Thumbnail
  • ეროვნული ლიგა | სიონი 3:7 დინამო თბილისი
  • ბოლნისში მიმდინარე სეზონის ყველაზე უხვგოლიანი თამაში გაიმართა

საქართველოს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩი ბოლნისში გაიმართა, სადაც ადგილობრივ სიონს დინამო თბილისმა უჩვეულო ანგარიშით - 7:3 მოუგო!

სწორედ ამ შეხვედრით გაიხსნა ეროვნული ლიგის მე-12 ტური და ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თამაშში 10 გოლს იხილავდა. არადა, ფაქტია, გუნდებს საათზე ნაკლები დრო დასჭირდათ 9 ბურთის გასატანად.

თბილისელები მე-4 წუთზე სტანისლავ ბილენკიმ დააწინაურა, რომელმაც ნიკა მალის ფლანგური გადაცემის მერე გაიტანა, მე-18 წუთზე კი უკრაინელმა თავდამსხმელმა საგოლე პასიც მიითვალა და სხვაობა უსმანე კამარამ გაზარდა. თუმცა, ზუსტად 6 წუთის შემდეგ ტაბლოზე თანაბარი ანგარიში ფიქსირდებოდა. ჯერ ნიკა ხორხელმა შეამცირა სხვაობა, მერე ლუკა ხორხელმა შეძლო გათანაბრება და ყველაფერი თავიდან დაიწყო. მიუხედავად ამისა, ტაიმი დინამომ მაინც ორბურთიანი სხვაობით მოიგო, რადგან 34-ე წუთზე ბილენკიმ გაიტანა და დუბლი შეასრულა, ხოლო 7 წუთის მერე მალის მორიგი საგოლე პასით გიორგი გაბედავამ შეაგდო.

შედეგიანი გამოდგა მეორე ტაიმიც. 50-ე წუთზე საიმონ ბენიოს თავური დარტყმა გამოდგა ზუსტი, ორ წუთში თომა ტაბატაძემ შეამცირა სხვაობა, ხოლო 57-ე წუთზე ოსეი ბარნსიმაც გაიტანა და 3:6! გუნდებს კიდევ საკმარისი დრო ჰქონდათ გასატანად და მომენტებიც შექმნეს, მაგრამ დარჩენილ დროში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე ბილენკიმ ჰეთ თრიკი შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ცნობისთვის, 2021 წლის სექტემბერში დინამო ბათუმისა და ლოკომოტივის შეხვედრაშიც 10 გოლი გავიდა და მაშინაც ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა - 7:3 (ბათუმელთა სასარგებლოდ).

ამრიგად, დინამო თბილისმა 22 ქულა დააგროვა და დინამო ბათუმთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, ხოლო სიონი 10 ქულით ისევ ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზეა. კახა ცხადაძის გუნდი მომდევნო ტურში 12 მაისს, გორის დილას ესტუმრება, ხოლო ბოლნისის სიონი 13 მაისს, სამგურალს უმასპინძლებს.

სიონი 3:7 დინამო თბილისი

გოლები: 0:1 ბილენკი (4), 0:2 კამარა (18), 1:2 ნ. ხორხელი (21), 2:2 ლ. ხორხელი (24), 2:3 ბილენკი (34), 2:4 გაბედავა (41), 2:5 ბენიო (50), 3:5 ტაბატაძე (52), 3:6 ბარნსი (57), 3:7 ბილენკი (90)

სიონი (4-1-4-1): ისიანი - კორიფაძე (46. ტვილდიანი), კილასონია (46. მაჩაიძე), ჯაფიაშვილი (69. კვერნაძე), ნემსაძე - ფოცხვერია - ნ. ხორხელი, უგრეხელიძე (54. კობერიძე), ლ. ხორხელი, ჩუკვურა (54. ჩაგანავა) - ტაბატაძე.

დინამო თბილისი (4-4-2): პრიეტო - მალი (86. სტეფენი), ბენიო, კალანდაძე, ხარაბაძე - ბარნსი, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი (56. ოსიყმაშვილი), კამარა (86. ლომინაძე) - ბილენკი, გაბედავა (56. ხვადაგიანი).

კომენტარები

ბოლო ამბები