Thumbnail

მილანმაც მოიგო და ინტერმაც - სკუდეტოსთვის ბრძოლა გრძელდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მილანი 1:0 ფიორენტინა | უდინეზე 1:2 ინტერი
  • იტალიის ჩემპიონატის ბედი ბოლო ტურებში გადაწყდება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

სერია A-ში საჩემპიონო რბოლა გრძელდება და 35-ე ტურმა ყველაფერი უცვლელი დატოვა - მილანი ინტერს ისევ 2 ქულით უსწრებს.

"როსონერიმ" გადავსებულ "სან სიროზე" ფლორენციის ფიორენტინას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში მოიგო. "იებმა" სტეფანო პიოლის გუნდს არაფერი დაუთმეს და ახლოს იყვნენ მინიმუმ ქულასთან, მაგრამ ბოლოსკენ გაუშვეს. მატჩის გმირი რაფაელ ლეაო გახდა, რომელმაც 82-ე წუთზე მეკარის შეცდომით ისარგებლა და ერთადერთი გოლი შეაგდო.


ინტერმა მილანს გამარჯვებითვე უპასუხა. სიმონე ინძაგის გუნდმა ბოლონიაში მარცხის მერე რეაბილიტირება შეძლო და სტუმრად უდინეზე დაამარცხა. "ნერაძურიმ" პირველივე ტაიმში მოიპოვა ის უპირატესობა, რამაც 3 ქულამდე მიიყვანა. ანგარიში ივან პერიშიჩმა გახსნა, ხოლო შემდეგ ლაუტარო მარტინესმა თავისივე გაცუდებულ პენალტს დაამატა. მე-2 ტაიმში უდინელებმა სხვაობა კი შეამცირეს, მაგრამ ანგარიში ვერ გაათანაბრეს.

ამგვარად, მილანს - 77 და ინტერს 75 ქულა აქვს. წინ კიდევ 3 ტურია, ყველაფერი კი მილანზეა დამოკიდებული, რომელსაც დარჩენილ ტურებში 2 მოგება და 1 ფრეც ეყოფა, რომ 11-წლიან პაუზის შემდეგ სკუდეტოს დაეპატრონოს.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლაუტარო მარტინესმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21-ე გოლი შეაგდო და ინტერის მაისურით სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით პირადი რეკორდი გაიმეორა. 21 გოლი ჰქონდა მას 2019/20 წლების სეზონშიც.

⚽ რაფაელ ლეაო მე-5 პორტუგალიელი გახდა, რომელმაც სერია A-ში ერთ სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა კრიშტიანო რონალდოს, რუი ბაროსის, მანუელ რუი კოშტასა და ბეტოს შემდეგ. თუმცა, პირველია, რომელმაც ეს მანამდე მოახერხა, სანამ 23 წლის გახდებოდა.

მილანი 1:0 ფიორენტინა

გოლი: 1:0 ლეაო (82)

უდინეზე 1:2 ინტერი

გოლები: 0:1 პერიშიჩი (12), 0:2 ლაუტარო (39), 1:2 პუსეტო (72)

კომენტარები

ბოლო ამბები