Thumbnail
  • გოლდენ სტეიტ უორიორსი 101:98 მემფის გრიზლისი
  • დრამატული მატჩი გოლდენ სტეიტმა მოიგო
  • სტეფ კარიმ ისტორია კიდევ ერთხელ გადაწერა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გოლდენ სტეიტის გულშემატკივრებს ბევრი ისტორიული საღამო ჰქონიათ - ესეც ერთ-ერთი ასეთი იყო.

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში უორიორსის სუპერვარსკვლავმა სტეფ კარიმ პლეი ოფის ისტორიაში თავისი მე-500 სამქულიანი ჩააგდო - მანამდე ეს არცერთ სხვა კალათბურთელს არ მოუხერხებია.

მართალია, კარიმ 14-დან მხოლოდ 4 სამიანი გამოიყენა, მაგრამ ესეც საკმარისი გახლდათ იმისათვის, რომ 500 სამქულიანის ზღვარი გადაელახა. საბოლოოდ, კარი 32 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეც გახდა. პლეი ოფში 500 სამქულიანის ჩასაგდებად კარის მხოლოდ 121 თამაში დასჭირდა - ანუ თამაშში დაახლოებით 4-ს აგდებდა 40-პროცენტიანი სიზუსტით.

ამ გამარჯვებით გოლდენ სტეიტი მემფისთან სერიაში 3:1 დაწინაურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტივ კერის გუნდს დასავლეთ კონფერენციის ფინალში თამაშის განაღდება უკვე მომდევნო შეხვედრაში შეუძლია.

გოლდენ სტეიტმა თამაში ბოლო მეოთხედში შეატრიალა, რომელშიც კარიმ და კომპანიამ 39 ქულა ჩააგდეს. აღსანიშნავია, რომ უორიორსი საფინალო სირენამდე 45 წამით ადრე დაწინაურდა, მანამდე კი ერთხელაც არ ყოფილა წინ. ბოლო წუთზე კარის 6-მა ქულამ თამაშის ბედი გადაწყვიტა. აქვე უნდა აღინიშნოს დრეიმონდ გრინის გადამწყვეტი დაფარებაც, რომელიც მან თამაშის დასრულებამდე 15 წამით ადრე შეასრულა. მან ამით მემფისის ფორვარდის, ჯარენ ჯეკსონის სამქულიანი დაბლოკა და მემფისს ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მისცა.

კარიმ თავისი 32 ქულიდან (10/25, 4/14 სამქულიანი) 18 ბოლო მეოთხედში ჩააგდო. საერთოდაც, გოლდენ სტეიტს სამქულიანების პრობლემა ჰქონდა, რაზეც კლეი ტომპსონის (14 ქულა, 0/7 სამიანი) და ენდრიუ უიგინსის (16 ქულა, 1/5 სამიანი) სტატისტიკა მეტყველებს.

გოლდენ სტეიტმა პირველი 15 სამქულიანიდან ვერცერთი ჩააგდო. ბოლოს ასეთი რამ 11 წლის წინ მოხდა, დალასისა და ოკლაჰომას მატჩში, როცა პირველი 16 სამიანიდან არცერთი ჩავარდა. გოლდენ სტეიტს გაუმართლა, რომ სამქულიანებს თავიდან ვერც მემფისის კალათბურთელები ისროდნენ კარგად. ჯამში, ორივე გუნდმა საწყის 24 წუთში ერთად 40-დან 6 სამიანი ჩააგდო, ანუ, 15 პროცენტი.

ჰო, მემფისს ჯა მორანტის გარეშე ძალიან უჭირდა. მომდევნო მატჩი მემფისში 12 მაისს გაიმართება - მოგების შემთხვევაში უორიორსს კონფერენციის ფინალში თამაშის განაღდება შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები