Thumbnail
  • პორტუგალია 3:3 ესპანეთი
  • 1:0 რონალდო (4), 1:1 დიეგო კოშტა (24), 2:1 რონალდო (44), 2:2 კოშტა (55), 2:3 ნაჩო (58), 3:3 რონალდო (88).

B ჯგუფისა და მთლიანად ტურნირის ფავორიტების დუელი შესანიშნავი გამოდგა. კრიშტიანო რონალდოს ჰეთ თრიქი, დიეგო კოშტას დუბლი, ნაჩოს ულამაზესი გოლი, უხვგოლიანი და სამართლიანი ფრე!

ამ მატჩის შემდეგ, ერთი რამის თქმა დაბეჯითებით შეიძლება - პორტუგალიაც და ესპანეთიც რუსეთში მიმდინარე მუნდიალზე ფავორიტები არიან. 

სოჭის სტადიონზე მატჩი პორტუგალიის ნაკრებისთვის იდეალურად დაიწყო. ესპანელთა საჯარიმოში შეჭრილი კრიშტიანო რონალდო ნაჩოს წამოედო. არბიტრმა 11-მეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა, რეალის ვარსკვლავმა კი დარტყმა უნაკლოდ შეასრულა.

4' კრიშტიანო რონალდო - 1:0

ესპანეთის ნაკრებმა შოკიდან გამოსვლა მალევე მოახერხა. 24-ე წუთზე დიეგო კოშტამ პეპეს ძალისმიერი ორთაბრძოლა მოუგო, შემდეგ პორტუგალიელ მცველებს თავბრუ დაახვა და მარცხენა დაბალ კუთხეში გაგზავნა ბურთი! მსაჯმა ვიდეოასისტენტი გამოუყენების შემდეგ გოლი ჩათვალა.

24' დიეგო კოშტა - 1:1

ტაიმის მიწურულს გედეშმა ბურთი ვერ დაიმორჩილა, რომელიც კრიშტიანოსთან აღმოჩნდა. პორტუგალიელთა კაპიტანმა ძლიერად დაარტყა, მაგრამ არც ისე, რომ დავიდ დე ხეასთვის აუღებელი ყოფილიყო. მაგრამ პრემიერლიგის მეკარემ უპატიებელი შეცდომა დაუშვა. 

44' რონალდო - 2:1

რონალდოს დუბლს დუბლითვე უპასუხა დიეგო კოშტამ. სტანდარტის გათამაშების შემდეგ, ბუსკეტსმა ბურთი კართან ჩააწოდა, სადა დიეგომ მცველებს დაასწრო.

55' დიეგო კოშტა - 2:2

სამ წუთში კი ესპანეთის ნაკრები ანგარიშშიც დაწინაურდა. ისკომ ბურთი დაკარგა, მაგრამ ნაჩომ მიუსწრო და ერთი შეხებით, უძლიერესად "მოჭრა". ბურთი კარის შორეულ ძელს მოხვდა და საპირისპირო მხარეს კარში აღმოჩნდა! ეს ალბათ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლია.

58' ნაჩო - 2:3

ამ ბრწყინვალე მატჩის საბოლოო ანგარიში 88-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ დააფიქსირა - პორტუგალიელთა ლიდერმა იდეალურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ბურთი ახლო “ცხრიანში” გახვია! დე ხეამ გადახტომაც ვერ მოასწრო.

88' რონალდო - 3:3

ანალიზი და ფაქტები

ეს იყო მაღალი დონის მატჩი - ერთგვარი კომპენსაცია იმ "ჩვეულებრივი" სანახაობებისთვის, რომელიც ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრებში შემოგვთავაზეს. მატჩის დასაწყისში პორტუგალიელები უკეთესად გამოიყურებოდნენ, მაგრამ შემდეგ ესპანეთი გაბატონდა, რაც კიდევ უფრო თვალში საცემი დიეგო კოშტას პირველი გოლის შემდეგ გახდა. ფერნანდო იეროს შეგირდებს ცოტა რომ გამართლებოდათ, ისკოს დარტყმის შემდეგ ხარიხიდან ასხლეტილი ბურთი კარის ხაზზე არ დაეცემოდა…

პორტუგალიელთა შეცდომა კი ალბათ ის იყო, რომ შესვენების შემდეგ, როდესაც რონალდოს დუბლით 2:1-ს იგებდნენ, დიდწილად კარის დაცვაზე გაამახვილეს ყურადღება. "ფურია როხამ", რომელმაც მეორე ნახევრის დიდი ნაწილი, თამაშის მისთვის საყვარელ სტილში გაატარა, ჯერ საჯარიმოს გათამაშების შემდეგ გაათანაბრა, შემდეგ კი ნაჩოს ფენომენალური დარტყმით ანგარიშში წინაც გავიდა.

ესპანელები ლაღად ათამაშებდნენ ბურთს, ზოგჯერ ზედმეტადაც ერთობოდნენ პასებით, რაც თითქოს მეტოქეს შანსს არ უტოვებდა, მაგრამ იეროს შეგირდებმა ერთი ფაქტორი ვერ გაითვალისწინეს - კრიშტიანო რონალდოს გენია.

►  კრიშტიანო რონალდო 2018 წლის მუნდიალის პირველი ჰეთ თრიქის ავტორია, თავად ფეხბურთელისთვის კი - კარიერაში 51-ე. პირველი ჰეთ თრიქი პორტუგალიელმა 10 წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ, მანჩესტერ იუნაიტედში თამაშის დროს, ნიუკასლთან მიითვალა.

► კრიშტიანო რონალდომ ეროვნული გუნდის მაისურით 84-ე გოლი გაიტანა და ლეგენდარულ უნგრელ თავდამსხმელთან ფერენც პუშკაშთან ერთად, ევროპული ნაკრებების საუკეთესო ბომბარდირთა დავას ლიდერობს. პუშკაშს ამ შედეგისთვის 89 მატჩი დასჭირდა, რონალდოსთვის კი ესპანეთთან მატჩი ნაკრებში 151-ეა. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლებით მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირი კი ირანელი ალი დაეია - 109.

► რონალდო გახდა ყველაზე ასაკიანი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, ვინც ჰეთ თრიქი შეასრულა - ესპანეთი 33 წლისა და 130 დღის კრიშტიანომ დაცხრილა.

► მადრიდის რეალის 28 წლის მცველმა ნაჩომ ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

► დიეგო კოშტამდე, ესპანეთის ნაკრებში ორი და მეტი გოლი მუნდიალის მატჩში დავიდ ვილიას (2010, 2006), ფერნანდო ტორესს (2006) და რაულს (2002) ჰქონდათ გატანილი.

მატჩის გმირი: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

ფაქტია - 33 წლის თავდამსხმელს, რომელიც თავის მეოთხე მუნდიალზე თამაშობს, მოედანზე პრაქტიკულად ყველაფერი შეუძლია. რუსეთში მიმდინარე მუნდიალი პორტუგალიის ნაკრების კაპიტნისა და რეკორდსმენისთვის (მატჩებისა და გოლების რაოდენობით), კარიერაში მეოთხეა და თუ ასე გააგრძელებს, ალბათ, საუკეთესო იქნება.

ეს საღამო კი ნამდვილად მისი იყო. კრიშტიანომ სამი გოლი გაუტანა ესპანეთს - პენალტიდან, თამაშიდან, საჯარიმოდან…. ის ტურნირის ბომბარდირობის მთავარი კანდიდატია!

რონალდომ დღეს სამჯერ გაიტანა, რას იზამს ხვალ მესი?

იმედგაცრუება: დავიდ დე ხეა (ესპანეთი)

ესპანელთა 27 წლის გოლკიპერმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა, როდესა რონალდოს დუბლის შესრულების საშუალება მისცა. ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო მეკარემ, რომელმაც ბურთის მოგერიება, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდად მოინდომა, კარიერის ყველაზე სამარცხვინო გოლი გაუშვა.

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

პორტუგალია V ესპანეთი (ფიშტ სტედიუმი)

კომენტარები

ბოლო ამბები