Thumbnail

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია ესპანეთშია ჩასული, სადაც დღეს ქართველი კალათბურთელის ყოფილ კლუბ ვალენსიას ეთამაშება და წარმატების შემთხვევაში, ევროთასის ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს. მოახლოებულ შეხვედრას ვრცელი სტატიით გამოეხმაურა Eurohoops და მთავარი ადგილი სწორედ საქართველოს ნაკრების კაპიტანს დაუთმო. აი, რას წერს აღნიშნული საიტი:

“თორნიკე შენგელია მისთვის კარგად ნაცნობ ადგილას ბრუნდება, რათა ვირტუსს ევროთასის ნახევარფინალში გამარჯვებაში დაეხმაროს. ქართველ კალათბურთელს თამაში ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოუწევს, რომლის მაისურითაც ევროთასი უკვე მოგებული აქვს, მე-2 ტიტულისთვის კი, სწორედ მისი დამარცხება სჭირდება.

თორნიკე შენგელია ვალენსიას მაისურით

თორნიკეს ვალენსიაში დებიუტი 2008 წელს ჰქონდა, 2 წლის თავზე კი პირველი ტიტულის მფლობელი გახდა. 2009-10 წლების სეზონში ქართველმა ფორვარდმა მონაწილეობა მხოლოდ სამ მატჩში მიიღო და საშუალოდ 3 ქულას აგროვებდა. ცხადია, მაშინ შენგელია მთავარ როლებში არ ყოფილა, თუმცა, იმ ორმა წელმა ძალიან შეუწყო ხელი იმას, რომ თოკო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დომინანტ კალათბურთელად ჩამოყალიბებულიყო.

ვალენსიური პერიოდის შემდეგ სიტუაცია ძალიან შეიცვალა. ათ წელზე მეტი დროის შემდეგ, შენგელია ევროთასს დაუბრუნდა და სერჯო სკარიოლოს მიერ დარიგებულ ბოლონიაში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. რეგულარული სეზონის ოთხ მატჩსა და პლეი ოფის ორ შეხვედრაში თორნიკე მოედნის ორივე მხარეს ძალიან პროდუქტიული იყო.

თორნიკეს მისვლით ვირტუსმა ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა და ცხადია, ყველაფერი სტატისტიკაზეც აისახა: ლიეტუვურ ლიეტკაბელისთან მატჩში შენგელიამ კარიერისთვის უმეტესი 8 პასი მიითვალა. უდავოა, ყოფილ გუნდთან შეხვედრაში, ის სუპერვარსკვლავის რანგში მთელი პოტენციალის ჩვენებას ეცდება.

მართალია, ევროთასზე დაბრუნების შემდეგ, ვირტუსისა და ვალენსიას გზები არ გადაკვეთილა, პირადად შენგელიას ყოფილ კლუბთან დაპირისპირების ისტორია გააჩნია: ბასკონიას მაისურით, სადაც მან 6 წელი გაატარა. თორნიკეს ნამდვილად უნდა ახსოვდეს 2020 წლის ლიგა ენდესას პლეი ოფი, რომელიც ბაბლის პრინციპით სწორედ ვალენსიაში შედგა. მაშინ ბასკონიელებმა მასპინძლებს მეტწილად თორნიკეს 17 ქულის წყალობით აჯობეს, ფინალში გავიდნენ, იქ ბარსელონას აჯობეს და ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეოთხედ მოიპოვეს.

უდავოა, რომ შენგელიას სტუმრობას ვალენსიაშიც მოუთმენლად ელიან. ამ გუნდს საკმაოდ ძლიერი მაღლები ჰყავს ბოიან დუბლევიჩის, მაიკ ტობის, იასიელ რივეროსა და ამომავალი ვარსკვლავის ხაიმე პრადილას სახით. ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ თორნიკეს და ბოლონიელთა სხვა წინახაზელების შესაჩერებლად, თუმცა, ცხადია, რომ მომავალ შეხვედრაში ქართველ კალათბურთელსაც თავისი მიზნები ექნება”.

ვალენსიასა და ვირტუსის დღევანდელი დაპირისპირება La Fonteta-ზე თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და უკვე ცნობილია, რომ მასში გამარჯვებული გადამწყვეტ მატჩში ბურსასფორს შეხვდება. თურქულმა გუნდმა მცირე სენსაცია მოახდინა, როდესაც გუშინ ესპანეთში მორაბანკ ანდორას 85:68 სძლია. ევროთასის ფინალი 11 მაისს არის დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები