

ამ ტურნირმა სტარტი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, 1871/72 წლებში აიღო! 

მსოფლიოში უძველესი საფეხბურთო ტურნირის, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში წელს ერთმანეთს ლივერპული და ჩელსი ტრადიციულად "უემბლიზე" დაუპირისპირდებიან.

"მერსისაიდელები" FA თასის ფინალში 2012 წლის შემდეგ პირველად არიან. 10 წლის წინ ლივერპულმა სწორედ ჩელსისთან წააგო და მას შემდეგ იქ აღარ ყოფილა. იურგენ კლოპის ეპოქაში გუნდი პირველად ითამაშებს ასოციაციის თასის ფინალში და ეცდება, გერმანელ მწვრთნელთან ერთად კიდევ ერთი ტიტული მოიგოს.

ლივერპულისგან განსხვავებით, ბოლო წლებში ჩელსი ასოციაციის თასის ფინალში ხშირად თამაშობს, თუმცა არცთუ ისე წარმატებით. ლონდონელები ბოლო 6 წელიწადში FA თასის ფინალში მეხუთედ არიან, თუმცა ტიტულის მოგება მხოლოდ ერთხელ, 2018 წელს შეძლეს. თომას ტუხელის გუნდს მიმდინარე სეზონში სხვა ტიტულის მოგების შანსი აღარ აქვს. ასე რომ, ეს ბოლო შანსია.

ჩელსი და ლივერპული FA თასის ფინალში ერთმანეთს პირველად 2012 წელს შეხვდნენ

ჩელსი და ლივერპული ერთმანეთს წინააღმდეგ წელს უკვე მეორე ფინალს ითამაშებენ. თებერვალში ისინი ერთმანეთს ინგლისის ლიგის თასის ფინალში დაუპირისპირდნენ, სადაც კლოპის გუნდმა ლონდონელები თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და სეზონის პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ტიტული მოიპოვა. აქედან გამომდინარე, ლონდონელები რევანშზე ფიქრობენ.

ლივერპულს ჩელსისგან განსხვავებით სხვა გადამწყვეტი თამაშებიც აქვს სათამაშო. კლოპის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული, სადაც 28 მაისს მადრიდის რეალს დაუპირისპირდება. ტოტენჰემთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ პრემიერლიგის მოგების შანსები შემცირდა, თუმცა ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "მერსისაიდელები" მანჩესტერ სიტის 3 ქულით ჩამორჩებიან და მათ პრემიერლიგის თამაშებზე ფიქრიც მოუწევთ.

ფინალში ფავორიტი არ არსებობს, თუმცა ბოლო პერიოდში ლივერპული ჩელსისთან შედარებით უკეთეს ფორმაშია. ლონდონელები არასტაბილურად გამოიყურებიან და ფინალის მცირე, თუმცა მაინც ფავორიტი, ლივერპულია. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ჩელსიმ ასოციაციის თასის ბოლო 17 მატჩიდან 14 მოიგო.

⚽ ამ ორმა გუნდმა ბოლო 3 შეხვედრიდან (ყველა ტურნირზე ერთად) სამივე ფრედ ითამაშა.

⚽ ლივერპულს FA თასზე 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

⚽ ჩელსისა და ლივერპულს შორის გამართული ბოლო სამი შეხვედრიდან სამივეში პირველი ტაიმიც ფრედ მორჩა და მთლიანად მატჩიც.

⚽ "მერსისაიდელების" ბოლო 7 დაპირისპირებიდან (ინგლისის თასზე) 6-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ იურგენ კლოპის გუნდმა ასოციაციის თასის ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ თომას ტუხელის გუნდმა FA თასის ბოლო 3 შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ "ლურჯები" ბოლო 6 წელიწადში ასოციაციის თასის ფინალში მეხუთედ გავიდნენ.

⚽ წინა 5 ფინალიდან ჩელსიმ მხოლოდ ერთი მოიგო.

⚽ ჩელსი ასოციაციის თასის ფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებს. ლონდონელებმა წინა ორი ფინალი წააგეს. (არსენალთან 1:2 და ლესტერთან 0:1).

⚽ ლივერპული FA თასის ფინალში ბოლოს 2012 წელს გავიდა და იქ სწორედ ჩელსისთან დამარცხდა (1:2).

⚽ "მერსისაიდელებს" ინგლისის ასოციაციის თასი 7-ჯერ აქვთ მოგებული (ბოლო 2006 წელს).

⚽ ლონდონელებს FA თასი 8-ჯერ აქვთ მოგებული (ბოლო 2018 წელს).

⚽ გამომდინარე იქიდან, რომ თომას ტუხელი და იურგენ კლოპი ორივე გერმანელია, ისტორიაში პირველად მოხდება, როდესაც ინგლისის ასოციაციის თასს გერმანელი მწვრთნელი მოიგებს. 

⚽ ასოციაციის თასის ბოლო 15 ფინალიდან 13-ში გამარჯვებულმა მეტოქეს მხოლოდ 1-ბურთიანი სხვაობით მოუგო.

⚽ ეს ორი გუნდი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ერთმანეთს ისტორიაში მეორედ დაუპირისპირდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (3-4-2-1): მენდი - ასპილიკუეტა, სილვა, რიუდიგერი - ჯეიმსი, ლოფტუს-ჩიკი, ჟორჟინიო, ალონსო - მაუნტი, პულისიჩი - ლუკაკუ.
ტრავმა: ჩილუელი, ჰადსონ-ოდოი, კოვაჩიჩი, კანტე (?).

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - კეიტა, ჰენდერსონი, ტიაგო - სალაჰი, მანე, დიასი.
ტრავმა: ფაბინიო.

კომენტარები

ბოლო ამბები