Thumbnail
  • მოჰამედ სალაჰი რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს
  • ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ ლიდერის გამოჯანმრთელება დაადასტურა
  • კუპერის თქმით, ურუგვაისთან სალაჰის თამაში რისკთან იყო დაკავშირებული

ეგვიპტის ნაკრების ლიდერი და იმედი მოჰამედ სალაჰი აბსოლუტურად ჯანმრთელია და მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, 19 ივნისს, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ 100 პროცენტით მზადაა - ეს ინფორმაცია ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის სალაჰმა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მხრის ტრავმა აწუხებდა, პირველ შეხვედრაში, ურუგვაისთან არ ითამაშა. მო სათადარიგოთა სკამზე იყო და თანაგუნდელებს ქომაგობდა, მაგრამ მის გარეშე ეგვიპტე ურუგვაისთან 0:1 დამარცხდა.

სალაჰი ურუგვაისთან თანაგუნდელებს სათადარიგოთა სკამიდან ქომაგობდა

ეგვიპტელი ფანები მთელი მატჩის განმავლობაში მის გვარს სკანდირებდნენ, მაგრამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ექტორ რაულ კუპერმა სალაჰი მოედანზე არ შეიყვანა, რის გამოც არგენტინელს ბევრი ქომაგი გაუნაწყენდა. ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ განმარტა, რომ სალაჰის ურუგვაისთან თამაში დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.

“სალაჰს ურუგვაისთანაც შეეძლო თამაში, მაგრამ ეს ზედმეტად დიდი რისკი იქნებოდა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ამ რისკზე წასვლა არ ღირდა. სამაგიეროდ, სალაჰი მეორე და მესამე ტურის მატჩებში ითამაშებს,” - ნათქვამია ეგვიპტელთა ოფიციალურ განცხადებაში.

აქვე ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელდა ნახევარმცველი ტარეკ ჰამედიც, რომელმაც ურუგვაისთან ზურგის ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ეს უკანასკნელიც ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა პირველი მატჩი საუდის არაბეთს 5:0 მოუგო...

კომენტარები

ბოლო ამბები