Thumbnail
  • 📅 7 მაისი | ⌚ 18:00 | 🏟 ლისაბონი | 🏉 ლუზიტანუში V შავი ლომი | 📺 რაგბი TV
  • ლევან მაისაშვილისა და გიორგი ბეგაძის კომენტარები გადამწყვეტი მატჩის წინ

შავი ლომის სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალისთვის, რომელშიც ქართული ფრენჩაიზი პორტუგალიურ ლუზიტანუშს შეხვდება. 

შეიძლება ითქვას, რომ შავი ლომი გადამწყვეტ თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ნახევარფინალში ესპანურ იბერიანსთან გამარჯვების შემდეგ, სასტარტო თხუთმეტეულში მხოლოდ ორი ცვლილებაა.

მესამე ხაზში კოკი თხილაიშვილი ბრუნდება, რომელსაც ტრავმის გამო დიდი ხანი გაუცდა, ბურჯად კი თამაშს ნიკა პატარაია იწყებს. შესაბამისად, ნიკა ხატიაშვილმა და ნიკო აფციაურმა თადარიგში გადაინაცვლეს.

ლევან მაისაშვილი (შავი ლომის მთავარი მწვრთნელი): “ევროპის ქვეყნებიდან პორტუგალია ჩვენგან ყველაზე შორსაა და საკმაოდ დამღლელი მგზავრობა გვქონდა. მაქსიმალურად ვეცდებით დასვენებას და ძალების აღდგენას. მთლიანობაში, ფინალისთვის კარგად ვართ მომზადებულნი. გავარჩიეთ მოწინააღმდეგის თამაში, საიდან უნდა ველოდოთ საფრთხეს და სად გვექნება უპირატესობა. ახლა მთავარია ამ ყველაფერს როგორ გადავიტანთ მოედანზე. ფინალს გამოცდილება იგებს. რაც უფრო გამოცდილია მოთამაშე, მით ნაკლებ შეცდომას უშვებს. მზადების პროცესში დისციპლინასა და თამაშის მართვაზე ვამახვილებდით ყურადღებას. მოწინააღმდეგეს არ უნდა მივცეთ საშუალება სწრაფ და არეულ თამაშში ჩაგვითრიოს. მაქვს იმედი, რომ ბიჭები მონახაზს მიყვებიან და ამოცანას თავს გაართმევენ“.

გიორგი ბეგაძე (შავი ლომის მორაგბე): „ფინალისთვის კარგად მოვემზადეთ. ესპანელებთან ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, დეტალების დასახვეწად 2 კვირაზე მეტი გვქონდა და ვფიქრობ, ეს პერიოდი კარგად გამოვიყენეთ. ეს ის მატჩია, სადაც შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. მეტოქის თამაში შევისწავლეთ და საკმაოდ სწრაფი, ლაღად მოთამაშე გუნდია. გვინდა, პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა სამშობლოში პირველი ტიტული წამოიღოს. გამოცდილი შემადგენლობა გვყავს და ფინალში ეს აუცილებლად წაგვადგება. პორტუგალია ყოველთვის მებრძოლი გუნდი იყო, კარგი მბოჭავებით და სწრაფი მოშვიდკაცეებით დაკომპლექტებული. სწორედ ასეთი გუნდია ლუზიტანუშიც. ვეცდებით, რომ მეტოქე დავჯაბნოთ კონტაქტის არეში, არ ავყვეთ არეულ თამაშში და თასის მოგებით გულშემატკივარი გავახაროთ“.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალი ლისაბონში ესტადიო ნასიონალზეა დაგეგმილი და 7 მაისს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის მთავარი არბიტრი ირლანდიელი პიტერ მარტინი იქნება.

სუპერ თასი | პრესკონფერენცია

დღეს ლისაბონში Rugby Europe სუპერ თასის ფინალის პრესკონფერენცია გაიმართა 🎤 🎥 კომენტარებით: ლევან მაისაშვილი, მერაბ შარიქაძე, პატრის ლაჟიკე (ლუსიტანუშ. მთ. მწვრთნელი) და ტომაშ აპლეტონ (კაპიტანი) Rugby Europe Super Cup | FINAL 🏆 #LusitanosRugby v შავი ლომი 7 მაისი | 18:00 | ლისაბონი | 📺 რაგბი TV/Rugby TV

Posted by შავი ლომი . Black Lion on Friday, May 6, 2022

შავი ლომი ლუზიტანუშთან

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე.

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. კოკი თხილაიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. ნიკო აფციაური; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები