Thumbnail
  • საფრანგეთი 2:1 ავსტრალია
  • 1:0 გრიზმანი (58-პენ), 1:1 იედინაკი (62), 2:1 პოგბა (81)
  • პირველი პენალტი, რომელიც VAR-მა დანიშნა

"კაზან არენაზე" C ჯგუფის მატჩი გაიმართა - საფრანგეთის ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.

ფრანგებმა აქტიურად დაიწყეს და 19 წლის კილიან მბაპეს უკვე მე-2 წუთზე შეექმნა შანსი, მაგრამ რაიანმა ბურთი კუთხურზე მოიგერია, შემდეგ იყო გრიზმანის დარტყმაც. თანდათან, ავსტრალიაც მოყოჩაღდა და "სოკერუსი" "სამფეროვნებს" აღარაფერში ჩამორჩებოდნენ. მეტიც, რომ არა უგო ლორისის "სეივი" ტოლისო საკუთარ კარს დალაშქრავდა. ტაიმიც უგოლოდ დასრულდა. მთავარი მოვლენები კი მეორე ტაიმში განვითარდა.

55' VAR-ის მიერ დანიშნული პირველი პენალტი

მუნდიალების ისტორიაში პირველი პენალტი დაინიშნა ვიდეორეფერის (VAR) მითითებით. ურუგვაელი არბიტრი კუნია ამ ეპიზოდში პენალტს თავად არ ნიშნავდა. 

58' ანტუან გრიზმანი - 1:0

62' მაილ ედინაკი - 1:1

საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე სამუელ უმტიტიმ ხელით ითამაშა. ამ შემთხვევაში, მსაჯს ტექნოლოგიის დახმარება აღარ დასჭირდა - მაილ იედინაკმა ანგარიში გაათანაბრა.

81' პოლ პოგბა - 2:1

პოლ პოგბას დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზს უკან ჩაეშვა. 

ანალიზი და ფაქტები

საფრანგეთისგან უფრო ლაღ თამაშს ელოდნენ, არ გამოვიდა. მიუხედავად ამისა, "ლე ბლოს" ფავორიტების სიიდან ჩამოწერა არ შეიძლება. მით უფრო, რომ დიდიე დეშამის გუნდმა მიზანს მიაღწია - 3 ქულა ჩაიწერა. ავსტრალია თავს კარგად იცავდა, ხისტად თამაშობდა და მომენტებსაც ფრანგები იშვიათად ქმნიდნენ. პირველ ტაიმში ყველაზე აშკარა საგოლე მომენტი ავსტრალიელებს ჰქონდათ, როცა უგო ლორისმა კარი ტოლისოს (!) დარტყმისგან იხსნა და თანაგუნდელი ავტოგოლს აარიდა. 

► ფიფას ოფიციალურ გვერდზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ანტუან გრიზმანი დაასახელეს. 

► კილიან მბაპე საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია მთავარ ტურნირებზე (მუნდიალი, ევრო) - 19 წლისა და 178 დღის.

► ფრანგების ორივე გოლი ტექნოლოგიების დახმარებით გავიდა - პენალტი ვიდეორეფერიმ დანიშნა, ხოლო პოგბას გოლი კარის ხაზის ტექნოლოგიის წყალობით ჩაითვალა.

მატჩის გმირი: პოლ პოგბა (საფრანგეთი)

მართალია, ნგოლო კანტემ არანაკლებ კარგად ითამაშა მოედნის ცენტრში, მაგრამ იუნაიტედის ნახევარმცველმა ურიგო თამაშს გამარჯვების გოლიც დაურთო და ჩვენი აზრით, მატჩის საუკეთესოს წოდებას იმსახურებს. 

იმედგაცრუება: უსმან დემბელე და კილიან მბაპე (საფრანგეთი)

საფრანგეთის ნაკრების ოქროს ბიჭუნებმა პირველი სამუნდიალე ნათლობა აშკარად ჩააგდეს. ეს განსაკუთრებით ბარსოლენელზე ითქმის. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები