Thumbnail
  • 17 ივნისი / 19:00 / მოსკოვი / გერმანია V მექსიკა
  • მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მექსიკასთან მატჩით იწყებს
  • ოსორიოს გუნდი თავდაჯერებულია, გერმანიას მხოლოდ მოგება სურს

გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას მექსიკასთან მატჩით იწყებს, რომელიც მოსკოვში, “ლუჟნიკებზე” გაიმართება. 4 წლის წინანდელი ტრიუმფის შემდეგ, ბუნდესგუნდში ბევრი რამ შეიცვალა. რამდენიმე გამოცდილმა გერმანელმა ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, ხოლო მარიო გიოტცე, რომელმაც 2014 წლის მუნდიალის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა და გმირი გახდა, წელს განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა.

თუმცა მსოფლიოს ოთხგზის და მოქმედ ჩემპიონებში ორი მნიშვნელოვანი ასპექტი უცვლელია. პირველი: გერმანიის ნაკრები ისევ ძალიან ძლიერი და წარმატებულია. მეორე: ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელი კვლავ იოახიმ ლიოვია.

მესუთ იოზილი და სამი ხედირა

მსოფლიოს ჩემპიონებმა საკვალიფიკაციო ეტაპი უმაღლეს დონეზე, იდეალურად ჩაატარეს - ყველა, ათივე თამაში მოიგეს, გაიტანეს 43 და გაუშვეს მხოლოდ 4 ბურთი. ზუსტად ერთი წლის წინ, გერმანიამ მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით კონფედერაციათა თასი მოიგო. აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ლიოვმა გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი ნაადრევად გააგრძელა და გუნდს 2022 წლამდე უხელმძღვანელებს.

ბუნდესგუნდს პირველი მატჩი მექსიკასთან აქვს და აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ შარშან, კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში გერმანელებმა სწორედ მექსიკა დაამარცხეს (4:1). მას მერე, რაც გუნდს ხუან კარლოს ოსორიო წვრთნის (2015 წლიდან), მექსიკის ნაკრებმა სერიოზული პროგრესი განიცადა. საკვალიფიკაციო ეტაპი (კოკაკაფის ზონა) ოსორიოს გუნდმაც უპრობლემოდ გადალახა - მექსიკელებმა 16 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგეს და ისიც მაშინ, როცა მუნდიალის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდათ.

გერმანელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მექსიკის ნაკრები ბუნდესგუნდისთვის ჯგუფში ყველაზე რთული მეტოქეა. შეგახსენებთ, რომ F ჯგუფში კიდევ შვედეთი და სამხრეთ კორეა თამაშობენ.

იოახიმ ლიოვი

მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ბევრი არაფერი გაამხილა, ის კი თქვა, რომ იულიან დრაქსლერი მექსიკასთან ძირითად შემადგენლობაში იქნება: “დრაქსლერი შარშან, კონფედერაციათა თასზე ჩვენი კაპიტანი იყო და ხვალ ის, მექსიკასთან, აუცილებლად სასტარტო შემადგენლობაში იქნება. შემადგენლობის შესახებ სხვას არაფერს გეტყვით - მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველამ იცის, როგორი შემადგენლობით ვითამაშებთ,” - განაცხადა 58 წლის ლიოვმა, რომელსაც იმედი აქვს, რომ 2014 წლის მუნდიალის მსგავს სტარტს აიღებს - მაშინ გერმანელებმა პორტუგალიელები 4:0 გაანადგურეს.

მექსიკელებმა კარგად იციან, რომ მსოფლიოს ჩემპიონებთან მათ ყველა აუტსაიდერად მიიჩნევს - მათთვის ფრეც ძალიან კარგი შედეგი იქნება. აქვე ვთქვათ, რომ მექსიკის ნაკრებს გერმანიასთან ბოლო ორი თამაში ერთნაირი ანგარიშებით, 1:4 აქვს წაგებული. თუმცა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ოსორიომ განაცხადა, რომ მისი გუნდი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან ბრძოლისთვის მზადაა და უშიშრად ითამაშებს.

გახსოვთ?

2014 წელს ორივე გუნდმა მოგებით დაიწყო
ვინ მოიგებს ამჯერად?

“ამ დღეს ძალიან დიდხანს ველოდით. მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამედ ვიასპარეზებ და ეს ჩემთვის უდიდესი მოვლენაა. ამასთან, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა. მთელ ქვეყანას ჩვენი იმედი აქვს,” - განაცხადა მატჩის წინ ჩიჩარიტომ.

“ყველა ფეხბურთელი მწყობრშია - მათ შორის მესუთ იოზილიც. კარში, როგორც ადრეც ვთქვით, მანუელ ნოიერი ჩაგდება. მანუ ვარჯიშებზე შესანიშნავად გამოიყურება და სათამაშოდ მზადაა,” - ეს ლიოვის სიტყვებია.

► გერმანიის ნაკრებმა მუნდიალის პირველი მატჩი ბოლოს 36 წლის წინათ წააგო (ალჟირთან) და მას მერე, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრებში საშუალოდ 3,5 გოლი გაჰქონდა. 

► მექსიკის ნაკრებს მუნდიალის პირველი მატჩის მოსაგებად 56 წელი დასჭირდა და ეს მე-9 ცდაზე, 1986 წელს მოახერხა, როცა მუნდიალი მექსიკაში ჩატარდა.

► 2014 წლის მუნდიალი ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. მექსიკამ კამერუნი 1:0 დაამარცხა, გერმანიამ კი - პორტუგალია 4:0 გაანადგურა.

სავარაუდო შემადგენლობები

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰექტორი - ხედირა, კროოსი - მიულერი, იოზილი, დრაქსლერი - ვერნერი.

მექსიკა (4-2-1-3): ოჩოა - სალსედო, უგო აიალა, მორენო, ლაიუნი - ერერა, გუადრადო - ველა - კორონა, ჩიჩარიტო, ლოსანო.

მსაჯი: ალირეზა ფაღანი (ირანი)

კომენტარები

ბოლო ამბები