Thumbnail
  • 16 ივნისი / 23:00 / კალინინგრადი / ხორვატია V ნიგერია
  • არგენტინის ნაკრების ჯგუფში ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს
  • ხორვატიამ და ნიგერიამ მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლონ

20 წელია, რაც ხორვარიის ნაკრები ნაკრები ერთ-ერთ ტოპ-გუნდად მიიჩნევა. იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობის შემდეგ, ხორვატებმა მხოლოდ ერთადერთი მუნდიალი გამოტოვეს (2010), ყველაზე დიდ წარმატებას კი (მეტიც, ზღაპრულ წარმატებას), სწორედ 20 წლის წინ მიაღწიეს - მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე, დავორ შუკერის, ზვონიმირ ბობანისა და რობერტ პროსინეჩკის ხორვატიამ მესამე ადგილი დაიკავა. წელს ხორვატიას ისევ ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და მუნდიალს მთელი ქვეყანა დიდი იმედებით ხვდება.

შუკერის და ბობანის თაობის შთამომავლები

1998 წლის 4 ივლისი ხორვატიის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. საფრანგეთში გამართულ მუნდიალზე ხორვატებმა, მეოთხედფინალში, ფავორიტი გერ ანია იარნის (45), ვლაოვიჩისა (80) და შუკერის (85) გოლებით 3:0 გაანადგურეს და დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად გმირები გახდნენ. ნახევარფინალში ხორვატია მომავალ ჩემპიონ საფრანგეთთან დამარცხდა (1:2), თუმცა გუნდმა მესამე ადგილისთვის მატჩი მოიგო (ჰოლანდიასთან, 2:1) და ისტორიული წარმატება დააფიქსირა.

ხორვატიის ნაკრების ლიდერი ლუკა მოდრიჩი

დღესდღეობით ხორვატიის ნაკრებში არანაკლები ვარსკვლავები თამაშობენ: ლუკა მოდრიჩი (რეალი), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა), ივან პერიშიჩი (ინტერი), მარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), ნიკოლა კალინიჩი (მილანი), მატეო კოვაჩიჩი (რეალი)... ხორვატების ნახევარდაცვა და თავდასხმა ძალიან ძლიერია, რასაც ვერ ვიტყვით დაცვის ხაზზე, რაც საკვალიფიკაციო ეტაპზეც დადასტურდა - ხორვატიის ნაკრებმა რუსეთის საგზური პლეი ოფიდან, საბერძნეთზე გავლით მოიპოვა.

ბევრი კარგი ფეხბურთელი ძლიერ გუნდს არ ნიშნავს - 1998 წლის ტრიუმფის შემდეგ ხორვატიის ნაკრებს ყოველთვის საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ შუკერისდროინდელ წარმატებასთან ახლოსაც ვერ მიდიოდა - მიუხედავად იმისა, რომ ხორვატებს კარგი ინდივიდუალისტები არ აკლდათ.

ზლატკო დალიჩის კარგი გუნდი, რომელიც მოდრიჩისა და რაკიტიჩის გარშემოა “ნაშენები”, რთულ ჯგუფში მოხვდა. მართალია, ხორვატიის ნაკრები არგენტინასთან ერთად ჯგუფის ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ ნიგერიისა და ისლანდიის ნაკრებ გუნდებს “ერთ მშვენიერ დღეს” ნებისმიერის დამარცხება შეუძლიათ, რაც არაერთხელ დაუმტკიცებიათ. ხორვატია, მუნდიალს დღეს სწორედ ნიგერიასთან მატჩით იწყებს.

დალიჩის ტაქტიკა

მარკო პიაცა და მარიო მანჯუკიჩი

ზლატკო დალიჩი ძირითადად 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით თამაშობს. ნახევარდაცვის ცენტრი მოდრიჩისა და რაკიტიჩის სახით, მართლაც უძლიერეს ფეხბურთელებს აქვთ ჩაბარებული. მათ წინ, რებიჩი, პერიშიჩი, კრამარიჩი და მანჯუკიჩი მოქმედებენ ხოლმე. ეს ოთხეული საკმაოდ მოქნილია - მანჯუკიჩი ცენტრფორვარდია, მაგრამ ფლანგზე თამაშიც ძალიან კარგად გამოსდის, რაც იუვენტუსში ისწავლა. კრამარიჩს ფორვარდობაც შეუძლია და შემტევი ნახევარმცველობაც. ხორვატიას ასევე ჰყავს კალინიჩიც!

აი, დაცვაში კი პრობლემებია: მართალია, ჩორლუკა (მოსკოვის ლოკომოტივი) და ლოვრენი (ლივერპული) თავით ძალიან კარგად თამაშობენ, მაგრამ სისწრაფე აშკარად აკლიათ. გუნდი, რომელიც კარგად თამაშობს კონტრშეტევებზე, ხორვატიას პრობლემებს შეუქმნის.

მიზანი: მხოლოდ 3 ქულა!

D ჯგუფში გამოკვეთილი აუტსაიდერი არ არსებობს - შესაბამისად, ნიგერიამაც და, მით უმეტეს, ხორვატიამაც, პირველ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლონ, რადგან ამ ოთხეულში თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

► ხორვატიის ნაკრები აფრიკის გუნდს ბოლოს 2014 წლის მუნდიალზე შეხვდა - ეს იყო კამერუნის ნაკრები, რომელიც ხორვატებმა 4:0 გაანადგურეს. მას მერე ხორვატებს მუნდიალის მატჩი არ მოუგიათ.

ხორვატი ჟურნალისტები წერენ, რომ გუნდში შესანიშნავი განწყობაა. მოდრიჩს, რაკიტიჩს და კომპანიას სურთ, დაამტკიცონ, რომ მათ თაობასაც შეუძლია ის, რაც 1998 წელს შუკერისა და ბობანის თაობამ შეძლო.

ნიკოლა კალინიჩი და ივან პერიშიჩი

რაც შეეხება ნიგერიის ნაკრებს: ინგლისთან და ჩეხეთთან წაგებული ტესტ-მატჩების შემდეგ ნიგერიელებს თავდაჯერება მოაკლდათ. მათ კარგად იციან, რომ ხორვატია ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ დასაკარგი არაფერი აქვთ.

ნიგერიელებმა მატჩის წინ ილოცეს

თუ ნიგერიელთა თავდამსხმელი ოდიონ იგალო დღეს ითამაშებს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი დებიუტი შედგება და ეს მისთვის ძალიან მაგარი დღე იქნება, რადგან იგალოს დღეს დაბადების დღე აქვს - 29 წლის გახდა. და თუ მან გოლის გატანაც მოახერხა, ისეთი ფეხბურთელების სიაში ჩაეწერება, რომლებმაც მუნდიალზე დაბადების დღე გოლებით აღნიშნეს - ესენი არიან: ინგლისელი როჯერ ჰანტი (1966), ბულგარელი დინკო დერმენჟიევი (1970), ფრანგები მიშელ პლატინი (1982 და 1986) და პატრიკ ვიეირა (2006), იტალიელი ალდო სერენა (1990) და გერმანელი მიროსლავ კლოზე (2006).

► ნიგერიის ნაკრები მუნდიალზე მეექვსედ მონაწილეობს. დებიუტის (1994) შემდეგ ნიგერიამ მხოლოდ ერთი მუნდიალი (2006) გამოტოვა.

► ნიგერიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სამჯერ გადალახა.

► ნიგერიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

► ნიგერიის ნაკრების შემადგენლობიდან მუნდიალზე მხოლოდ 6 ფეხბურთელს აქვს ნათამაშები.

სავარაუდო შემადგენლობები

ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი - ვრსალკო, ვიდა, ლოვრენი, სტრინიჩი - მოდრიჩი, რაკიტიჩი - რებიჩი, კრამარიჩი, პერიშიჩი - მანჯუკიჩი.

ნიგერია (4-2-3-1): უზოჰო - შეჰუ, ბალოგუნი, ეკონგი, იდოვუ - ნდიდი, ეტობო - მოზესი, ობი მიკელი, აივობი - იგალო.

მსაჯი: სანდრო რიკი (ბრაზილია)

კომენტარები

ბოლო ამბები