Thumbnail

ამ წყვილში მე-7 თამაში უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა: დალასმა რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდს სერიაში ანგარიში ისევ გაუთანაბრა და წინ გადამწყვეტი მატჩია, რომელიც ყველამ უნდა ნახოს. მავერიკსის 113:86 გამარჯვება ლუკა დონჩიჩის და შესანიშნავი დაცვის დამსახურებაა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სლოვენიელმა წლევანდელი პოსტსეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა - საბოლოოდ მის აქტივში 33 ქულა (11/26), 11 მოხსნა, 8 ასისტი და 4 ჩაჭრა (მხოლოდ 1 დაკარგვა) იყო. 35 წუთში.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ჯეილენ ბრანსონის (18 ქულა, 6/14) და სპენსერ დინვიდის (15 ქულა, 5/7 სამქულიანი) კარგი თამაში. რეჯი ბალოკს (19 ქულა, 5/11 სამქულიანი, 7 მოხსნა) და მაქსი კლებერსაც (9 ქულა, 3/6, 4 მოხსნა) კარგი დღე ჰქონდათ. 

ფინიქსიდან საუკეთესოები დეანდრე ეიტონი (21 ქულა, 10/16, 11 მოხსნა) და დევინ ბუკერი (19 ქულა, 6/17, 8 დაკარგვა) იყვნენ. კრის პოლმა ვერ იბრწყინა (13 ქულა, 4/7, 4 ასისტი, 5 დაკარგვა), სანსის სხვა მოთამაშეები კი 10 ქულამდეც ვერ ავიდნენ.

დალასმა განსაკუთრებით კარგი დაცვა მეორე პერიოდში ითამაშა. საბოლოოდ, ფინიქსს 22 დაკარგვა ჰქონდა, დალასს კი - მხოლოდ 6. დონჩიჩს სულაც მხოლოდ 1 დაკარგვა ჰქონდა, რაც მისთვის პლეი ოფში საუკეთესო შედეგია. აი, ფინიქსს კი 22 დაკარგვა ბოლოს 2021 წლის მარტში, მინესოტასთან ჰქონდათ. 

“წინა მატჩში საშინელი მარცხის შემდეგ ძალიან კარგად დავბრუნდით. იმიტომ, რომ ვიბრძოლეთ! მე-7 თამაშშიც ასე იქნება, ჩვენ არ გვეშინია,” - თქვა მატჩის შემდეგ დონჩიჩმა.

“დალასმა დღეს ძალები მოიკრიბა და აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა, რაც შეუძლია. ჩემი გუნდის ასეთი არაორგანიზებული თამაში შეტევაში აქამდე არასდროს მინახავს. უნდა გვესმოდეს, რომ მართლაც ძალიან კარგი მეტოქე გვყავს,” - ეს ფინიქსის მთავარი მწვრთნელის, მონტი უილიამსის სიტყვებია.

“მეშვიდე თამაში - ეს ამ სპორტის საუკეთესო სიტყვებია. ცხადია, გვერჩივნა, რომ დალასთან Sweep-ით მოგვეგო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მიხარია, რომ პირველად მექნება Game 7,” - აღნიშნა დევინ ბუკერმა.

მოკლედ, 3:3, რასაც ბევრი ალბათ არც ელოდა და გადამწყვეტი მე-7 მატჩი 16 მაისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები