Thumbnail

'ქართული ცხვირი არ უნდა ჩაყოს' - ჩერქეზმა ჯოჯუასთან კონფლიქტზე ისაუბრა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ზაირა დიშეკოვამ ლიანა ჯოჯუასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
  • მისი თქმით, ლიანას UFC-ში აღმოჩენა მხოლოდ გამართლება იყო

ჩერქეზმა მებრძოლმა ზაირა დიშეკოვამ Metaratings-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და 'ქართველ მგელის' მეტსახელით ცნობილ ლიანა ჯოჯუასთან მომხდარ კონფლიქტზეც ისაუბრა.

25 წლის სპორტსმენი თვლის, რომ ჯოჯუა UFC-ს დონის სპორტსმენი არ არის და იქ მოხვედრა მხოლოდ გამართლება იყო: "ჩემთვის ყველაზე საინტერესო UFC-ში ბრძოლა იქნებოდა, იქ საუკეთესოები ჩხუბობენ. ვფიქრობ, იქ "ასე უბრალოდ" ვერავინ ხვდება… თუმცა არის ერთი სპორტსმენი, რომელსაც რუსეთში უნდა შევხვედროდი. როგორც ერთ დროს მე გამიმართლა და ACB-ში მოვხვდი, მისი UFC-ში აღმოჩენაც იგივე იყო. ალბათ ხვდებით, ლიანა ჯოჯუაზე ვამბობ. უხეშად არ მინდა გამომივიდეს, მეც არ ვარ UFC-ს დონეზე. უბრალოდ იქ მოხვედრა არ მაქვს მიზნად, საკუთარი შესაძლებლობები მსურს ვაჩვენო. როცა ლიანას კონტრაქტი გაუფორმეს, ის ამ დონეზე საჩხუბრად მზად არ იყო."

როგორც ჩანს, ჩერქეზ გოგონას ობიექტურ შეფასებაზე მეტად, ჯოჯუაზე პირადი წყენა ალაპარაკებს: "მასთან ძველი კონფლიქტი მაკავშირებს, რომელიც მთლად კონფლიქტიც არ ყოფილა. ზოგჯერ ჩემს ბრძოლებზე უხეშ კომენტარებს აკეთებდა, არადა, მას უბრალოდ გაუმართლა, მოხატკინას დამარცხების შემდეგ UFC-ში აღმოჩნდა. მასთან ურთიერთობა მქონდა, ვარსკვლავური სენით შეპყრობილი არ ყოფილა, ჩვეულებრივი გოგონა იყო, მაგრამ როცა ჩვენ შორის გაუგებრობა მოხდა, მაშინ ჯოჯუაზე ბევრი პროვოკაცია და ჭორი მოქმედებდა. თვითონ ჩემი მისამართით ძალიან ბევრ პროვოკაციულ და ბინძურ ვიდეოს ავრცელებდა, დიანა ავსარაგოვაც ეხმარებოდა, მისი მეგობარი. ერთხელ ვიღაცამ ინსტაგრამის ლაივ ვიდეოში ჯოჯუა მიხსენა, ჩემმა მეგობარმა კი დაწერა, რომ "ლიანამ თავისი ქართული ცხვირი იქ არ ჩაყოს, სადაც არაფერი ესაქმება". ჯოჯუამ მალევე დამირეკა და შეხვედრაზე შევთანხმდით."

აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა: "დათქმულ ადგილას მეგობართან ერთად მივედი, ლიანამ კი ყოველგვარი საუბრის გარეშე დაარტყა, ცხვირზე ვის რა უთხარიო. ისინი გავაშველე, ჯოჯუას კი 40 წუთის მანძილზე ვესაუბრებოდი, ავუხსენი, რომ პროფესიონალია და ისე არ უნდა მოიქცეს, ყველა კომენტარზე ასეთი რეაქცია არ უნდა ჰქონდეს. ხელი ჩამოვართვით და დავიშალეთ. ამის შემდეგ დაიწყო საუბარი ჩვენს სავარაუდო ბრძოლაზე, რომლის გამართვა ახლაც მსურს. Ares-ში პირველი ჩხუბის მასთან მოცემას აპირებდნენ, მაგრამ ჩემმა მწვრთნელმა უარი თქვა, ჯერ ერთი ბრძოლა უნდა ჩავატარო და მერე ჯოჯუას დავუპირისპირდები."

27 წლის ლიანა ჯოჯუას პროფესიონალურ კარიერაში 13 ბრძოლა აქვს გამართული. მან 8-ჯერ გაიმარჯვა, 5-ში კი დამარცხდა. ჯოჯუამ UFC-ში 4-ჯერ იჩხუბა, 1 მოიგო და 3 წააგო. ბოლო მარცხის შემდეგ ორგანიზაციამ ახალი კონტრაქტი აღარ გაუფორმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები