Thumbnail

WhoScored-მა ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. გუნდში მოხვდა ვალენსიას 21 წლის გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც "სან მამესზე" ბრწყინვალედ ითამაშა - კარი მშრალად შეინახა, 5 "სეივი" მიითვალა, "მატჩის მეფედ" დაასახელეს და გამოცემისგან 7.91 შეფასებაც დაიმსახურა.

ამ ტურში 20-ვე მეკარეს შორის გიორგი მამარდაშვილს საუკეთესო შეფასება დაუგროვდა. მასთან ერთად სიმბოლურში ვალენსიას კიდევ ერთი ფეხბურთელია - მცველი ომარ ალდერეტე (7.8). დაცვაში ასევე მოხვდნენ: ქუინი (გრანადა. 7.7), მარიო სუარესი (რაიო ვალეკანო. 7.9) და ხავი გაიტანი (სელტა. 8.6). 

ნახევარმცველთა კვარტეტში მოხვდა იანიკ კარასკო, რომლის გოლმაც ატლეტიკოს მადრიდული დერბი მოაგებინა - 8.0 შეფასება. ასევე - სამუელ ჩუკვუეზე (ვილიარეალი. 8.2), დენის სუარესი (სელტა. 8.3) და დავიდ სილვა (რეალ სოსიედადი. 8.2). 

სიმბოლურში ორივე ფორვარდი ვიგოს სელტას წარმომადგენელია: იაგო ასპასი (9.9) და ტიაგო გალიარდო (8.3). 

WhoScored-ის საშუალო შეფასება 6.79-ია. მათ შორის, ვინც ამ სეზონში ლა ლიგის 5 მატჩზე მეტი ითამაშა, გიორგი მეკარეებში მესამეა და მხოლოდ ერემიას ლედესმას (კადისი. 6.81) და ედგარ ბადიას (ელჩე. 6.80) ჩამორჩება. ქართველი მეკარე თვით ტიბო კურტუას (რეალი. 6.78), იასინ ბონოს (სევილია. 6.77), მარკ-ანდრე ტერ შტეგენს (ბარსელონა. 6.51) და იან ობლაკს (ატლეტიკო. 6.35) უსწრებს. 

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში 17 მატჩში 17 გოლი გაუშვა. მან კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.

კომენტარები

ბოლო ამბები