Thumbnail
  • 'ამ დროს ფიქრობ, კარგი, მან ეს გააკეთა და რატომ არ შეიძლება, იგივე მეც შევძლო'
  • ინდიანა პეისერსის 22 წლის ქართველმა ცენტრის ინტერვიუ Indystar-თან

ინდიანა პეისერსის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ მისი კარიერის განვითარებაში ზაზა ფაჩულიას მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნისგან ყოველთვის სასარგებლო რჩევებს იღებდა. ბითაძის კომენტარი Indystar-მა გაავრცელა:

“სწორედ ფაჩულიამ გააგებინა მსოფლიოს, რომ კარგი კალათბურთელები საქართველოშიც არიან. მის თამაშებს ჯერ კიდევ ბავშვობაში ვუყურებდი და რომ არა ის, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ აქ მოხვედრა მეც შემეძლო. ზაზამ ძალიან ბევრი გააკეთა და გოლდენ სტეიტის მაისურით 2-ჯერ ჩემპიონობაც მოიგო. ის დიდებული მოთამაშე იყო, ალბათ, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელიც კი. სწორედ ამ დროს ფიქრობ, კარგი, მან ეს გააკეთა და რატომ არ შეიძლება, იგივე მეც შევძლო”.

შეგახსენებთ, რომ ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია, ზაზა ფაჩულია კი 2003 წლის დრაფტზე ორლანდომ 42-ე ნომრად აიყვანა. ფაჩულიამ NBA-ში 16 სეზონი გაატარა და კარიერა ერთი წლით ადრე დაასრულა, სანამ ლიგაში ბითაძე გამოჩნდებოდა. მას მერე გოგამ NBA-ში 3 სეზონი ჩაატარა და ამ პერიოდში ჰქონდა, როგორც ჩავარდნები, ასევე – კარგი მატჩები.

22 წლის ცენტრმა 3 მარტს ვაშინგტონთან თამაშიდან 7-ვე სროლა გამოიყენა, 20 ქულა ჩააგდო და სათავე დაუდო წარმატებული სერიას, როდესაც ზედიზედ 10 მატჩში 10 და მეტი ქულა ჰქონდა. იმ პერიოდში მისი საშუალო მაჩვენებლები 15.8 ქულა, 6.5 მოხსნა, 2.3 პასი და 1.4 დაფარება იყო, ამასთან, თამაშიდან 60.4%-იანი სიზუსტით ესროდა, სამქულიანებში კი 43.3% ჰქონდა.

ქართველ ცენტრს კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა

ბითაძეს ინდიანასთან კონტრაქტი გასულ ზაფხულს ეწურება და პეისერსს უფლება ექნება მას კიდევ ერთი ხანგრძლივი ხელშეკრულება შესთავაზოს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ქართველი კალათბურთელი როგორც წარმოაჩენს თავს 2022-23 წლების სეზონში. გოგა ეცდება, ის რჩევები გამოიყენოს, რომელიც მას ფაჩულიასგან ჯერ კიდევ ბავშვობაში აქვს მიღებული:

“ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ NBA-ში მოხვედრა ძალიან რთული იყო, თუმცა, კიდევ უფრო რთული იყო იქ ადგილის შენარჩუნება. ეს სიტყვები მუდმივად თავში მიტრიალებდა, არადა, ზაზა მაშინ მითხრა, როდესაც მხოლოდ 12 თუ 13 წლის ვიყავი”.

ბითაძემ ისიც გაიხსენა, რომ მას ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაში ზაზასთან ერთად ვარჯიშის საშუალება რამდენჯერმე მიეცა. ისინი ერთად იყვნენ საქართველოს ნაკრებშიც მაშინ, როდესაც გუნდმა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ამჟამად, ფაჩულია გოლდენ სტეიტის კონსულტანტია და ახალგაზრდა თანამემამულესთან კონტაქტს ინარჩუნებს.

“ყოველთვის, როდესაც უორიორსთან გასვლითი მატჩი გვაქვს, საჭმელად ერთად გავდივართ და ის როგორც, უფროსი ძმა, ისე მექცევა. საქართველოში ხომ NBA-ს ბევრი კალათბურთელი არ გვყოლია და ერთმანეთს ყველა ვიცნობთ, ერთი დიდი ოჯახივით ვართ”.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში მესამე და ჯერჯერობით, საუკეთესო სეზონი ჩაატარა. მისი შედეგიანობა საშუალოდ 7.0 ქულამდე გაიზარდა (შარშანდელი 5.1-დან) და საშუალოდ 2 წუთით მოიმატა სათამაშო დრომაც. გოგამ სეზონში 50 მატჩი ჩაატარა, აქედან 16 სასტარტოში (წინა ორ სეზონში სულ 5 სასტარტო მიითვალა) და კარიერის ახალი რეკორდიც დაამყარა - 23 ქულა.

კომენტარები

ბოლო ამბები