Thumbnail
  • ფინიქსი, დალასი და ფილადელფია მეორე წრეში გავიდნენ
  • კრის პოლს კიდევ ერთი ისტორიული დღე ჰქონდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

14-დან 14 - კრის პოლმა NBA-ს ისტორია გადაწერა!

36 წლის ვეტერანმა ნიუ ორლეანსთან NBA-ს პლეი ოფის პირველი რაუნდის მეექვსე მატჩში უნაკლოდ ითამაშა და ფინიქს სანსი 115:109 მოგებით დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გაიყვანა.

CP3-მა ბურთი კალათისკენ 14-ჯერ ისროლა (მათ შორის 1 სამქულიანი) და ყველა ტყორცნა ჩააგდო! მისი ოთხივე საჯარიმოც ზუსტი იყო და ჯამში 33 ქულა დააგროვა (პლუს 8 ასისტი). ცხადია, მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეც ის იყო.

14/14 NBA-ს პლეი ოფში რეკორდია: მას შემდეგ, რაც ყველა სტატისტიკის დათვლა დაიწყეს (1997), ეს სხვა არცერთ მოთამაშეს არ მოუხერხებია.

გამთამაშებელმა, რომელიც 2005-დან 2011 წლამდე სწორედ ნიუ ორლეანსში თამაშობდა, მატჩის შემდეგ ემოციურად ისაუბრა: “ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ემოციური იყო ჩემთვის ამ სერიის თითოეული თამაში. უილი გრინი (პელიკანსის მწვრთნელი) ჩემი ძმაა, მასთან ყველაფერზე ვსაუბრობ ხოლმე. მხოლოდ ამ სერიის თამაშების დროს არ გვისაუბრია. მის შვილს ვხედავ, მის გუნდს, ამდენი ენერგია ამ კლუბში დიდი ხანია აღარ ყოფილა. მე კი უბრალოდ ძალიან მიხარია, რომ მოვიგეთ და მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავედით.”

თამაში ძალიან დაძაბული იყო. მასპინძლები ბოლომდე მედგრად იბრძოდნენ და საფინალო სირენამდე ორწუთნახევრით ადრე 102:101-ს იგებდნენ. მერე იყო ფინიქსის გაქცევა, რომლის შედეგადაც ანგარიში 110:104 გახდა და შეხვედრის ბედიც იქ გადაწყდა.


ასე გავიდა ფინიქსი დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში (4:2), სადაც დალას მავერიკსთან დუელები ელოდება.

თავისი სერია ლუკა დონჩიჩის გუნდმაც 4:2 მოიგო - დალასელებმა მეექვსე მატჩში იუტა ჯაზი 98:96 დაამარცხეს. სლოვენიელმა 24 ქულა ჩააგდო, 9 მოხსნა გააკეთა და 8 ასისტიც ჰქონდა. თუმცა გადამწყვეტ მომენტში არა ის, არამედ ჯეილენ ბრანსონი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე: მავსი 93:94-ს აგებდა, როცა ბოლო 5 ქულა გუნდს სწორედ ბრანსონმა მოუტანა.


NBA-ს პლეი ოფის მეორე წრეშია ფილადელფიაც. სიქსერსი ტორონტოს თავიდან 3:0-ს უგებდა, რის შემდეგაც რეპტორსმა ორი თამაში მოიგო და სერია ისევ დაიძაბა, მაგრამ ჯოელ ემბიიდმა და კომპანიამ მეშვიდე თამაში აღარ დაუშვეს და მეექვსე შეხვედრაში მეტოქე 132:97 გაანადგურეს. შედეგად, 4:2 ფილას სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი თანაბარი ბრძოლა იყო (62:61 სიქსერსის სასარგებლოდ), მაგრამ მეორე ნახევარში ფილადელფიამ ბრწყინვალე თამაში აჩვენა, 70 ქულა ჩააგდო და ტორონტოს მეშვიდე მატჩის შანსი არ დაუტოვა. საუკეთესო ემბიიდი გახლდათ 33 ქულით, ტაირიზ მაქსიმ 25 ქულა მიითვალა, ჯეიმს ჰარდენმა კი - 22.

აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ფილადელფიას ძალიან მაგარ ფორმაში მყოფი მაიამი ჰიტი ელოდება, რომელმაც პირველ წრეში ტრეი იანგის ატლანტა 4:1 გაანადგურა.

კომენტარები

ბოლო ამბები