Thumbnail
  • წყაროს ცნობით, ჭიკაძეს სატიტულო ბრძოლის მისაღებად ჯერ დაცდა მოუწევს
  • ნახევრადმსუბუქი წონის ქამრისთვის ვოლკანოვსკი და ჰოლოუეი იჩხუბებენ

ამერიკული გამოცემა Media Referee ცნობილ MMA ჟურნალისტ Ariel Helwani-ზე დაყრდნობით წერს, რომ UFC-ის ნახევრადმსუბუქ წონის საჩემპიონო ორთაბრძოლაში ერთმანეთს ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი დაუპირისპირდებიან, დანარჩენ მებრძოლებს, გიგა ჭიკაძის ჩათვლით, ჯერ დაცდა მოუწევთ. 

ჰელვანის ინფორმაციით, UFC სპორტსმენების მესამე ბრძოლას ივლისისთვის ამზადებს. ვარიანტი ორი თარიღია - 2 ან 30 ივლისი. ჯერ-ჯერობით, უპირატესობა პირველ თარიღს ენიჭება. წესით, მებრძოლებს გაზაფხულზე უნდა ეჩხუბათ, თუმცა მაქსმა ოქტაგონზე გასვლის შანსი ტრავმის მიღებით დაკარგა. მოგეხსენებათ, პირველ ორ დაპირისპირებაში ამერიკელმა ავსტრალიელთან წააგო. 

ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ კორეელ ზომბთან შეხვედრაში დაამტკიცა, რომ დივიზიონის საუკეთესო მებრძოლია. 'ალექსანდრე დიდი' აზიელთან გამარჯვებით UFC-ის ელიტაში შევიდა - გახდა მეხუთე სპორტსმენი, რომელმაც ორგანიზაციაში 11-0 ან უკეთესი რეკორდი აჩვენა. მსგავსი მიღწევა აქამდე ანდერსონ სილვას, ხაბიბ ნურმაგომედოვს, როის გრეისისა და კამარუ უსმანს ჰქონდათ. 

რაც შეეხება გიგა ჭიკაძეს, საიტი წერს: "ვოლკანოვსკიმ ყოფილი ჩემპიონი მაქს ჰოლოუეი ორჯერ დაამარცხა, მოუგო ტიტულის ტოპ პრეტენდენტებს: ბრაიან ორტეგასა და კორეელ ზომბს. გიგა ჭიკაძეს, კალვინ კატარსა და იაირ როდრიგესს გარკვეული დრო დასჭირდებათ, სანამ ღირსეული პრეტენდენტები გახდებიან. იქამდე კი მაქს ჰოლოუეი ვოლკანოვსკისთვის ერთადერთი რეალური არჩევანია."

სანამ ჩვენი ამერიკელი კოლეგები გიგას პრეტენდენტობის ხარისხს აფასებენ, ჭიკაძემ ვარჯიში უკვე განაახლა. ბუნებრივია, ქართველ მებრძოლს პრეტენდენტთა შორის დასაბრუნებლად მინიმუმ 1 ბრძოლის მოგება დასჭირდება. ბოლო პერიოდში ამერიკული გამოცემები გიგას კორეელ ზომბთან სავარაუდო დაპირისპირებაზე წერდნენ. თუ ეს ბრძოლა შედგა და ჭიკაძემ აზიელს მოუგო, ტიტულის რეალურ პრეტენდენტობამდე, ფაქტობრივად, აღარაფერი დააშორებს.

კომენტარები

ბოლო ამბები