Thumbnail

შავმა ლომმა რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალისთვის მზადება დაიწყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 📅 7 მაისი | ⌚ 18:00 | 🏟 ლისაბონი | 🏉 ლუზიტანუში V შავი ლომი | 📺 რაგბი TV
  • 'მეტოქის დაჯაბვნა ყველა კომპონენტში შეგვიძლია, მთავარია ჩვენი გეგმა შევასრულოთ'

პირველი ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალისთვის შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ემზადება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი ისტორიაში პირველად იმართება, ქართველი მორაგბეების მეტოქე კი პორტუგალიური ლუზიტანუში იქნება, რომელიც ამ ქვეყნის ნაკრების წევრებითა და კანდიდატებითაა დაკომპლექტებული.

თამაში ლისაბონში იმართება, რადგან ჩვენმა მომავალმა მეტოქემ დასავლეთ კონფერენციის ჯგუფში ექვსივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და დებულების თანახმად, მასპინძლობის უფლება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ლუზიტანუშმა ნახევარფინალში თელავივ ჰითს 42:26 სძლია, შავმა ლომმა კი ესპანურ იბერიანსს 43:40 აჯობა.

ქართული ფრენჩაიზი პორტუგალიაში 5 მაისს მიემგზავრება, მეორე დღეს კაპიტნის ვარჯიშს გამართავს, ფინალური შეხვედრა კი 7 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი დარწმუნებულია, რომ შავ ლომს მეტოქის დაჯაბვნა ყველა კომპონენტში შეუძლია:

“ფინალი თავისი არსით სპეციფიურია და გამარჯვებას ის გუნდი მოიპოვებს, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს. დიდ დროს ვუთმობთ მეტოქის თამაშის ანალიზს. ვიცით, რომ პორტუგალიელები ძლიერები არიან არეულ, სწრაფ თამაშში. ამიტომ მნიშვნელოვანია მოთმინება, დისციპლინა და ნაკლები შეცდომის დაშვება. შავ ლომს პირველი ტიტულის მოგების შანსი აქვს და ამისათვის სრული სერიოზულობით ვემზადებით. მეტოქის დაჯაბვნა ყველა კომპონენტში შეგვიძლია, როგორც ძალისმიერ, ასევე ტექნიკურ თუ ტაქტიკურ ასპექტში. მთავარია ჩვენი გეგმა ზედმიწევნით ზუსტად შევასრულოთ. ლუზიტანუშმა ორჯერ დაამარცხა იბერიანსი და ფინალსაც საკუთარ მოედანზე მართავს. ის იმავე პრინციპითაა დაკომპლექტებული, როგორითაც შავი ლომი და მრავლად ჰყავს პორტუგალიის ნაკრების მოთამაშეები, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევისთვის მზად ვართ“.

შავი ლომი შეკრებაზე

პირველი ხაზი: მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკა ხატიაშვილი; შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძე; გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია, ნიკა აბულაძე, მიხეილ წიკლაური;
მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი;
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია;
9-10: თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე; გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მატკავა;
12-13: მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, ლაშა ლომიძე, გურამ ქანდაურაშვილი;
11-14: აკაკი ტაბუცაძე, სანდრო სვანიძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი, მირიან მოდებაძე;
15: ლაშა ხმალაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები