Thumbnail
  • 'მას იგივე სკაუტები ლობირებენ, რომელთაც ადრე გუნდში ჩისკო მუნიოსი მიიყვანეს'
  • Watfordobserver-ის ინფორმაციით, ინგლისურ კლუბში სამ კანდიდატურას განიხილავენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, შესაძლოა, ინგლისური უოტფორდის თავკაცად დაინიშნოს. ამ ინფორმაციას Watfordobserver ავრცელებს, რომელიც სამ შესაძლო კანდიდატზე წერს და მათ შორის კვიპროსში მომუშავე ქართველ სპეციალისტსაც ახსენებს.

“უოტფორდი კლუბის ისტორიაში ახალი თავის დასაწყებად ემზადება და ამისთვის მწვრთნელის ძიებაშია. გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში კლუბს როი ჰოჯსონი დატოვებს, ახალ მწვრთნელს კი საქმის დაწყება ჩემპიონშიპიდან მოუწევს, რადგანაც უოტფორდის პრემიერლიგაში დარჩენის შანსი ძალიან მცირეა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში კლუბში მოულოდნელად გამოჩნდნენ კიკე სანჩეს ფლორესი, ვლადიმირ ივიჩი და ჩისკო მუნიოსი, თუ ვიზე შეაჩერებს ამჯერად ყურადღებას უოტფორდის ხელმძღვანელობა, ძნელი სათქმელია, თუმცა, გარკვეული ვარაუდების გამოთქმა შესაძლებელია.

არის 3 კანდიდატი, რომლებსაც უოტფორდელები ბოლო წლებია აკვირდებიან და დიდი ალბათობით, არჩევანსაც მათ შორის გააკეთებენ. პირველი მათგანი ესპანელი დიეგო მარტინესია, ოსასუნასა და გრანადას ყოფილი დამრიგებელი, რომელსაც ინგლისური კლუბის მფლობელი პოცოების ოჯახთან ნაცნობობა აკავშირებს. სიაში შემდეგი ფაბიო კანავაროა, რომელთან მოლაპარაკება ადრეც მიმდინარეობდა, თუმცა, იტალიელის მინუსად ის ითვლება, რომ მხოლოდ ჩინურ კლუბებში უმუშავია.

და მე-3 კანდიდატი – ქართველი თემურ ქეცბაია. ნიუკასლის ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად ფამაგუსტას ანორთოსისს წვრთნის და მას მერე, რაც საჭირო გამოცდილება მიიღო, დიდი სურვილი აქვს ძალები ინგლისში სცადოს. ამის შესახებ მასთან დაახლოებული წყარო იტყობინება. 

ქეცბაიას საბერძნეთში ოლიმპიაკოსსა და აეკ-ში უმუშავია, ხელმძღვანელობდა საქართველოს ნაკრებს, ყველაზე დიდ წარმატებას კი მაინც კვიპროსში მიაღწია. ქეცბაიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ათამაშა ანორთოსისი და ეს, კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მოვლენა იყო. როგორც ირკვევა, უოტფორდში ქართველი სპეციალისტის კანდიდატურას იგივე სკაუტები ლობირებენ, რომელთაც თავის დროზე გუნდში ჩისკო მუნიოსი მიიყვანეს”.

ჩისკო მუნიოსმა უოტფორდი პრემიერლიგაში დააბრუნა, თუმცა, კლუბიდან მაინც გაუშვეს

ცნობისთვის, უოტფორდს 33 ტურში 22 ქულა აქვს და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა. კლუბი უსაფრთხო ზონაში მყოფ ბარნლის 9 ქულით ჩამორჩება და ნათელია, რომ დარჩენილ 5 ტურში ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან გაუჭირდება, ამდენად, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში უნდა ველოდეთ.

საინტერესოა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში გუნდს უკვე 6 მწვრთნელი ჰყავდა, მათ შორის კი, დინამო თბილისის ექს-თავკაცი ჩისკო მუნიოსიც გახლდათ. უოტფორდი პრემიერლიგაში სწორედ მან დააბრუნა და საერთო ჯამში, 36-დან 21 მატჩი მოიგო, თუმცა, 2021 წლის ოქტომბერში მაინც კარისკენ მიუთითეს.

რაც შეეხება ქეცბაიას, ის ანორთოსისში მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2004-2009 წლებშიც მუშაობდა და მაშინ ორჯერ გახდა კვიპროსის ჩემპიონი, თითოჯერ კი – თასისა და სუპერთასის მფლობელი. თემური კლუბს 2019 წელს დაუბრუნდა, პირველ სეზონში ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გაიყვანა, ხოლო შარშან თასი მოაგებინა (პირველი ტიტული 2008 წლის მერე). ქეცბაიას ფამაგუსტელებთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები