Thumbnail

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 1000-იან მასტერსის (საპრიზო ფონდი 6 008 725 ევრო) მე-2 წრეში მეტოქის ვინაობა შეიტყო. ის კანადელი დენის შაპოვალოვია, რომელთანაც ორივე გასული მატჩი მოგებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ბასილაშვილი Internazionali BNL d'Italia-ს საწყის შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ დანიელ ევანსს გაეჯიბრა და მართალია, პირველ სეტში 2:5-ს აგებდა, საბოლოოდ, 7:6 (7:2), 6:2 იმარჯვა.

თავის მხრივ, 23 წლის შაპოვალოვმა იტალიელ ლორენცო სონეგოსთან სამსეტიანი დაპირისპირება გადაიტანა და 7:6 (7:5), 3:6, 6:3 მოიგო.

დენის შაპოვალოვმა დღეს იტალიელ ლორენცო სონეგოს მოუგო

როგორც აღვნიშნეთ, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ქართველი ჩოგბურთელის მხარესაა. ნიკას დენისისთვის ორივე თამაში 2018 წელს აქვს მოგებული და თანაც ძალიან იოლად: ბუდაპეშტში – 6:2, 6:4 და შანხაის მასტერსზე – 6:2, 6:2.

ბასილაშვილისა და შაპოვალოვის მატჩი 10 მაისს გაიმართება და მათ შორის გამარჯვებული, მერვედფინალში, დიდი ალბათობით, ლეგენდარულ ესპანელ რაფაელ ნადალზე გავა. ეს უკანასკნელი პირდაპირ მე-2 რაუნდშია დაშვებული და ამერიკელ ჯონ ისნერსა და არგენტინელ ფრანსისკო სერუნდოლოს შორის უმჯობესს ელის.

აქვე ვთქვათ, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიერ დღეს განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი 2 ადგილით დაწინაურდა და 1 618 ქულით 25-ე ადგილზეა. წესით, ნიკას წინსვლა ელის ევანსთან მოგების წყალობითაც, თუმცა, ბევრი რამ მისი კონკურენტების შედეგებზეც იქნება დამოკიდებული.

კომენტარები

ბოლო ამბები