Thumbnail
  • დალას მავერიკსი 111:101 ფინიქსს სანსი
  • დალასმა 20 ზუსტი სამქულიანის წყალობით მოიგო
  • ლუკა დონჩიჩი 26 ქულით და 11 პასით თავის გუნდში საუკეთესო იყო
  • კრის პოლმა ჯარიმების გამო მხოლოდ 23 წუთი ითამაშა

მეოთხე მატჩის წინ ლუკა დონჩიჩის დალასს გამარჯვება აუცილებლად სჭირდებოდა, რათა სერიაში ანგარიში გაეთანაბრებინა. ბევრისთვის მოულოდნელად, ტექსასელებმა ეს საკმაოდ იოლად მოახერხეს.

დალასი პირველივე მეოთხედში 10 ქულაზე მეტით წინ გავიდა და ეს ჰანდიკაპი მთელი შეხვედრა შეინარჩუნა. მთელი მატჩის მანძილზე ფინიქსმა ბევრი მცდელობის მიუხედავად, მეტოქესთან ანგარიშში მიახლოება ვეღარ მოახერხა.

დალასის წარმატება პირველ რიგში სამქულიანების დამსახურებაა. მათ პლეიოფში გუნდისთვის სარეკორდო 20 სამქულიანი ჩააგდეს და ამისთვის მხოლოდ 44 სროლა დასჭირდათ (ზუსტი სროლების 45.5 პროცენტი). განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ფინი-სმიტმა, რომელმაც 12-დან 8 ზუსტი სამიანი შეასრულა.

განსაკუთრებით მაღალი პროცენტით დალასი პირველ მეოთხედში ისროდა, როდესაც მეტოქეს სამქულიანების 60 პროცენტი, 13-დან 8 სროლა ჩაუგდო. ეს სტატისტიკა დალასს იმის ფონზე ჰქონდა, რომ დონჩიჩმა 10-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო. ანუ დალასის დანარჩენმა გუნდმა 34-დან 19 ზუსტი სამქულიანი ისროლა, რაც ასტრონომიული შედეგია.

დანარჩენ კომპონენტებში ტექსასელები უკეთესები არც ყოფილან. ორივე გუნდი დაახლოებით მსგავსი პროცენტით ისროდა - დალასს საერთო ჯამში ზუსტი სროლების 44.7 პროცენტი ჰქონდა, ფინიქსს- 46.4. ფინიქსი უკეთ ისროდა ორქულიანი დისტანციიდან, სამიანების 36 პროცენტი ჩააგდო (25-დან 9), თუმცა მაინც წააგო.

დონჩიჩს სამქულიანები არ წაუვიდა, თუმცა სხვა ყველაფერი გამოსდიოდა. სლოვენიელი მთელი გუნდის თამაშს უძღვებოდა, 26 ქულა ჩააგდო (25-დან 9 ზუსტი სროლა) და იმ ფონზე, როცა პერიმეტრიდან სროლა არ გამოსდიოდა, 11 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.

დალასის გამარჯვება სამქულიანებთან ერთად იმანაც განაპირობა, რომ ძალიან ცუდი შეხვედრა ჰქონდა კრის პოლს. იგი თავიდანვე დაიტვირთა ჯარიმებით, მხოლოდ 23 წუთი ითამაშა, ჯარიმების გამო თამაშის ნაადრევად დატოვება მოუწია და მხოლოდ 5 ქულას დასჯერდა. არადა, 23 წუთში 7 გადაცემაც ჰქონდა, რაც ძალიან კარგი შედეგია. ისიც აღსანიშნავია, რომ პოლს რამდენიმე ჯარიმა ძალიან საკამათოდ მისცეს მსაჯებმა.

მის გარეშე ფინიქსს დევინ ბუკერი ათამაშებდა, რომელმაც 22 სროლაში 35 ქულა გააკეთა. ბუკერმა 10 ზუსტ სროლას 13 ჯარიმაც მიაყოლა. დალასს მისი შეჩერება უჯარიმოდ ძალიან უჭირდა. ფინიქსისთვის მესამე თამაშის მსგავსად კვლავ პრობლემად დარჩა დაკარგვები. მონტი უილიამსის გუნდს 17 დაკარგვა ჰქონდა. მათ შორის 5-ჯერ ბურთი ბუკერმა დაკარგა, 4-4-ჯერ აიტონმა და კრაუდერმა.

მეხუთე თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ის ამერიკის დროით სამშაბათ საღამოს, ფინიქსში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები